ბროწეულის ხეს უგიზგიზებს ხელზე მარჯნები,
ულამაზესი ახალ მთვარეს ჩაუთქვამს სურვილს,
ზედ წამოუსხამს შიშველ მკლავზე მწვანე ფარჩები
და ცეკვა-ცეკვით ამწვანებულ ბალახებს უვლის.
გასაშტერებლად ლამაზია ყვავილი იგი,
ო, საკოცნელად ნაზია და სასიყვარულო,
ხომ ხედავ, როგორ აზეიმებს ოცნებას კვირტი,
შენც გამობრწყინდი, სიხარულო, ჩემთვის ფარულო!
ტრიალებს მიწა, თავბრუს მახვევს ვით სიყვარული,
ხელებგაშლილი წყაროს თავთან მწყურვალი ვდგევარ,
აცეცხლებული, მოცეკვავე და მხიარული,
ჭყიტ! ბროწეულის ყვავილი ვარ...
მე განა მე ვარ.
1994.
გამოქვეყნებულია ჟურნალში `ცისკარი~ და კრებულში `თოვლივით თეთრი მწუხარება~