* * * (ხეც წამოიღო, ზუთხიც და მურწაც)

ხეც წამოიღო, ზუთხიც და მურწაც

დგაფუნა ტალღამ და ჩაჰყვა მორევს,

საშიში კია, გადარეული,

მაგრამ არ მიყვარს მდინარე, მდორე.

ნუ შემპირდები, რასაც ვერ იზამ,

თევზის სანაცვლოდ რად მინდა ქიცვი1?

სიტყვაც მეყოფა, თუ მამყოფინებ,

რას მარგებს შენი ცრემლი და ფიცი?!

გარისკე, განა ვინმე დაგძრახავს?!

განა აგყრიან ჩინსა და მედალს?!

მზემ იცის ხოლმე, ხანდახან თოვლში,

თავის სხივებით ცელქობას ბედავს.

 

2011.

                             

1. ქიცვი - თევზის ქერქლი

 

გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"