ემილი დიკინსონი - უცნობი და ახლობელი

(რამდენიმე შტრიხი პოეტის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან)

 

სიცოცხლის მთელი სიხარული შემოქმედებაშია. ქმნიდე, ნიშნავს მოკლა სიკვდილი _ წერდა რომენ როლანი. ქმნიდე, უეჭველია და არავისთვის არის უცხო, რომ ნიშნავს აზროვნებდე; სხვაზე მეტად გტკიოდეს და გესმოდეს ამ წუთისოფლის წვრილმან საზრუნავთა ამაოება. ქმნიდე, ნიშნავს იტანჯებოდე ქვეყნისა და მოყვასთა ტკივილის, დაჩოქებული და გათელილი გულისხმიერების გამო. ქმნიდე, ნიშნავს ოცნებასა და რეალობას შორის, მეხსიერებაში გარინდულ ფიქრს ბავშვივით ზრდიდე, რომელიც სულიდან ყველაზე მნიშვნელოვან ნაპერწკალს ისესხებს და მერე ცეცხლივით აინთება. ქმნიდე, ნიშნავს იწვოდე.

მწერლის კალამმა იტვირთა სულისა და გონების მოძრაობის, დასაშვები და დაშვებული რეალობის ასახვა მხატვრული მეტყველების საშუალებით. პოეზია და მშვენიერება იდენტურ ცნებებადაც კი არის მიჩნეული ხელოვნების მოყვარულთათვის. სანამ რომელიმე მწერლის სულში ჩახედვას ვეცდებით და მისი შემოქმედების მხატვრულ-ესთეტიკურ  ან იდეურ მხარეს შევეხებით, გავიხსენოთ, რომ ლიტერატურათმცოდნეობა მოწოდებულია თანამედროვეობის პოზიციიდან შეაფასოს თავისი კვლევის ობიექტი; ისიც ცნობილია, რომ ამ შეფასებისას, ბევრი რამ, საზოგადოებრივი გემოვნების გათვალისწინებითა და ცალკეულ კრიტიკოსთა მიერ, ინდივიდუალურ და ობიექტურ მოტივთა ნაირსახოვნებით არის განპირობებული. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისათვის, მკვლევარის მიერ ნაწარმოების სუბიექტური აღქმა და  თანაგანცდა შემოქმედის ემოციებისა, ალბათ, უფრო საინტერესოც უნდა იყოს, ვიდრე დაკანონებული შეხედულებები. ის, რაც ნამდვილად ფასეულია, მარად თანამედროვეა; ამიტომაც, ჭეშმარიტი პოეზია ყოველთვის ტოვებს ხელახალი წაკითხვისა და გააზრებისათვის მზაობის სურვილს.

ემილი დიკინსონს, სულ რამდენიმე პოეტთან ერთად(ედგარ პო, უოლტ უიტმენი, ლონგფელო...) მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა ამერიკული მხატვრული აზროვნებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში. დაიბადა 1830 წელს, ქალაქ ამჰერსტში, მასაჩუსეტსის შტატში. აქვე იცხოვრა  და გარდაიცვალა 1886 წელს. ხელმოუწერელ ნეკროლოგში, პოეტს, უცნობმა მარგალიტის ნიჟარაში გამომწყვდეული ცეცხლოვანი სული უწოდა. ეს მეტაფრაზისი იმიტომ მოგვაგონდა, რომ ამ სიტყვების ავტორი, პოეტის, ერთი შეხედვით უმოძრაო ყოფის მიღმა, ენერგიით და ემოციებით სავსე, აფორიაქბულ სიცოცხლეს ხედავს. ამის დასტური მსოფლიო ლიტერატურისთვის ემილი დიკინსონის გარდაცვალების შემდეგ გახდა საცნობი. საგულისხმოა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თავისი განმარტოებული ცხოვრების წესის გამო, როგორც მიჩნეულია, პოეტს არავითარი საერთო არ ჰქონია მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან; უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვერც ერთმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ ვერ მოახდინა ზეგავლენა მის პოეზიაში ლექსიკურ-ფორმობრივ თავისებურებასა და ფსიქოლოგიურ-ანალიტიკურ, ბრძნულ აზროვნებაზე. დიკინსონის შემოქმედებაში არ ასახულა არც იმ პერიოდში არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული თუ პოლიტიკური ყოფის საკითხები. პოეტი  საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობით არის დაკავებული.  მისი შემოქმედება ფილოსოფიური და მეტაფიზიკური ვარიაციებია; ნოვატორია პოეზიაში და ნაწილობრივ წინასწარმეტყველიც. ბუნება, ღმერთი, სიკვდილი და სიყვარული მისთვის ყველაზე საინტერესო მოვლენები და ძირითადი  თემებია.

 

მე დრო არ მყოფნის სიძულვილისთვის,

რადგან სიკვდილი, ვიცი, ანაზდად

მომაშთობს სადღაც და მაშინ მტრობას,

ვეღარ მოვასწრებ მთელ ქვეყანასთან.

 

არც სიყვარულის დრო მყოფნის, მაგრამ

რაკი ნიადაგ უნდა შრომობდე,

მე სიყვარულის ყველაზე მცირე

გარჯაც ჩამითრევს, ალბათ, ბოლომდე.   (დიკინსონი, მთარგმნელი გ. ნიშნიანიძე, 2005: 65)

 

თარგმანში ყურადღება არ ექცევა პოეტის დამოკიდებულებას სასვენი ნიშნების მიმართ. ემილი დიკინსონი ტირეს იყენებს მძიმისა და ზოგჯერ წერტილის ნაცვლადაც კი. მისი ლექსები უსათაუროა; დიდი ასოთი წერს სტრიქონის პირველ და ყველა იმ სიტყვას, რომელსაც, პოეტის აზრით, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. ამგვარი ხერხით არის მის შემოქმედებაში ხაზგასმული ინტონაციური მახვილიც და არსიც; ვხვდებით რეტარდაციასაც. დიკინსონი ატარებს ენობრივ ექსპერიმენტებს, არღვევს სიტყვათა შეთანხმების წესს. ერთ-ერთი მკვლევარის დაკვირვებით,  რითმებსაც უგულისყუროდ ეპყრობა. ხან პირველ სამ სტრიქონს საუკეთესოდ რითმავს და დანარჩენს ყურადღებას არ აქცევს, ხან საგანგებოდ იყენებს ცუდ რითმებს. მან უგულვებელყო ზუსტი რითმა, იმიტომ კი არა, რომ ეზარებოდა შრომა და ფიქრი, არამედ იმიტომ, რომ ზუსტი რითმები, მისი აზრით, შემოქმედის შინაგანი სამყაროს კონსერვატულობას ადასტურებდნენ. ის ზუსტ რითმებს პროზას უწოდებდა და კარგად გარითმულ ლექსებს _ რითმების მონებს(ვაილდერი). მკვლევარისა და დიკინსონის აზრი ბევრი შემოქმედისათვის შეიძლება მიუღებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ პოეტი მხოლოდ საკუთარი შემოქმედების სამრეკვლოდან გვესაუბრება და იქ, ნამდვილად, თავად უკეთ იცის რა ურჩევნია.        

ემილი დიკინსონის პოეზია ტრაგიკული ადამიანის მიერ დაწერილი სტრიქონებია. ის მთელ სამყაროს ეკუთვნის. მასში აისახება სულისმიერი კატასტროფები, სიმარტოვის შიში, ადამიანთა შორის გაუგებრობის შედეგად გაჩენილი საშინელი სევდა. იქნებ, სწორედ ამგვარმა ტკივილებმა   აიძულა პოეტი უარი ეთქვა ხალხთან ურთიერთობაზე და მხოლოდ მიმოწერის საშუალებით  დაკავშირებოდა მათ. ერთ-ერთი ლიტერატორი და გამომცემელი, რომელთანაც ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდა ჰიგინსონია. ემილი სწორდ მის აზრებს ანიჭებდა უპირატესობას თავისი შემოქმედების შესახებ. რედაქტორს არ ეყო გამბედაობა და, ალბათ, არც ნიჭი, ბოლომდე გამოეცნო მეგობრის ტალანტი და მის ხელთ არსებული ლექსები ავტორის სიცოცხლეში ეღიარებინა ან დაებეჭდა. შემაცბუნებელი იყო მისი სტილი _ რაღაც თამაშის მსგავსი _ ყოველდღიურობისა და მარადიულობის ერთ სიბრტყეზე დაყენება... მკითხველისათვის მოულოდნელი შედარებების გამოყენება, ახალი, მკითხველისათვის უჩვეულო სისტემა მხატვრული სახეებისა... სრულიად მოულოდნელი, შეუდარებელი მეტაფორები და ეპითეტებით(მაგალითად, ბანქოს გამშლელი ღმერთი, ანდა სატრფოს წასვლა, აღწერილი როგორც მათემატიკური მოქმედება _ გამოკლება), არაზუსტი რითმები...(კობაიძე 2005: 11). ემილი დიკინსონმა, როცა მოკრძალებული კითხვით  მიმართა რედაქტორს _ ცოცხლობდა თუ არა მისი პოეზია _ საპასუხო ბარათით, მართლწერის შესახებ მის მიერ გამოთქმული შენიშვნები მიიღო. პოეტი მაინც გულითად მიმოწერას აგრძელებდა ჰიგინსონთან და წერილებში არსად ჩანს მისი გულისტკივილი დაუბეჭდავი ლექსების გამო; მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ასეთ მგრძნობიარე, მოკრძალებული, მარტოსული და ღრმა განცდების მქონე პიროვნების განწყობილებაზე ამას უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ პოეტს მიმოწერა ჰქონდა სამუელ ბოულზთან. მან გამოაქვეყნა ლიტერატურული წერილი, სადაც მოიხსენია `მარტოხელა ქალის ავადმყოფური პოეზია~. დიკინსონმა ეს მძიმდ განიცადა; თუმცა, არც მასთან შეუწყვეტია ურთიერთობა. თუ ვინმეს გამოუცდია რამხელა სიხარულია, როცა გეგულება ადამიანი, ვისაც გულს გადაუშლი და ენდობი, ადვილად მიხვდება რა მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მისგან მოყენებული ამგვარი ჭრილობა. ამან შეიძლება სული მოგიწამლოს და სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს.

პოეტს განუხორციელებელი და უიღბლო სიყვარულის ტკივილებიც არ მოჰკლებია. მისი შემოქმედების შთაგონების ერთ-ერთი წყარო მოძღვარი უოდსვორთი იყო. მასთან განშორებაც (სამუშაოს გამო ის სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად) და ამ პიროვნების გარდაცვალებაც ემთხვევა იმ წლებს, როცა ემილიმ საბოლოოდ გამოიკეტა თავისი სახლის კარი და მთლიანად შემოქმედებას უძღვნა დარჩენილი სიცოცხლე.

 

რა პატარაა კუბო,

სამეფო მტკიცე საზღვრებით,

სამოთხის მოქალაქენი

ამ სივიწროვეს არ გრძნობენ.

...........................................……………

და თუ ერთადერთ მეგობარს

ანდობ პაწია მღვიმეს _

ნუ ელი სულის სიმშვიდეს _

და ნურც სიახლის იმედს.    (დიკინსონი, მთარგმნელი დ. ინწკირველი, 1981: 25)

  

ქალი, რომლის პოეზიაც ყველაზე ხშირად სიკვდილსა და სიყვარულს დასტრიალებდა, რა გასაკვირია, რომ ადვილად ვერ გადაიტანდა, თუნდაც წარმოსახვითი, მიუწვდომელი ადამიანის დაკარგვას. მკვლევართა და ემილი დიკინსონის თანამედროვეთა აზრით, ისინი ორჯერ თუ სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს; მხოლოდ  მიმოწერა ასულდგმულებდა პოეტის შთაგონებას. ვფიქრობ, ამგვარი ფაქტი და განსაკუთრებით ამგვარ შემთხვევაში, მნიშვნელოვან დასკვნას ვერ გაგვაკეთებინებს გრძნობათა სიმძაფრისა და სიძლიერის შესახებ. აქ მთავარია პიროვნული ფაქტორი. მთავარია, როგორ პიროვნებას უყვარდა ან, თუნდაც, ეგონა, რომ უყვარდა, ეგ სულერთია. იქნებ, როცა ადამიანისგან ხელშესახებს ვერაფერს ღებულობ, ვერც თავად ეხები, არც ელი, რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება და მაინც გიყვარს, ესაა სწორედ სიყვარული... ვინ იცის?! ყველაზე დიდი ადამიანური დღესასწაული სასიცოცხლო ენერგიაა და ის ქაღალდზე დაწერილი ბარათებით გასულდგმულებს თუ ათ მემკვიდრეს შეგძენს, რა მნიშვნელობა აქვს ემილი დიკინსონის მსგავსი ემოციური,  მოაზროვნე და გონიერი პიროვნებისთვის. პოეტის ტრაგედია, რაღა თქმა უნდა, აისახა მის შემოქმედებაშიც. 1861 წელს ან შემდგომ შექმნილი ლექსები განსაკუთრებული ტრაგიზმით გამოირჩევა. ამ თარიღიდან იწყება მისთვის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდიც. მის პოეზიაში სჭარბობს სიტყვები: გოლგოთა, დასაფლავების დღე, სიბნელე. პოეტი სიტყვას დიდ ტრაგედიას უწოდებს. ის ფიქრობს, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს, ამ უდიდეს გიგანტებს სძინავთ, ხოლო წვრილფეხა ამბები კი, ბრმა შემთხვევების იმედად წარმართავენ ყველაფერს.                                                     

ემილი დიკინსონი უძლიერესი ხასიათისა და უფაქიზესი გრძნობების პიროვნებაა. ვერ აიტანა ამდენი ჭრილობა მისმა გულმა; ხასიათმა კი მისცა შესაძლებლობა, თეთრი ხელთათმანი გადაეგდო მთელი ქვეყნისთვის და დუელში გამოიწვია იგი; მაინც ვეღარავინ დაჭრიდა... ისეთ საფარველში გაეხვია, ისეთი ფარი აიფარა, რომლის გაკვეთაც სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ შეძლო.                     

1862 წლის შემდეგ პოეტი მამისეული კარ-მიდამოდან თითქმის აღარ გამოდიოდა. ის ხშირად ტკბილეულით სავსე კალათს ჩამოუშვებდა ხოლმე ბავშვებისათვის თავისი სახლის ფანჯრიდან ისე, რომ მხოლოდ ხელები მოუჩანდა. მის სახეს კი ვერავინ ხედავდა. მოსულ სტუმარსაც სხვა ოთხიდან ესაუბრებოდა. მუდამ თეთრი სამოსი ეცვა. მოსცილდა ამ უხეშ რეალობას და თავად იცავდა საკუთარ სულიერ სამყაროს, ქვეყნად გამეფებული უხეშობისგან.

  უცხო თვალისათვის იყო გარემოს გარიდებული, ჩაკეტილი ადამიანი. ადგილობრივი მცხოვრებლები ექსცენტრიულ ქალსაც კი უწოდებდნენ. სიცოცხლეში ბევრი უღირსი რამ უსაფუძვლოდ დასწამეს, მაგრამ მის გულში დაგუბებული ცეცხლი დღესაც ათბობს მკითხველს და შვენის ისტორიას. გასაჭირის დროს მისი პოეზია გვაგრძნობინებს, რომ არ ვართ მარტონი, რომ შეიძლება ტკივილს გაუძლო ისე, რომ მოთქმა არავის ესმოდეს; მიუხედავად მძიმე ნერვიული დაავადებისა, არ ეშინოდა სიკვდილის, რადგან სიცოცხლეშივე დაამარცხა ის. ამიტომ საუბრობს ასე თავისუფლად უკვდავებაზეც:

 

რადგან მე სიკვდილს ვერ დავუცდიდი _

თვითონ მელოდა აუჩქარებლად.

ჩემთან შეჩერდაეტლში ჩავსხედით

მხოლოდ ჩვენ ორნი და უკვდავება.

 

ნელა წავედით _ ის არ ჩქარობდა

და მექცეოდა ისე თავაზით,

რომ ყველა საქმე და უსაქმობა

მისი გულისთვის განზე გადავდე _   (დიკინსონი, მთარგმნელი მ. კობაიძე, 2005: 37)

 

ემილი დიკინსონის შემოქმედება დღემდე გვავსებს იმ ენერგიით, რაც აუცილებელია მოაზროვნე ადამიანის სულისათვის; მაგრამ რა დაუტოვა ქვეყანას იმ კაცმა, რომელიც მის გვერდით მოფუსფუსე და ყოველდღიური ყოფით გართული, დაფასებული და მისაღები იყო საზოგადოებისათვის?!           

სიტყვა აქტივობა საკმაოდ ორაზროვანია. თანამედროვეს გაგებით, სიტყვა აქტივობა ჩვეულებრივ გულისხმობს ქმედებას, რომელიც გარკვეული ენერგიის დახარჯვის გზით იწვევს ცვლილებას არსებულ გარემოში. ამდენად, ადამიანი აქტიურად ითვლება, თუკი იგი დაკავებულია ბუნებით, ეუფლება მედიცინას, მუშაობს კონვეიერზე, ამზადებს მაგიდებს ან მისდევს სპორტს. თითოეულ ამ აქტივობას საერთო აქვს ის, რომ ყველა ისინი მიმართულია გარეგანი მზაობისაკენ; მაგრამ, რატომღაც არავინ ითვალისწინებს აქტივობის მოტივს. მაგალითისთვის განვიხილოთ ადამიანი, რომელსაც საფრთხისა და სიმარტოვის ძლიერი განცდა აიძულებს შეუსვენებლივ იმუშაოს; ან, ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს პატივმოყვარეობა თუ ფულის სიყვარული. ყველა ამ შემთხვევაში, პიროვნება ვნების მონაა და მისი აქტივობა სინამდვილეში პასიურობაა, რადგან იგი იძულებულია ასე მოიქცეს, იგი მსხვერპლია და არა აქტიორი. მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც მშვიდად ზის, ჭვრეტს, რომელსაც არავითარი სხვა მიზანი არ გააჩნია, გარდა საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და მისი სამყაროსთან ერთობის გაცნობიერებისა _ პასიურადაა მიჩნეული, რადგან იგი არაფერს აკეთებს“, სინამდვილეში კონცენტრირებული მედიტაციის, ჭვრეტის ამგვარი მდგომარეობა, უმაღლესი დონის აქტივობაა. ეს არის სულის აქტივობა, რომელიც მხოლოდ შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პირობებში მიიღწევა(ფრომი, 1991: 273). ხშირად სწორედ ასე მოაზროვნე პიროვნებები სძენენ სამყაროს განსაკუთრებულ ხიბლს. მათი ფიქრები ამ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის რთულ პროცესს შერწყმია. მათი თითქოს შეუმჩნეველი ცხოვრების წესი, სულიერი ძალა, ამქვეყნიურ წვრილმანებზე ამაღლება, განსაკუთრებული წმინდა ენერგეტიკით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის; მით უფრო, თუ ამგვარი პიროვნება ხელოვანია. ყველაზე საინტერესოა, რომ თვით ხელოვანთა შორისაც ძალიან ცოტა მოიძებნება, ვინც უარი თქვა ან უარს იტყოდა ამქვეყნიურ დიდებაზე, ასეთი გამორჩეული პიროვნება და პოეტი სწორედ ემილი დიკინსონი იყო, რომელმაც მოიპოვა შინაგანი თავისუფლება, გარემისთან ურთიერთობა შეწყვიტა, განმარტოვდა, ჩაიცვა თეთრი სამოსი და თავადვე იცოდა, რომ ამაყად შეეძლო მიემართა მთელი სამყაროსთვის:

 

ამ ბარათს შენ გწერ, სამყაროვთუმცა

ცნობილთა შორის არ გეგულები _

გაგიზიარებ, რაც კი ბუნებამ

გამანდო მწყაზარ დიდებულებით _

 

უხილავ ხელებს მიუვა ამბად _

მობარებული უბრალო სიტყვა

და მისი ტრფობა თუ განგიცდია _

შენჩემებურო, გამიგებ, ალბათ. (დიკინსონი, მთარგმნელი დ. ინწკირველი, 2005: 25)

 

პოეტი ერთ_ერთ წერილში წერს: `თუ დიდება მიწერია, სულ ერთია, ვერსად გავექცევი, თუ არა _ და, ნადირობაში გრძელ დღეს უქმად დავაღამებ და საკუთარი მაძებარიც კი ამითვალწუნებს. მიჯობს უსახელო დავრჩე-(ინწკირველი 1981: 76).

  ემილი დიკინსონის პოეზიაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი დამოკიდებულება ზეციური სამყაროს მიმართ. პოეტი მიიჩნევს, რომ ღმერთთან არ უსაუბრია, მაგრამ ნათლად ხედავს მის გზა _ კვალს“.

 

გვიანღა იყო კაცისთვის უკვე

და ღვთიცთვის მაინც კვლავ იყო ადრე,

როცა შექმნის დროს გაგვწირეს უცებ

და ჩვენთვის მხოლოდ ლოცვები დათმეს“. (დიკინსონი, მთარგმნელი გ. ნიშნიანიძე, 2005: 63)

 

  მის პოეზიაში ხშირად  არის მოხსენიებული ღმერთი. ის ხან ცნობილი მღვდელია, ხან ძველი მეზობელი და ხან ბანკირი(ალბათ მეუნჯეს გულისხმობს ამ შემთხვევაში ავტორი). გვხვდებიან წმინდანები, სერაფიმები ანგელოზები... უფლის ამგვარი, უჩვეულო ეპითეტებით მოხსენიება სრულიადაც არ გულისხმობს ავტორის ათეისტობას; ეს მხოლოდ პოეტური გაბედულებაა. ემილი დიკინსონის ცხოვრებაც და შემოქმედებაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ, აღიარებდა ზეციურ სამყაროს. თავად მორწმუნეთა ოჯახში გაიზარდა. პოეტის მამა მკაცრად იცავდა ყველა იმ ჩვეულებას, რაც პურიტანელთათვის იყო დამახასიათებელი. ემილი არ ეწინააღმდეგებოდა წინაპრების რწმენას და ცხოვრების წესს, თუმცა საეკლესიო დოგმების მიმართ პროტესტის გრძნობა ნამდვილად გააჩნდა. ის  ხშირად საქმიანობდა ოჯახში. იყო მოწესრიგრბული და შრომისმოყვარე ადამიანი. როგორც ჩანს, მისი ყოფა და სულში ანთებული ცეცხლი სრულიად განსხვავებულ კალაპოტში მიედინებოდა; გარდა ამისა, არ ტრიალებდა იმ საზოგადოებაში, ვის გვერდითაც საინტერესო იქნებოდა მისთვის ამქვეყნიყრი ყოფა. პოეტის ნერვიულ დაავადებას ბიძგი, შესაძლოა, ამანაც მისცა, თუმცა მის ფსიქიკას მაინც ვერაფერი დააკლო. ემილი დიკინსონმა საკუთარი სამყარო შექმნა. ამას პოეტის სულიერი ტანჯვა და განმარტოება დასჭირდა. მოკრძალებულ ცხოვრების წესს და მიდრეკილებას უჩინარი ყოფისკენ მისი მორწმუნეობრივი მრწამსიც აძლიერებდა. ეს თემა ორიგინალურად წარმოადგინა კიდეც შემოქმედებაში: მრავალსპექტრიანი ფანტაზიებით, მდიდარი აზროვნებით და ექსტაზით. რადგან გარე სამყარო ხელიდან უსხლტება პოეტს, დიკინსონი უბრუნდება თავის ერთადერთ რეალობას _ შინაგან სამყაროს; ციკლი იმ ლექსებისა, სადაც განხორციელებულია ადამიანური ემოციების ორი პოლუსი _ ექსტაზი და სასოწარკვეთა, ბევრად მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია მის შემოქმედებაში, ვიდრე შედარებით გაწონასწორებული ფრაზებით გადმოცემული სტრიქონები~(დიკინსონი Энциклопедия Кругосвет). ექტაზი და სასოწარკვეთა განუყოფელია დაუსრულებელი მოლოდინის განცდისაგან, რასაც ემილი დიკინსონის პოეზიაში შემოაქვს სხვა თემა _ იმედი ადამიანის უკვდავების შესახებ და საბოლოოდ, ამგვარი მედიტაციებით აღწევს შემოქმედებით მწვერვალებს:

 

მიიცვალაო _ ისეთზე მითხრეს _

მშვიდად შევიძლებთ სიკვდილს მე და შენ_

თუ გაიხსენებ _ ვის უცხოვრია _

ვერ დაეჭვდები უკვდავებაში“. (დიკინსონი, მთარგმნელი დ. ინწკირველი, 1981: 31)

 

ემილი დიკინსონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით თეთრი და წითელი ფერების კატეგორიას. თეთრ ფერს, მისთვის, ყოველთვის პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. წითელი კი ხან პოზიტიურ, ხან  ნეგატიურ მოვლენეას უკავშირდება. პოეტი ფერთა ზუსტი ან გადატანითი მნიშვნელობით ახერხებს მისთვის სასურველი მხატვრული სახე შექმნას. ფსიქოლოგების განმარტებითაც თეთრი სისუფთავის, სულიერი სიწმინდის, პრობლემათა მოგვარების,  დასაწყისისა და ცხოვრებაში სიახლის  განცდის აღმნიშვნელი ფერია.

  პოეტისათვის თეთრი ფრთები აღმაფრენას გამოხატავს, თოვლი თმაში _ ჭაღარას, თეთრი სამოსი: თეთრი ქუდი და თეთრი კაბა ხელოვანთა ან რჩეულთა სიმბოლოდ აქვს მიჩნეული. გარდა ამისა, ეს მისთვის სიმშვიდის და იმედის მანიშნებელია. ემილი დიკინსონის შემოქმედებაში ამ ფერს  ფილოსოფიური დატვირთვაც აქვს _ გარდაცვლილი იმოსება თეთრ საბურველში“. სიკვდილთან პოეტები ყოველთვის შავ ან მუქ ფერს უფრო ახსენებენ, აქ კი პირიქით არის, ალბათ იმიტომ, რომ ემილი დიკინსონისათვის სიკვდილი არასდროს იყო საშიში: მე მეშინოდეს! ვისი? _ სიკვდილის?/ თვითონ ვინ არის?(დიკინსონი 2005: 99) _ კითხულობს ავტორი და ამავე ლექსში გვპასუხობს, რომ სიკვდილზე მეტად მამამისის მსახურის უფრო ეშინოდა; ყველაზე მეტად კი _ სიცოცხლის. ასე რომ, რადგან პოეტის წარომოდგენაში სიკვდილი სიცოცხლესთან შედარებით ზეციურ, უფრო ამაღლებულ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს, ამიტომაც ასოცირებულია ავტორისთვის ნათელ ფერთან.   

წითელი ფერი პოეტისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია  ვიდრე თეთრი, მაგრამ სხვა ფერებთან შედარებით, მაინც მეტი შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება. წითელი ფერი, ლექსებში, ხან სიყვარულს აღნიშნავს, ხან ოჯახის კერას, ხან სახლს, ხან ჯოჯოხეთს და ხან ხანძარს... სასიცოცხლო ძალას, შემოდგომას... როგორც ჩანს წითელი ფერის მიმართ მერყევი, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა ავტორს.

 

მე რომ მოვკვდები, გულწითელები

თუკი დაბრუნდნენ კიდევ,

დაუგდე ფინჩხა ჩემს სამახსოვროდ

მათგან ყველაზე წითელს“. (დიკინსონი, მთარგმნელი გ. ნიშნიანიძე, 2005: 81)

 

ემილი დიკინსონის კუბო მისი ანდერძის თანახმად, ცენტრალურ გზაზე არ ჩაუტარებიათ. პატარა ბაღის გავლით მიიტანეს სასაფლაომდე. განგებამ ტალანტი და სიმარტოვე არგუნა. პოეტმა უსაყვედუროდ მიიღო ის. ტრაგედია დიდი პიროვნებების პრივილეგიააო“. _ წერდა ჰეგელი.

დაიბადა ადვოკატის ოჯახში, ჰყავდა და-ძმა, სწავლობდა კოლეჯში და სემინარიაში. ახალგაზრდობაში ყოველთვის მოხდენილად ეცვა და თმაზე ან კაბაზე მუდამ ყვავილები ეკეთა. დატოვა 1800-ზე მეტი ლექსი. თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. იყო მომცრო ტანის და ჰქონდა დიდი თვალები. ის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

 

დამოწმებული ლიტერატურის ნუსხა:

 

1. ვებსტერი 1995: ვებსტერის ლიტერატურის ლექსიკონი. სპრინგფილდი, Merriam, 1995.

2. ვაილდერი: ვაილდერი ტორნტონი: ემილი დიკინსონი  http://www.lib.ru/POEZIQ/DIKINSON/

3. დიკინსონი 2005: დიკინსონი ემილი, რჩეული ლირიკა. თბილისი: გამომცემლობა `დიოგენე~ 2005. (დიკინსონი2005 ა: 65), (დიკინსონი2005 ბ:37), (დიკინსონი 2005 გ: 25), (დიკინსონი 2005 დ: 63), (დიკინსონი2005 ე: 99), (დიკინსონი 2005 ვ: 81).

4. დიკინსონი 1981: დიკინსონი ემილი, ლექსები. ბათუმი: გამომცემლობა `საბჭოთა აჭარა~, 1981. (დიკინსონი 1981 ა: 25), (დიკინსონი 1981 ბ: 31).

5. ინწკირველი 1981: ინწკირველი დ. ემილი დიკინსონი. ბათუმი: გამომცემლობა `საბჭოთა აჭარა, 1981.                     

6. კობაიძე 2005:  კობაიძე მ. ემილი დიკინსონი. თბილისი: გამომცემლობა `დიოგენე~, 2005.

7. ფრომი 1991:  ფრომი ე. სიყვარულის ხელოვნება, ჟ. `ლიტერატურა და ხელოვნება~. ჟურნალი£2, 1991.

8. Энциклопедия „Кругосвет“ 2006, http://www.krugosvet.ru/articles/89/1008942                                               

 

                                 დაბეჭდილია ჟურნალ „მნათობში“ და წიგნში „ცეცხლი და მდინარე“,2009.