ჩარჩენილია ჭიქაში ყავა,
ზის და დასცქერის ფინჯანს მკითხავი,
რა ვერ გაიგე ჩემგან ნათქვამი,
რა ვერ გაიგე, რა ვერ გითხარი?!
ვარსკვლავი მოსწყდა აგვისტოს ღამეს,
და სამაჯურის თვლებზე ამენთო,
მე შენი გულის ძგერას ავყევი,
როგორც კაპელა უსმენს კამერტონს.
უბედურება ყოველთვის მოგვდევს,
როგორც მოსდევენ ღრუბლებს ქარები,
და იმ ნათელი დღეების შემდეგ,
თითქოს ხაფანგის ბრჭყალში გავებით.
მახეებს ხშირად გვიგებს ცხოვრება,
სიხარულს გვიწვდის დროდადრო პეშვით
და უმალ ისევ ისე გვაშფოთებს,
როგორც ტყის პირთან მტაცებლის ეშვი.
2011.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში: "ჩვენი მწერლობა"