***(რა სიჩუმეა)

 

რა სიჩუმეა მაყვლოვანში, ირწევა ტოტი

და ბუჩქზე ჩიტი შემომჯდარა  წითელნისკარტა,

სამთავროს ეზოს მოსდებია მლოცველი ხალხი,

გაისმა ზარი; შუადღეა... შუქმა იმატა.

უფალო, ხომ აქ გააბრწყინა სახელი შენი

და შორი გზიდან მომავალმა რწმენა განფინა!

მოხვედი ლოცვით, ღმრთისმშობელის სიზმრად მნახველი,

მოხვედი, ზეცის საპატარძლო ძველი ზღაპრიდან;

სული წმიდისა ქნარო ნინოევედრე ღმერთსა

და უფლისმიერ შეწევნასა ჩვენსა, მოხედე!

რადგან ლხენიდან, ხორციელი ტკბობის კარამდე,

აღარ შემოგვრჩეს შეიძლება გულით მოკეთე.

ააგიზგიზე  გაიანეს, რიფსიმეს გულში

რწმენა, ქალწულთა წამებული გუნდიც იხილე!

მათი სულები ისე ნაზად აენთებიან,

როგორც ნიავი ეფერება დილით ღიღილებს.

ფარავნის ტბამდე, შენი თმებით შეკრული ჯვარით,

მოხვედი: ფიქრით, სინანულით, დარდით, სურვილით,

მცხეთელი მწყემსი მიგასწავლის საით იარო და

ურბნისამდე ტანჯვით ჩახვალ თმადაბურვილი.

წმინდაო, ნინო! რა ვედრებით, მხურვალე ლოცვ,

ამსხვრევდი კერპებს და აჩენდი სეტყვის მდინარეს,

თავად კი, როგორც აღერილი ყვავილი თეთრი,

იდექი ლაღად და მორჩილად თვალებმღიმარე.

ზის დედოფალი შენს წინაშე და ლოცვას სწავლობს,

შესცქერის ნანას მთელი ერი და უსმენს მეფეც;

გაუჩინარდნენ საქართველოს ცაზე ღრუბლები,

გამთენიამდე ვარსკვლავებიც ოცნებებს კრეფენ.

რა სიჩუმეა მაყვლოვანში?! აყვავდა ბუჩქი

და ზედ კი, ჩიტი შემომჯდარა, წითელნისკარტა,

სამთავროს ეზოს მოსდებია მლოცველი ხალხი,

გაისმა ზარიც. შეადღეა... შუქმა იმატა.

 

გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცისკარში“ 2015წ N7