ნაწვიმარ მოლზე ხელები რკალად,
თავს ზემოთ ნაზად შემოგიწყვია,
მზე მოგწონს კაცის ალერსის დარად
და შიშველ მუხლზე გიზის ნიბლია.
შენს ფეხებს შუა იების ბუჩქი,
დალალიც ლურჯად ნაპატიები,
გაბრუებული ეგ ქვედა ტუჩი,
სხეული სავსე ცხელებ-ციებით;
არც ჰერმესი და აგამემნონი,
თუმც, ვენერაა შენი ნათლია...
სხეულში გიზის შლეგი დემონი,
გაეცი „სიბრძნე“, რადგან მადლია;
ქარიშხლიანი ქალღმერთის დარად,
არ გყავს დიდებულ გრძნობის ვასალი,
ნაცნობ-უცნობი ეჭვი გჭამს მარად,
ლოკი სჯობდა თუ ურჩი ლასალი?!
იღვიძებს მთვარე, როცა მზეს სძინავს,
ძირს, განთიადზე მამლის დეზები!
დაიბადება ყრმა, პაწაწინა,
გაცოცხლდებიან ძველი ფესვები.
კლდეს მოსწყდა ლოდი, მოხტის მდელოზე,
ბორგავს სამყარო და სიზმრად ხედავს:
სხეულს, რომელსაც უნდა ელოდე,
იმ ქალს, რომელიც გახდება დედა.