სიბნელეშია დაგეშილი შენი ნერვები
და კვერცხის გულებს შეგაჩვიეს ხორცის მაგიერ,
ტყავის თათმანზე შემომჯდარი გასცქერი სივრცეს,
მრავალჟამიერ,
          მრავალჟამიერ!
ო, რა თვალები _ წყვილი შავი სწრაფი შურდული,
არც გელოვანი, არც აფხაზი და არც ბურდული…
და მაინც, ასე შემართული, ხარ ფრთაგაშლილი,
მოინადირებ ამ სამყაროს ევას ვაშლივით.
შენ და ხარ ჩემი,
უარჰყავი კვერცხის გულები,
მეც მხიბლავს სივრცე, არ მაშინებს დაკარგულები.
მოდი, დავიძრათ, ვინ-ვის?!.. მიზანს არ ავაცილოთ;
შენ სახლობ ჩემში და მე შენში _ ჩემო ნაწილო!
ვიფრინოთ მზისკენ,
თუმცა მზემდე მიდის ვერავინ,
მაგრამ გზად მაინც აგვცილდება
მავნე მზვერავი.
ვიფრინოთ მზეშიც, ქარშიც, თოვლშიც, უკუნ ღამეშიც…
მთავარია, რომ ვერ გაგვაბან ვერსად მახეში
და სწრაფად, თუნდაც გულის ძგერის ხმა ჰგავდეს ზარებს,
ზრიალსაც ჰგავდეს, ჰგავდეს ზრიალს,
თუნდაც წამიერს,
მრავალჟამიერ, ჩემო დაო!
მრავალჟამიერ!

 

 

2009 წ.

დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)

ერი შენ გიმზერს _
საქართველოს “მზეს”,
შირაზის თავზე გასკდება მეხი,
მრისხანე ზეცა მოიყრის ღრუბლებს
და უფლის ჯვარი აისახება,
მთას და ცას შორის გაჩენილ ზღურბლზე.
გულგაპობილი დღეს შენ კი არა _
გულგაგლეჯილი იყო ირანი
და ისტორიის სასტიკი სკიპტრა
მოსპე, იმედით მოსპე ტირანი.
დედოფალო! ბრიალებდა დიდი ცეცხლი,
ქალღმერთივით დაამშვენე ზეცა,
შაჰ-აბასი, “დალეწილი” შაჰ-აბასი,
მერე ჯალათს შეშლილივით ეცა.
დედოფალო! ბრიალებდა დიდი ცეცხლი,
შენს თვალებშიც ცეცხლის შუქი კრთოდა,
შაჰ-აბასის დამშეული გამოხედვა _
შენი ტანის სითეთრეზე ბოდვა…
ო, ქეთევან! ერთი სიტყვით დაამარცხე,
ურჯულოთა შლეგიანი ვნება,
ღმერთო, იყოს მისი ერის ძლიერება,
საქართველოს დედოფალის ნება!
2008 წ.
დაბ. ჟურნალში “ჩვენი მწერლობა” და წიგნში “მზე და ღრუბელი”