დავით კანდელაკს
მე მარტოხელა მგელივით ვცხოვრობ,
და ვერ გამაბეს მაინც მახეში,
მშობელიც თითქოს წარსულს მისტირის,
მონადირეს ჰგავს, ჩემზე დაგეშილს.
უმზეო დღეო, უმთვარო ღამევ,
ხმაურიანო მიწავ და თერგო!
მაინც მიმინოს გული მიფეთქავს,
თუმცა ნიბლიას სიცოცხლე მერგო.
ნუ მოხვალთ ჩემთან, ხომ ასე სჯიან,
გაზაფხულის პირს ყვითელ ნარცისებს,
ვერ ვიტან ტყუილს, ვერც იმ კაცს ვიტან,
საქართველოს და შვილს ვინც მაფიცებს.
მე ვარ ბალახი, ოღონდ, იცოდე!
მუხის ფესვზე ვარ ამოღერილი,
ხომ შეიძლება, დუმილით მოვკვდე
და გულში მქონდეს ერთი წერილი.
ხომ შეიძლება, აღარ ველოდო,
ამ ცხოვრებისგან იღბალს სხვებივით,
შესციცინებენ ხოლმე თვალებში,
მომცრო სურვილებს ჭრელი ცხვრებივით.
აქ ბოროტება აღარ მაოცებს -
აი, სასჯელი უპირველესი
და მაინც არ ვარ სასომიხდილი,
როგორც ლიფსიტა - დამშრალ ღელეში.
არ ვიმჩნევ, თორემ შებინდებისას,
შიშით ვკანკალებ ძალიან ხშირად,
მიუხედავად ამისა, მაინც,
მე ბევრი რამე არ მიღირს ჩირად.
ჩემო მზეო და ჩემო ზღაპარო,
ჩემო ვაჟკაცო, ნერგო და ხარო,
ფეხზე ვიდგები მაინც იქამდე,
სანამ შენ ჩემი ალერსით ხარობ.
2002.
გამოქვეყნებულია წიგნებში: "მზე და ღრუბელი" და "ქარიშხლის ტაში"