შეეწირები ყვავილი ნაყოფს
ტყემლის ყვავილის თეთრი გვირგვინი,
როგორც პეპელა ისე ფარფატებს,
გაიძარცვება ხე მომღერალი,
დაემსგავსება ბავშვის ნახატებს...
რას ფიქრობ ნეტა, პატარძალივით,
თეთრად რომ გვმოსავს აპრილის ღამე?!
როცა ყველა ხის გესმის ძახილი...
ანდა მდინარე დახაზავს ღარებს.,
როცა ნაყოფი ჯერ არ მოგისხამს
სავსე ხარ ზრუნვით და ნეტარებით...
რას ფიქრობ ნეტა, დრო რას მოგიტანს?
ჩიტებს ალერსით წაეტანები...
და ჟღურტულებენ შენს მხრებზე, ტანზე,
ბეღურები და გულწითელები...
შემოგნატრიან ალვის ხეები,
წიფლის ხეები, მუხა-თელები.
შენ ალბათ ფიქრობ, რომ გაზაფხულმა,
ტახტზე დაგსვა და გიწოდა მზის ხე
და სულ ვერ ამჩნევ მაისის ნიავს,
შენს გაქურდვას რომ ჩუმჩუმად იწყებს...
თეთრი ყვავილი ფრიალებს, გოდებს
და უსასრულო სამყაროს ერწყმის
მერე ნაყოფი აგივსებს ტოტებს
და არ იქნები სხვასავით ბერწი.
შეეწირები ყვავილი ნაყოფს,
ეს იყო შენი სიცოცხლის აზრი
და შემოდგამენ მერე ტყემლებით
სავსე კალათებს დახლებზე ბაზრის.
ასე მოკვდება ოცნება ქარში
და სილამაზე ფულზე გაცვლილი...
წამოვა სეტყვა - ვაგნერის მარში...
და დასრულდება რაც გაქვს განცდილი.
2018.