***(დღეს სიცივეა)

                                   * * *                                         
დღეს სიცივეა, ქარმა ლამის ფრთა დაიმტვრიოს,
ისე გულფიცხად შემოასკდა სახლის სახურავს,
გუშინ კი ცრიდა, შენ მითხარი: ხომ დამიცდიო?
მიდი ჭიქაში ჩამოასხი ერთი, კახურად!
ცოტა მოვწრუპოთ, თეთრი ღვინო უნდა გადავკრა,
რომ შავი ფიქრი ავიცილო თუნდაც საათით,
რას დაძრწის ქარი, საღამოხანს, ასე კარდაკარ,
შენც რას დადიხარ ამ ქუჩებში, ტაატ-ტაატით?!
რა მჭირს თუ იცი, ამ განწყობას რა ჰქვია ნეტავ,
რომ არ მადარდებს არც ღალატი, აღარც ტკივილი?!
ტირილი ისევ შემიძლია მე ჩემდა ბედად,
მოძულებული, უალერსო, სუსტი ჩვილივით.
გადასკდა ზეცა, ელვისაგან შუაზე წითლად,
როგორც ხის ძირში ბროწეული გადაპობილი;
ნუ გეშინია, არ გამქრალა ზეცა და მიწა,
ვერ იზეიმებს ბოროტების სუსტი ძმობილი.
დევს მოხატული ხილით სავსე ლანგარი დიდი...
დგას, გიცდის, ჩემი ძველებური მრგვალი მაგიდა,
მგონი მეშველა, მგონი გავხდი ზედმეტად მშვიდი
და სულერთია, რას გავიგებ სხვისი ბაგიდან.

გამოქვეყნებულია ჟურ. „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2015წ.