გაგიჟდა ქარი

გაგიჟდა ქარი და ბინდში ჩანდნენ,

რუხი მგლებივით ხმელი ტოტები,

ქარის შეშლილი მუსიკა ჟღერდა,

სულ მაჟორული, მძიმე ნოტებით.


სარეცხის თოკზე კაცის პერანგი,

ევედრებოდა ჩემს ფანჯრებს ღიმილს,

გახშირებული მძიმე სუნთქვისგან,

ჭრელ მოსაცმელზე ამაწყდა ღილი...


დაღლილი ზეცა აღარ დარდობდა,

დაუსრულებელ შფოთვას, ქარისას,

მოგონებებში ვართ უკეთესად,

ბედნიერებიც - გარდა ამისა.


წარსულზე ფიქრი აღარ გაბედო,

ნაღველი შეგჭამს, ვით ხეს - ხვიარა,

ახალგაზრდობა არსად არ მიდის,

შენ ტოვებ ხშირად, თვითონ კი - არა.


უარს თუ ეტყვი სუყველა სურვილს,

დილის საჩუქარს გლოვით შეხვდები,

გადაგივლიან ხშირი წვიმები,

ამ სიფრიფანა, რუხი ჩექმებით.


გაგიჟდა ქარი და მეც ავყევი,

შემომეგებე, გზავ და ბილიკო,

ვეხლები ხეებს, აივნებს, ფანჯრებს

და ვისაც უნდა, გამაქილიკოს.


მე მირჩევნია ვიქცე ქარებად,

უმისამართოდ ვსდიო არწივებს,

შენ, როცა გინდა, გამწირე, ღმერთო!

  ოღონდაც ფრთებით,

  ამ ფრთებიანად

და ფრთაგაშლილი ქარი გამწირე.            

 

 

2011. 

                                   

წიგნიდან "ქარიშხლის ტაში"