***(მზე გადმოგორდა)

მზე გადმოგორდა
უფლის უბიდან,
ეს ცეცხლის ბურთი ცაში გაჭრილი...           
ქრიან ქარები და ქარიშხლები,
საუბედუროდ, ფაფარაშლილი...  
თენდება ისე, როგორც არ მინდა
და დაღამდება ვიცი უმთვაროდ...
ჩამომიტანე ერთი ვარსკვლავი,            
ვაჟას მთებიდან ქალო _ გულქანო!
მასკდება ცრემლი თვალზე ბროლივით,
თეთრი გვირილა ისე გიზგიზებს,
ცეცხლივით გული გადმოუგდია
მოსაფერებლად, ყველა გზის პირზე.
ნეტავი ახლა წყაროს პირს ვიჯდე,
ვიყო ბავშვი და ვწნავდე გვირგვინებს,
აუ, რამდენი გელაპარაკე,
ცისარტყელებზე როგორ ვირბინეთ?!
მზე გადმოგორდა
უფლის უბიდან _
ბზრიალებს ცეცხლი ცაში გაჭრილი...
ქრიან ქარები და ქარიშხლები,
საუბედუროდ, ფაფარაშლილი.

გამოქვეყნებულია ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2015წ. N2