თებერვლის ღამე თბილისში
ცას აუნთია ყველა ვარსკვლავი,
თებერვლის ღამეს კალთა უბრწყინავს,
ნაბიჯს მითვლიდა ექო მთასავით,
წინ ჩავუარე სეტერს უწყინარს.
აქ არასოდეს გავიყინები...
ვუმზერდი სახლებს, ქუჩის რეკლამებს
და ვიტრინების დიდი მინები,
ჩუმად ყველაფერს აირეკლავდნენ.
ნეტა ეს ღამე ვის გულში სახლობს, _
ფიცის გამტეხი ქალის გადია?
ვარსკვლავს მივყვები მეც შორი-ახლოს
და სულ ეს არის, რაც მაბადია.
გამოქვეყნებულია ჟურ. „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2015წ N2