ღრუბლიანი დღე გათენდა. გოია ვაკის პარკში მიაბიჯებდა და სკამს ეძებდა. ეს მეტსახელი იმიტომ კი არ შერჩა, რომ მხატვარია ან ხატვა უყვარდა; პირიქით, სამხატვრო აკადემია კარგა ხანია საკუთარი ნებით მიატოვა, როგორც ამბობდნენ, უნიჭო პრორექტორის იდიოტური გადაწყვეტილებების გამო. ეს მიზეზი მართალია-თქო რომ ვკითხე: არა კაცო, მეც უნიჭო ვარ, თორემ სხვისი უნიჭობის გამო ვინ ანებებს თავს თავის საქმესო? - მიპასუხა. გოიას კარგი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ მერე ძალიან გასუქდა, თან, ჭრელ ბოტასებზე რომ ყავისფერ გასაუთავებელ შარვალს და ლურჯ პულოვერს ჩაიცმევ, ხომ იცი, ყველაფერს ფასი ეკარგება; თუ მაინცდამაინც ბრძენი ქალბატონი არ შეგხვდა ცხოვრებაში და ისიც შენზე არ გაგიჟდა, ივლი ასე მარტო და ეული. თვითონ კი იყო ერთ ქალზე შეყვარებული, იყო და ახლაც არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მაინც ყველაფერი დამთავრდა.
გოია კარგი ბიჭია, მე, სხვებისგან განსხვავებით, პატივისცემის ნიშნად, ფრანცისკოსაც ვეძახი, ისე ჩემთვის, გულში. ხმამაღლა რომ დავუძახო მეტისმეტი იქნება.
ოჯახიდან სამი თვეა წამოვიდა, უკან მობრუნებული თუ ქმარგაყრილი და თავისი ორი ბავშვით, სტუდენტი ძმა, მშობლები და, ზოგჯერ, თვეობით მათთან მცხოვრები უსინდისო ნათესავი მაინცდამაინც ადვილი ასატანი არ აღმოჩნდა მისთვის. დისშვილებს თან გადაჰყვა: ხან კალათბურთზე ატარა, ხან კარატეზე და ხან კინო - თეატრში. არც ძმას დააკლო პატრონობა, ყველა მისი ძმაკაცის "უბნურ - ქუჩური" პრობლემა თავადვე მოაგვარა, მასზე უმცროსები იყვნენ და არავინ დაჩაგროსო ფიქრობდა. ერთხელ, მამამისმა უთხრა: რის მაქნისი ხარ, შვილო! შენხელა ხალხი დაოჯახებულიც არის და ზოგი იმდენ ფულს შოულობს, იქით ეხმარება მშობლებსო. ადგა და სახლიდან წამოვიდა. ერთ დღეს, კაფეში შევხვდით ერთმანეთს და მშობლების ამბავი რომ გამოვკითხე, თითქოს თავის მართლება დაიწყო:
- სახლიდან წამოვედი, ნაქირავებში ვარ და არ ვიცი, როგორ არიანო. ელენე მაინც ვერ მიმყავდა სახლში, საერთოდ კი არა, სტუმრადაც კი; ღმერთო ჩემო, როდემდე შეიძლებოდა ეგეთი კარგი ქალი ძმაკაცის სახლში ქურდულად მეტარებინა. ქალს თუ უყვარხარ, ალბათ, ურჩევნია არასოდეს მიატოვო, არც მაშინ, როცა ხის ტოტზე ზიხარ, მაგრამ შენ როგორ გინდა გაუძლო ამას, როცა ხის ტოტზე ეპატიჟები?! საკვირველი ის კია, რომ ეს სინდისი მაშინ არ იღვიძებს ადამიანში, როცა ცას და ქვეყანას უმტკიცებ სასურველ ქალს, როცა იცი, რომ არაფრის მაქნისი არ ხარ და მაინც მის გვერდით გინდა ყოფნა, მაინც გინდა, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე უპასუხისმგებლოდ იძახო სისულელეები.
რაღაცას დაჰპირდე, კიდევ დაჰპირდე, და კიდევ დაჰპირდე (თუმცა, ვის ჭირდება შენი დაპირება?)... და, ბოლოს, თავადვე უნდა გაბითურდე, იმიტომ, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაზე, მაინც ვერავინ ვერავის ვერ ატყუებს. ყველა თავის თავს ატყუებს სინამდვილეში. ახლა, მოტყუებულიც და გაბითურებულიც მე თვითონ ვარ.
დავყიალობ უსახლ-კაროდ და ხანდახან, შორიდან ვუყურებ, როგორ გამოდის შუადღისას ელენე სამსახურიდან შესვენებაზე, როგორ შედის თანამშრომლებთან ერთად კაფეში და ხუთი საათის შემდეგ, როგორ ბრუნდება ტაქსით ხან შინ და ხან ღმერთმა იცის სად.
ღირსი კი ვარ, მაგრამ რა ვქნა? უსაშველოდ ვიტანჯები მაინც. ალბათ, ყველაზე დიდი საშინელება სხვისი დროის ქურდობაა. მე ელენეს დრო მოვპარე, ბევრი დრო; თუმცა ახლაც ისეთივე ლამაზია. დიდი, თაფლისფერი თვალები აქვს, რაც უნდა მოწყენილი იყოს, სახე სულ უღიმის. ხვეული ფუშფუშა თმა ნახევრად შუბლზე აქვს ჩამოშლილი. მაკიაჟის დიდოსტატია. არ სუქდება და სულ დიეტაზეა; არ ჭაღარავდება და სულ თმას იღებავს; მცივანაა და თბილად ჩაცმა არ უყვარს; ჭკვიანია და სულელივით რატომ მოექცა თავს ვერ გავიგე. ვენაცვალე სულში: ჩემი გულისთვის რამდენი რამ გააკეთა და რა მოულოდნელად დამიკიდა მერე ფეხებზე; ამდენი ცრემლების, იმედგაცრუებების, გაბუტვა-შერიგებების, ახსნა-განმარტებების და სასიყვარულო განცდების შემდეგ, ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს, ისე გამაქრო თავისი ცხოვრებიდან.
აი, ეს მესმის?! იდიოტი არ გეგონოთ! მე ვიცი, რომ ეს ძალიან ძვირად დაუჯდა. გეფიცები ჩემო მეგობარო, ჩემს ცხოვრებაში ის შეუცვლელია და ასე იქნება ყოველთვის. მერე რა, რომ არც მხატვარი გამოვედი, არც სახლი მაქვს და არც ფული, მერე რა, რომ გავამწარე, მერე რა, რომ ახლობლები დავაკარგვინე, მერე რა, რომ ადამიანებზე გული ავუცრუე? აი, ასეთი საზიზღარია ეს ცხოვრება და რა ვქნა?!...
საყვედურებს რომ ვისმენდი, მე ბითურმა, ისიც კი ვუთხარი: ახლა რა შემიძლია, მე თვითონაც არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ რა ვქნა? მაინც მერჩია, შენ ყოფილიყავი მართალი და მე მტყუანი- მეთქი. ბინძური ვარ, აბა რა?! მოვატყუე ქალი(თუ იმან მომატყუა, ჯერ არ ვიცი), რომელიც დღემდე მიყვარს. რა ვიცი, ვიცი კი, საერთოდ სიყვარული მე იდიოტმა? სამაგიეროდ მეც მიტირა ცხოვრებამ ყოფა; აი, ეს კი კანონზომიერია, რაც დავთესე, ის მოვიმკე - დაასრულა ნერვიული საუბარი გოიამ.
ზოგიერთ კაცს ხომ ასე ჰგონია, თუ ქალთან ცუდად მოიქცევა, ეპატიება. არ ეთაკილება სუსტ სქესთან ტყუილები და მამაძაღლობა. პირიქით, თავიც კი მოაქვთ ამით; როცა მის სიახლოვეს სურთ ყოფნა, ქალს ხოტბას ასხამენ, მაგრამ ზოგიერთებს საერთოდ ავიწყდებათ, რომ ქალი ადამიანია და არა სათამაშო. იმაზე საზარელი არაფერია, როცა კაცი სიტყვის პატრონი არ არის და ისე იგი, ამის შემდეგ აღარც არის ვაჟკაცი, თუმცა ვაჟკაცობა მაინც აღარ არის მოდაში.
...სხვა შემთხვევაში არ უნდა იყოს გოია ცუდი ბიჭი. ამ წუთას ჯიბეში დაქირავებული ბინისთვის ერთი თვის ფულიც აღარ უდევს. მის ძმაკაცს კი, მისი ვალი აქვს ორი ათასი დოლარი და რესტორნიდან რესტორანში გადადის საქეიფოდ. რომ ვუთხარი, გიჭირს და ახლა მაინც გამოართვი-მეთქი, ორი ათასი რას მიშველის, მომცემს აბა რას იზამსო? - მიპასუხა მოწყენილმა.
გოია, მე და კარლო ერთ ეზოში გავიზარდეთ. აქედან გამომდინარე, თითქმის, სულ ერთად ვიყავით. გოია ყოველთვის დარდიანი იყო, მაგრამ არასდროს არ იმჩნევდა. სხვისი დახმარებაც ეადვილებოდა. ზოგი ხომ არის ასეთი? უხარია ადამიანს რომ სიკეთეს უკეთებს. გოიას საოცარი თვისება ჰქონდა: ოღონდ რამე გეთხოვა, თუ შეეძლო არაფრით არ დაგზარდებოდა.
ხშირად თავის საქმე გადაუდვია მეგობრის გულისთვის. კარლოზეც ზედ იყო გადაყოლილი. ჰოდა, სახლიდან რომ წამოვიდა, რამდენჯერმე ზედიზედ ესტუმრა მეგობარს. მე ძმაო, დაკავებული ვარ, რამდენჯერაც გართობა მოგინდება, იმდენჯერ კი არ უნდა გამომაყრუო შენი სისულელეებით-ო - გამოუცხადებია "ძვირფას" ბავშვობის მეგობარს. გოია სალმის ღირსადაც აღარ თვლის კარლოს. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია განიცდის, მაგრამ გოიას მისი განცდები კარგა ხანია აღარ ენაღვლება. ერთხელ ვკითხე: კაცო, აღარ უნდა შეურიგდე? დარდობს-მეთქი. მე ისეთი ქალი დავადარდიანე, ეგ ვინ ჩემი ფეხებიაო? – მიპასუხა მწარე ღიმილით.
გოია ცოტა უიღბლოა. რამდენიმე წლის წინ, მშვენიერ ადგილას მუშაობდა, მერე თავისი გაჭირვებული და უნიათო კლასელიც მიიყვანა სამუშაოდ. ჰოდა, ამ "მეგობარმა" თუ კოლეგამ ერთი კარგი ინტრიგა მოუწყო და იქიდან გამოაგდებინა მენეჯერს. მართალია, შემდეგ მის კლასელს ყბასახის ქირურგია დასჭირდა და სახის ფორმა სამუდამოდ შეეცვალა, მაგრამ გოიას მამამ საკმაოდ ფული დახარჯა შვილი რომ დაეხსნა "ვირის აბანოდან".
* * *
გოიამ ბაღში სკამი იპოვა, შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. ცას ახედა. ფოთოლი დაეცა სკამზე; "რამდენი რამ უნდა იცოდე, გული რომ არ გაგისკდეს"-ო გაიფიქრა.
კიდევ კარგი, რომ სიმარტოვე, ტრაგედიასთან ერთად, თავისუფლებასაც გულისხმობს ზოგჯერ.
ნეტავ რამე სასწაული მოხდებოდეს, ცხოვრება რომ არ მომეჩვენოს ასე უაზრო - ნატრობდა გოია. სკოლიდან გამოპარულმა გოგონებმა მის გვერდით მოიკალათეს. ჩანთები სკამზე დაყარეს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უკეთ "ამოიხრჩობდა" თავს სიგარეტით. სკოლიდანაც ალბათ ამის გამო იყვნენ გამოპარულები. გოია გაოცებული მიშტერებოდა მათ. მერე ადგა და გაეცალა. პარკიდან გამოვიდა. ქუჩას ფეხით გაუყვა. გზაზე ერთი პური იყიდა და ნაქირავები ბინისკენ გასწია.
პირად ტელეფონზე დაურეკეს, სადილად ეპატიჟებოდა მეგობარი. ესიამოვნა და სტუმრად წასვლა გადაწყვიტა.
გენო ღიმილით შეხვდა:
- შემოდი, სად დამეკარგე ბიჭო, ეს რა გიჭირავს?
- სადილი - შენი, პური - ჩემი! - იხუმრა და პური გაუწოდა მეგობარს.
- ხომ არ გაგიჟდი, პური რად გინდოდა, თუმცა როდის იყავი ნორმალური? - გაიკვირვა გენომ.
- რა ვიცი, ნაყიდი მქონდა, რომ დარეკე და... - გაეცინა გოიას.
- მიდი, ხელები დაიბანე, დროზე! ვისადილოთ, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ჩოგბურთის კორტებზე ჩემი ძმაკაცი დანიშნეს ადმინისტრატორად, ბავშვებსაც ავარჯიშებს და კვირაში სამჯერ მაინც შეგვიძლია წავივარჯიშოთ, არც ფული გვჭირდება და არც ჩოგნები - ახარა ვახომ.
- ვა, ცოტა გავხალისდები, რა კარგია? - ყასიდად აღფრთოვანდა გოია.
- ბიჭო, რა კარგად თამაშობდი! რა ტიპი ხარ, როგორ დაანებე თავი? - არ ჩერდებოდა გენო და თან კარადაში სასმელს ეძებდა.
- მირჩევნია დღესვე წავიდეთ კორტებზე, მე ვერ დავლევ გენო! - იუარა გოიამ.
- ერთი ჭიქა ბიჭო, იცი რა ღვინო მაქვს? ჩემმა სტუდენტმა მომართვა, ოღონდ ნიშანი კარგა ხნის დაწერილი მქონდა იცოდე! - შემართა ზევით საჩვენებელი თითი გენომ და აივნის კარი გამოაღო.
- არ მოგწყინდა ლექციების კითხვა? - გაიოცა გოიამ, - ადრე კიდევ ჰო, ხალხი მაინც მუშაობდა ნორმალური და კარგი სიტუაცია იყო. ამ დანგრეულ, სისხლგამოცვლილ, ქეციან უნივერსიტეტში რა ჯანდაბა გინდა ბიჭო? წესიერი ხალხი თითზე ჩამოსათვლელად დარჩა - დაიჯღანა გოია.
- აბა, რა ვქნა, სად წავიდე? მე შენ გეტყვი ადვილად იშოვი სხვაგან სამუშაოს - მოისაწყლა თავი პროფესორმა.
მეგობრები მაგიდას მიუსხდნენ.
- გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, კარგად იყავი! - მიუჭახუნა ჭიქა გენომ სტუმარს.
- გაგიმარჯოს, დაგილოცავ მეუღლეს, ღმერთმა კარგად გამყოფოთ! - გამოსცალა ჭიქა გოიამ.
სამზარეულოდან გენოს ცოლი შემოვიდა. ლანგარზე შემწვარი წიწილა ედო.
- ისეთი გემრიელია, ვინც არ შეჭამს არ ვიცი რა მოუვა! - შეიქო "ნაშრომი".
- დიდი მადლობა ნონა, აუცილებლად გავსინჯავ - "დაამშვიდა" გოიამ.
- დაგვიჯექი რა?! - მოიპატიჟა გენომ მეუღლე.
- არა, ჯერ კიდევ უნდა შემოგამატოთ რაღაც -"დაიზღვია" თავი ნონამ.
გენოს მეუღლე ყოველთვის ცდილიბს კომფორტი შეუქმნას თავის ქმარს. ის ყველაფერზე თავს უქნევს გენოს. სახალხოდ ასხამს `ხოტბას~ და ცდილობს ყველას გაუღიმოს, ვინც გენოსთან რაიმეთია დაკავშირებული; იმიტომ კი არა, რომ მზე და მთვარე ამოსდის ჩვენზე, იმიტომ რომ გენოს დაკარგვა არ უნდა. ის გენოზე შვიდი წლით უფროსია, არც ლამაზია და ვერც ჭკუა - გონებით დაიკვეხნის; აქვს ჟღალი თმა და მოზრდილი ცხვირი. მათ შვილი არ შეეძინათ და ეს რამდენიმე ხნის წინ აქტუალური თემა იყო ოჯახში. ახლა ამაზე დიდად ნერვებს აღარ იშლიან. ნონას სათვალე უკეთია, თუმცა მან იმ სათვალით უკეთ დაინახა ვის უნდა გაჰყოლოდა ცოლად, ვიდრე გენომ უსათვალოდ. გოიას მაინც უყვარს ნონა, როგორც თვითონ მითხრა, ვერც კი წარმოუდგენია იქ, მის მაგივრად სხვა ქალი. გენოს მეუღლეს ისეთი ღიმილი აქვს, ხვდები, რომ მის გვერდით უსაფრთხოდ ხარ. ალბათ გენოსაც ეს აჩერებს მასთან. კაცი ხომ ხშირად თავს ხრის სიმშვიდისა და მყუდროების წინაშე? აბა, ვის აქვს ალიაქოთის თავი? იფ, ისე, ხანდახან კი არის კარგი გადარეული ცხოვრება.
* * *
გენო და გოია მანქანიდან გადმოვიდნენ და კორტებისკენ გაუხვიეს.
- ვაა, ვის ვხედავ? ჩემი გენიოსი! - შეეგება ძმაკაცი გენოს და გულში მაგრად ჩაიკრა.
- გაიცანი ვახო, ეს აკაკია! - გააცნო გენომ გოია ვახოს.
ვახომ გოიას ხელი ჩამოართვა:
- ცოტა ხანს დასხედით, ბავშვები ვარჯიშს მორჩებიან და მერე ყველაფერი ჩვენია - გაიღიმა ლაღად ვახომ. ის ყოფილი სპორტსმენი იყო და ეს მის ყოველ საქციელს ეტყობოდა. ჰაერზე ყოფნისა და ვარჯიშის გამო ნევროზის ალი-კვალი არ ემჩნეოდა. გულღია და მხიარულ, მძიმე ფიქრებისგან თავისუფალ კაცს ჰგავდა. ტანზე ცისფერი სპორტული პაჟამა ეცვა. ფეხი ფეხზე გადაიდო და მხიარული იერით ტერფს ათამაშებდა. თავზე კეპიანი ქუდი შეისწორა და ბავშვებს გახედა:
- ამ ბიჭისგან რაღაც უნდა გამოვიდეს წესით! - დაასკვნა და ხელი ყვითელ მაისურიანი ბავშვისკენ გაიშვირა.
ბიჭი ცალი ხელით ჩოგანს აბზრიალებდა და მაყურებელთა სკამებისკენ მოდიოდა.
- უკვე დავამთავრეთ მასწ? - აყვირდნენ ბავშვები.
- დღეისთვის საკმარისია, ზეგ არ დაიგვიანოთ! - გასძახა ვახომ ბავშვებს.
ისინი დაიშალნენ. სკამებზე მიყრილი ჩანთები მოიგდეს ზურგზე და აჟრიამულდნენ.
- დღეს ცოტა ადრე დავამთავრეთ და ვისი მშობელიც არ მოსულა ფეხი არავინ გაადგას აქედან! - მთელი ხმით ყვიროდა ვახო.
ყვითელ მაისურიანმა ბიჭმა ლამაზი სპორტული შარვალი ამოიცვა და ქურთუკი მოისხა.
- გოია! - შენი ბურთები მე შემრჩა! - გამოსძახა მეგობარმა ბიჭს.
გენო და აკაკი ბავშვს მიაჩერდნენ.
- ბიჭო, შენი "კლიჩკა" ჰქონია, აკი საქართველოში გოიას მარტო მე მეძახიანო? - გაუღიმა გენომ მეგობარს.
- ვა, რას არ გაიგებ კაცი! - წამოდგა სკამიდან გოია ისე, რომ ჯიბეებიდან ხელები არ ამოუღია და კიბეს დაუყვა.
- გამარჯობა შენი! - გაუწოდა ხელი აკაკიმ ყვითელ მაისურიან ბიჭს.
- გამარჯობათ! - ხელი ჩამოართვა ბიჭმაც.
- მარტო ხარ? - იკითხა აკაკიმ.
- არა, დედიკო მომაკითხავს მანქანით - უპასუხა ბიჭმა.
- რა მანქანა ჰყავს? - იკითხა გოიამ ისე, თითქოს აინტერესებდა.
- მერსედესი, ახალი! - უპასუხა ბავშვმა.
- ვა, აი მესმის! ჩემი დედიკო მანქანებს ერთმანეთისგან ვერც ანსხვავებს - გაუღიმა ბიჭს გოიამ.
- გიყვარს ჩოგბურთი? - შეეკითხა ისევ.
- ძალიან! - გაუღიმა ბავშვმაც - სკოლაში რომ ვარ, ერთი სული მაქვს როდის წამოვალ იქიდან, სულ აქ მინდა ყოფნა, მაგრამ არ მიშვებენ - გააგრძელა საუბარი.
- კარგად თამაშობ იცი? მეც მიყვარდა ჩოგბურთი, დიდხანს ვთამაშობდი...
- მერე, ჩემპიონი რატომ არ გამოხვედი? - დაინტერესდა ბავშვი.
გოიას გაეცინა და მოფერების ნიშნად ბიჭს ზურგზე მოუთათუნა ხელი.
- რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ (რამე ხომ უნდა ეკითხა?)
- თერთმეტის! შენ? - მიანათა თვალები ბავშვმა.
- მე ბევრის - თვალი ჩაუკრა აკაკიმ.
- მაჩვენე აბა? ძალიან მაგარია, "დანლოპის" ფირმის ყოფილა! - შეათვალიერა გოიამ და დაუბრუნა ჩოგანი ბიჭს.
ბავშვს გაუხარდა საყვარელი ნივთი რომ მოუწონეს და გოიასთან გაჩერდა.
- შენ იცი, მე და შენ რომ ერთნაირი მეტსახელები გვაქვს? ჩემმა მეგობრებმა მეც გოია შემარქვეს - გაუღიმა პატარა სპორტსმენს.
- მე, დედამ შემარქვა! - თქვა მხიარულად ბავშვმა.
- მოიცა, ეს შენი ნამდვილი სახელია? - გაუკვირდა გოიას.
- არა, მაგრამ დედა ხანდახან გოიას მეძახის.
- რატომ, ხატვა გიყვარს?
- არა - იუარა ბავშვმა.
- იცი, ჩვენი მეტსახელი ერთი მაგარი მხატვრის გვარი რომ არის?
ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- თორნიკე! - მოისმა შორიდან.
- დედამ მომაკითხა, უნდა წავიდე, ნახვამდის - თქვა ბავშვმა და მხარზე ლამაზი, სპორტული ჩანთა მოიგდო. დაიძრა და ახლა თავის მეგობრებთან შეჩერდა.
- გოი, დროზე! - ისევ დაიძახა გამოპრანჭულმა, თმაშეღებილმა ქალმა. მას ხელში მუქი ყავისფერი ტყავის ჩანთა ეჭირა, თვითონ საკმაოდ მაღალი და მოსული აგებულების იყო, ხელზეც მსხვილი და მდიდრული სამაჯური ეკეთა; თავისი ჩანთის ფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. სიმპათიური ქალი ჩანდა. ოქროსფერ ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. შორიდანაც შეამჩნევდი, რომ მოდა მისთვის მნიშვნელოვანი სამყარო იყო. ბიჭი რომ მიუახლოვდა, დედამ სპორტული ჩანთა ჩამოართვა, თმა გაუსწორა და ლოყაზე აკოცა. მერე შვილთან ერთად ჩქარი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.
* * *
- ვახოს გაუმარჯოს! - დაიძახა სტადიონზე მისულმა გოიამ.
- ვაა, შენი ძმაკაცი ჯერ არ მოსულა, ეგ შეიძლება არც მოვიდეს, ხომ იცი ვარჯიშის კაცი არ არის, გენო რად გვინდა კაცო? აქ არა ვარ? ჩვენ წავითამაშოთ ცოტა და, მერე ერთი კარგი ბარი ვიცი, ცივ ლუდზე დაგპატიჟებ, - ხალისიანად შეეგება ვახო.
- ხვალ რომ იყოს? დღეს ვერ დავლევ! - მოერიდა გოიას.
- კი ბატონო, იყოს ხვალ! - არ დაიბნა ვახო.
* * *
გოია მალე გამობრუნდა კორტებიდან. ფეხით გაუყვა ქუჩას. არც ახსოვს რამდენ ხანს იარა.
- გამარჯობათ - მოესმა იქვე.
- ვა! ვის ვხედავ? - რატომღაც გაუხარდა გოიას კორტებზე გაცნობილი ბავშვის დანახვა.
- აქ რას აკეთებ? - გაიოცა მან..
- მე აქ ვცხოვრობ, თითი გაიშვირა ბავშმა სამსართულიანი სახლის აივნისკენ.
- რაკი მე და შენ თითქმის სეხნიები ვართ, კიდეც უნდა დავმეგობრდეთ - გადაწყვიტა უსაქმურობის გამო გოიამ, თანაც, ბავშვებთან საუბარი ეხალისებოდა.
- ნახე რა მაქვს? - უჩვენა ბავშვმა გემი.
- ეგ რად გინდა ბიჭო, ამ ასფალტზე? - დასცინა გოიამ.
- ეს ნამდვილივით დაცურავს, პულტით იმართება შორიდან. იცი, როგორ მოგეწონება? - თქვა სინანულით ბავშვმა.
- მერე, სად უნდა აცურაო? - დაეჭვდა გოია.
- სად და თბილისის ზღვაზე, ან კუს ტბაზე - აუხსნა ბიჭმა, - მაგრამ არავის არ მივყავარ.
- რატომ? - გაიკვირვა გოიამ.
- ეშინიათ, რომ წყალში დავსველდები და გავცივდები; თანაც დედა მეუბნება მაგის დრო არ მაქვსო - მოიწყინა ბავშვმა - იცი, რა ძვირი ღირს? - თქვა და სათამაშოს სიყვარულით დახედა.
- აბა, ტყუილად გიყიდია? - უთხრა გოიამ.
- მე არ მიყიდია, მამაჩემის ამხანაგმა მაჩუქა.
- მერე, მამას რატომ არ მიყავხარ?
- ეზარება, ჩემს ასაკში მაგის თავი მაქვსო?
- კი, მაგრამ მამა რამხელაა? - გაუკვირდა გოიას.
- აუფ, მამა შენზე დიდია, ვახოეც, ჩემი ამხანაგების მამებზეც და დედაზეც! - ტიტინებდა ბავშვი.
- დედაზე რამდენი წლით არის უფროსი? - უაზროდ იკითხა გოიამ.
- თორმეტით! - გამოაცხადა ბავშვმა.
"ის თუ იმ ქალზე 12 წლით უფროსია, რა ასაკის იქნება?" - გაიფიქრა გოიამ და რატომღაც შეეცოდა ბავშვი; თუმცა საცოდავს თვითონ უფრო ჰგავდა იმ წუთას. უსაქმობისგან რომ უცხო ბავშვს დაუწყებ საუბარს...
* * *
გოია და ბავშვი კორტებზე რამდენჯერმე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ბავშვი მართლა კარგად თამაშობდა, სხვებთან შედარებით ნაკლებად იღლებოდა და ვარჯიშის შემდეგ ისევ გასართობს ეძებდა, მაგრამ ვინ აცლიდა?
ერთ დღეს, ბიჭი მოწყენილი ჩანდა. გოიას არ ესიამოვნა:
რა გჭირს? - შეეკითხა თანაგრძნობით.
- რა ვიცი, მამა ყველაფერს ყიდულობს და მერე არაფერს არ მისრულებს, სულ მეუბნება დაღლილი ვარო.
- მაინც რას არ გისრულებს, მე ვერ დაგეხმარები? - ჩაეძია "მეგობარს".
ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ კუს ტბაზე დავდივართ, იქ მოედანს ვქირაობთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით, ყველაზე კარგი ბურთი მე მაქვს, სულ ჩემი ბურთით ვთამაშობთ, იმათი მამები სულ ჩვენთან არიან, მამა კი არასდროს არ მოდის - ბურტყუნებდა ბავშვი.
- რატომ? - რატომღაც გაბრაზდა გოია.
- ხომ გითხარი, ეზარება-მეთქი, სულ დაღლილია, არ ეხალისება, მარტო თავის საქმეს აკეთებს.
- რა საქმე აქვს ასეთი? - არ ეშვებოდა გოია.
- რას გაუგებ ბიზნესს?! - თქვა კაცივით ბიჭმა და ჩაფიქრდა.
გოიას გაეცინა.
- კარგი ერთი, ყიდის ალბათ რამეს ან მაღაზია აქვს, ეს იქნება.
- არა, გემი აქვს!
- გემი? - გაიოცა გოიამ.
- გემი რად უნდა, შუა თბილისში?
- თბილისში კი არა - ფოთში, იქ დადის ხშირად, მერე თევზს იჭერენ, ჩამოაქვთ და... თავისი მაღაზიაც აქვს. თვითონ უფროსია... - ყვებოდა ბავშვი.
- ესე იგი, თევზის ბიზნესი ხომ?
- არა, კიდევ სხვა რაღაცეებიც, მეზარება ჩამოთვლა... დედას სალონიც აჩუქა და იქ ქალები იპრანჭებიან.
- მერე, მოგწონს ის ქალები?! - გაეხუმრა გოია ბავშვს.
- არა, ქალები საერთოდ არ მომწონს, მარტო დედა მიყვარს.
- რატომ ბიჭო, რა დაგიშავეს ქალებმა? - წასკდა სიცილი გოიას.
- არც გოგოები არ მიყვარს. მაგათთან საერთოდ არ ვთამაშობ, ვერ ვერთობი, რაც მაინტერესებს არაფერი არ უყვართ - ტიტინებდა ბიჭი.
- გასაგებია, - დაუქნია თავი გოიამ და უნებურად თავზე აკოცა ბავშვს.
- კარგი, ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ, როდის მიდიხარ ფეხბურთის სათამაშოდ?
- წამომყვები? - გაუბრწყინდა თვალები თორნიკეს. - აბა, რას ვიზამ ბიჭო? თუ მეგობრობაა, მეგობრობა იყოს! - ცხვირზე ჩამოკრა თითი გოიამ პატარას.
- ბიჭი გაიბადრა და მადლიერების ნიშნად გოიას მიეხუტა.
შაბათ დღეს, დათქმული შეხვედრაც გაიმართა. ბიჭი ძალიან სპორტული იყო, კარგად გავარჯიშებული და ფეხბურთსაც თავის ამხანაგებზე უკეთ თამაშობდა. ბურთი რომ გაიტანა, გოიას გამოხედა - მიყურებს თუ არაო. გოიამ ცერი ზევით ასწია და შორიდან ანიშნა - მაგარი ხარო. გახარებულმა ბიჭმა მოედნიდან ხელი დაუქნია.
- მოგვიწევს ფეხით დაბრუნება, ფული არ მაქვს - აუხსნა გოიამ.
- არა, რას ამბობ? მძღოლი მოგვაკითხავს! - უთხრა ბავშვმა.
- როდის? - იკითხა ცოტა დარცხვენით გოიამ.
- როცა დავრეკავთ! - აუხსნა "მეგობარმა".
- მერე, გენდობიან, რომ მოატყუო და არ დარეკო? - იკითხა გოიამ.
- არა, დედას არ მოვატყუებ, იმიტომ რომ ტყუილის თქმა ცუდია.
გოია გაოცდა, მერე ბიჭს თავზე გადაუსვა ხელი:
- ყოჩაღ, მაგარი ხარ, მართლა მაგარი ხარ, - უთხრა ღიმილით.
- ვისეირნოთ ცოტა ხანს? - იკითხა ბავშვმა მორიდებით.
- არა, დარეკე! გაკვეთილები ხომ უნდა მოამზადო? - შეახსენა გოიამ.
- ხვალ ვიმეცადინებ, კვირაა - უთხრა ბავშვმა.
- ხვალ ჩოგბურთზე "მიდიხარ"! - შეახსენა გოიამ. - შენ რომ კაცმა ნება მოგცეს სულ მოედანზე იქნები და ეგრე სადაა ძმაო? - გაეხუმრა ბიჭს.
- კარგი, დავრეკავ - მოიწყინა ბავშვმა და მობილური ტელეფონი ამოაძვრინა შარვლის ჯიბიდან.
გოიამ ბავშვი მანქანისკენ გაუშვა. თვითონ არ უნდოდა შიგ ჩაჯდომა. ფეხით დაეშვა კუს ტბიდან და გენოსკენ გაუხვია.
* * *
ბიჭმა ერთ საღამოს, მამას მოუთხრო თავისი უფროსი მეგობრის შესახებ. მეორე დღეს, ვარჯიშზე ბავშვს მამამ მოაკითხა. ის პირდაპირ გოიასკენ წამოვიდა ღიმილით:
- გამარჯობათ, მე თირნიკეს მამა ვარ, გივი ქველიძე - ხელი გაუწოდა მან.
- აკაკი! - ჩამოართვა ხელი ბიჭის მამას გოიამ.
- ძალიან გთხოვთ, გვეწვიეთ თქვენს მეგობართან ერთად - შეხედა გოიას გვერდით მდგარ გენოს და მასაც გაუწოდა ხელი.
- გენომ ხელი უხმოდ ჩამოართვა კაცს.
- არა, რას ბრძანებთ? - გაიოცა გოიამ.
- არა, არა, თუ გცალიათ, თუნდაც ცოტა ხნით, უნდა წამოხვიდეთ, თუ პატივს დაგვდებთ, გამეხარდება! - გულწრფელობა აშკარად ემჩნეოდა.
კაცი, გოიაზე და გენოზე 25 წლით მაინც იქნებოდა უფროსი დაახლოებით ასე - 60 წლისა. მას ჯინსის შარვალზე ძალიან ლამაზი თეთრი, ქათქათა პერანგი ეცვა, ჯიბეზე ემბლემით და ელვა შესაკრავებით გაწყობილი. მისი ასაკისთვის საკმაოდ ახალგაზრდულად იყო გამოწყობილი და უხდებოდა კიდეც.
კაცის დაჟინებით გოია და გენო მის ოჯახში აღმოჩდნენ.
- ჩემი მეუღლე იტალიაში გახლავთ საქმეზე და ნუ დამძრახავთ, თუ ყველაფერი რიგზე არ იქნება - გაიღიმა და საუცხოოდ გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმრები. სუფრას შინა მოსამსახურე დასტრიალებდა თავს.
- ჩემს შვილს უფროსი მეგობარი რომ ჰყავს ძალიან მიხარია! - შეავსო სასმისები გივიმ და ბავშვს მიუბრუნდა - დაგვიჯექი მამიკო, შეჭამე რამე!
სასურველი სტუმრებით გახალისებული ბავშვი სუფრას მიუსკუპდა და მადიანად შეექცეოდა. გივი შესანიშნავი მოსაუბრე და მასპინძელი აღმოჩნდა. ლაღი და გულღია კაცი ჩანდა. კარგი ღვინო ჰქონდა. ცოტა შეთვრნენ, სუფრიდან წამოიშალნენ და გოია როიალს ზემოთ, კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოებს მიაჩერდა. პატარა, ასე ორი ან სამი წლის ბავშვის სურათები მიყოლებით ეკიდა.
- ეს ჩემი ვაჟკაცია, პატარაობისას, აი ასეთი პუტკუნა იყო. - გაეღიმა გივის და ბიჭს თავზე გადაუსვა ხელი.
- კარგი შვილი გყავთ! - სიტყვა მიაშველა გენომ.
- ჩემი სისუსტეა, ხომ იცით, ამ ასაკში რომ შვილი შეგეძინება... ცხოვრების საჩუქარივით არის - თქვა გულწრფელად და სიყვარულით გადახედა ბავშვს კაცმა.
- მამა ტრაქტორს მიყიდი? - არ გაუშვა შანსი ხელიდან ბავშვმა.
- ტრაქტორი რად გინდა ბიჭო? - გაეცინა ყველას.
- ჰა, მამა მიყიდი? - არ ჩერდებოდა ბავშვი.
- თუ ჭკვიანად მოიქცევი ტრაქტორსაც გიყიდი და საჰაერო ბუშტსაც, ოღონდ, არ უნდა გაფრინდე - "დაიზღვია" თავი მამამ.
გოიამ გივის შედარებით ახალგაზრდობის დროინდელ ფოტოს მოჰკრა თვალი. გვერდით მასზე ახალგაზრდა, შავთმიანი, ლამაზთვალება ქალი ედგა. ზევით აწეული, თმაზე შერჩენილი მზის სათვალით და ხელში მოწნული კალათით. სურათი აგარაკზე გადაეღოთ.
- ეს ფოტო ჩემს ცოლს უყვარს, ხომ იცით ქალების ამბავი. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად აი, აქ გამომჭიმა - გაეღიმა მასპინძელს - სულ პატარა გოგო იყო ლელა, რომ შემიყვარდა. მთელი 30 წელი გავიდა მას შემდეგ. მაშინ გვიჭირდა, არც სახლი გვქონდა... ბევრი რამ შევძელით ერთად. სად არ გვიცხოვრია, რომელ ქალაქში, შრომა, წვალება, სიხარულიც, ეჰ, რა სწრაფად გადის კაცო ეს ოხერი წლები?! - თქვა ხალისიანად და არა სინანულით.
- მამა! მე რომ მაიმუნთან სურათი მაქვს გადაღებული იმას ვაჩვენებ რა, გენო ბიძიას? - წამოხტა ბავშვი, ეცა ჟურნალის მაგიდაზე ტყავის ყდაში ჩასმულ ფოტოების ალბომს და სურათს გამალებით დაუწყო ძებნა. გოია ბავშვს ჩამოუჯდა გვერდით.
- ჩვენი წასვლის დროა ბატონო გივი! - მიმართა გენომ მასპინძელს.
- მოიცა კაცო, ძლივს ცოტა დრო გამომინთავისუფლდა და ერთი-ორი ხელი ნარდი მაინც ვითამაშოთ, - გამოსწია ხის ფეხებზე შემოდებული ნარდი გივიმ და გადახსნა - თან, ჩაციებული ბორჯომიც მაქვს! ნათელა, შენი ჭირიმე, ბორჯომი მოგვიტანე! - გასძახა შინა მოსამსახურეს ხმამაღლა.
ბავშვი სურათებს ათვალიერებდა.
საშინლად ჩამოცხა... მაშინაც ასე ცხელოდა ზღვაზე... გოია, იმ ზაფხულს, იქნებოდა 22 ან 23 წლისა. ბათუმი სავსე იყო ხალხით. სასტუმროში დაბინავდა ბიჭებთან ერთად. სანაპირო იქვე იყო. აივანზე გამოვიდა და მოაჯირს დაეყრდნო. მეზობელ აივანზე საუცხოო გარეგნობის ქალი შენიშნა. ის გოიაზე 10-12 წლით მანც იქნებოდა უფროსი. ფართო, ლამაზი თვალები და გრძელი შავი თმა კეფასთან პრიალა თმის სამაგრით ჰქონდა აწეული, ხელში პატარა ყავის ჭიქა ეჭირა, ერთი ყლუპი მოსვა და გოიას მიაშტერდა:
- თქვენ, ელისოს სტუმარი ხართ? - გაუღიმა და ქათქათა კბილები შეანათა.
- არა, ეს ნომერი დღეს განთავისუფლდა! - უთხრა გოიამ.
- უკაცრავად! - მოიბოდიშა და ოთახში შებრუნდა ქალი.
ის მარტო იყო დასასვენებლად ჩამოსული. ზედ საქორწინო ბეჭედი ეკეთა, მაგრამ იუარა, გათხოვილი არ ვარო. გოია მის სიახლოვეს კარგად გრძნობდა თავს. ქალი ხშირად ეპატიჟებოდა გამაგრილებელ სასმელებსა და წვენებზე. საათობით ისხდნენ აივანზე და საუბრობდნენ, ხან ხილს მიირთმევდნენ. გოიას ხიბლავდა მისი სიმშვიდე, მუდამ მომღიმარი სახე, რაც მთავარია, მისი ზომიერი მზრუნველობა, ალერსიანი ხმა და დამოუკიდებელი ხასიათი. ჯერ დამეგობრდნენ, შემდეგ.... ოთახშიც გადაინაცვლეს. გოიას თავი ზღაპარში ეგონა: სიკეთე იგრძნო ქალისგან, თანაც ყოველგვარი საზრუნავისა და პასუხისმგებლობის გარეშე. არავინ არაფერს სთხოვდა და რატომ უნდა ეზრუნა მომავალზე? გოიას და მის მეგობრებს 20 დღე ფრინველივით გაუფრინდათ. ქალმა გოიასთვის ერთი სასტუმროს ნომერი ერთი თვით ხელახლა დაჯავშნა, მაგრამ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თვითონ, უთქმელად გაუჩინარდა. უგზო-უკვლოდ გაქრობამდე ორი დღით ადრე, ქალი სანაპიროზე ეალერსებოდა და თავზე ხელს უსვამდა გოიას, ეუბნებოდა: მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნებიო.
სატუმროს ადმინისტრატორმა, ნაცნობი ქალის სახელის ნაცვლად, სრულიად სხვა სახელი და გვარი დაასახელა. გოია თბილისში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს ეძებდა ქალს, მაგრამ ვერსად მიაგნო... "დაახლოებით 12 წლის წინ... 12 წლის წინ" - ფიქრებს აჰყვა გოია და შეცბა. ბავშვის ლამაზ სახეს ხარბად მიაშტერდა.
- შენი დაბადების დღე ივნისშია? - ჰკითხა მოულოდნელად ბიჭს.
- ჰო, შენ რა იცი? - გაოცდა თორნიკე.
- შენ არ მითხარი? - არ დაიბნა გოია.
- მალე იქნება, მოხვალ? - გამხიარულდა ბავშვი.
- ჰო - უპასუხა დაბნეულმა და აილეწა, მერე რატომღაც შეამცივნა.
- მე, რიგაში დავიბადე, აქ კი არა! - ტიტინებდა მხიარულად ბავშვი.
"როგორ გასუქებულა... თმაც შეუღებია..." - გაახსენდა კორტებზე ნანახი, მანქანისკენ მიმავალი სილუეტი.
საოჯახო ალბომში ნაცნობი ქალის სურათები იყო.
ქეთევან შენგელია
07. 2010
დაიბეჭდა ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა"