ალალი იყოს, თუ შევიშლები

შენ ამიყვავე ეს ნარინჯები,

გარიჟრაჟზე რომ მესალმებიან,

ამ სიყვარულზე გულდადინჯებით,

ამბავს მამცნობდა ბოშა ბებია.

თითზე ეკეთა ბეჭედი, დიდი,

კარტი ეჭირა, როგორც მარაო...

მე ვიჯექი და მის მძივებს ვთვლიდი,

სანამ არ მითხრა _ წადი, კმარაო.

მე დამღუპავენ ეს ქარიშხლები,

ვნების მორევი, ტალღა ტკაცუნა,

ალალი იყოს, თუ შევიშლები,

ოღონდ გეჭიროს თავი კაცურად.

ოღონდ გულში რაც ცეცხლი ბრიალებს,

ნახანძრალს კი ნუ დაემსგავსება,

გზიდან გვერდზე არ გაგახვევინონ,

გულით ბრმებმა და ხელით თარსებმა.

ვერ დაგვღუპავენ ეს ქარიშხლები,

სიზმრად მზეს მივწვდი, ზეცას კი არა,

გულში _ არწივი და ნარინჯები,

ქარბორბალები ბზრიალ-ბზრიალა.

მე ღვინობისთვემ მაჩუქა გრძნობა,

თან მაჭარივით დამათრობელი,

გფარავდეს ღმერთი, ჯვარი და ბზობა,

ჩიტის გალობა და ღვთისმშობელი.


2010.

გამოქვეყნებულია წიგნში"ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"