სიზმარ სიზმარ

 სიზმარ სიზმარ ...

თეთრ პეპელას დავდევ, მაგრამ...
ღამე პეპლებს არ იჭერენ,
ცხრაკლიტულში ჩამსვეს თორემ,
შენ მიყვარდი, დამიჯერე!
სიზმარ, სიზმარ დაგეძებდი,
ვლოცულობდი ყოველ ცისკარს,
ცხოვრებაზე ვერ გაგცვალე,
გიზოგავდი მისხალ, მისხალ.
ოცნებაში გამოგკეტე,
მაგრამ ფრთები მაინც შეგვრჩა,
კარგი იყო; სინამდვილე
თუ არ შემჭამს ბედად ჩემდა.
თუ რამ იყო, ან არ იყო,
ჩემი იყო, იყო წრფელი,
გულზე ელვასავით მეცა,
რა ყოფილა ეს „სოფელი“?
თეთრ პეპელას დავდევ მაგრამ,
ღამე პეპლებს არ იჭერენ,
მე თვითონაც ვერ გავიგე
ვერაფერი, დამიჯერე!
არაფერი არ დაშავდა,
ან რა იყო, ამის მერე?!
მთები ისევ დარჩა მთებად,
ღელე ისევ დარჩა ღელედ.

   გამოქვეყნებულია „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2015წ. N2