იპოდრომის თავლაში თათარმა აბდულამ ცხენი შემიკაზმა და გამომიყვანა.
- ვა, ხათუ, როგორ უხდები ცხენს, დედოფალივით ზიხარ, დედოფალივით, - შეიქო თავისთავი გიამ. სწორედ მან მასწავლა ცხენზე ჯდომა, მისი ჯირითიც და ჭენებაც; აქ გიას ყველა იცნობს. მისი ჰობიც ეს არის, საყვარელი და ძირითადი საქმეც. როგორ შეიძლება ქართველმა ცხენზე ჯდომა არ იცოდეო - ხუმრობს ხოლმე ხშირად. ამ დიდებული ცხოველის ჩორთით ტარება ძალიან მიყვარს. აქ თითქოს უფრო თავისუფლად ვსუნთქავ, ოღონდ, არ ვიცი შეიძლება კი თბილისის მოწამლული ჰაერის თავისუფლად ჩასუნთქვა…
ცხენს თუ ერთხელ მაინც არ გადაუსვი მთელ სიგრძეზე ხელი, სამურველით არ დაბანე და კუდი არ დავარცხნე, ისე არაფერს დაგიჯერებს. ჩემი ყაბარდოული "შამაია", ჯიშით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ ძალიან ნიჭიერია, ზოგიერთი კაცივით შინაური და გარეული ერთმანეთში არ ერევა. ცხენის პირობაზე იშვიათი გამონაკლისია - ორივეს გვიყვარს შებინდებისას ხალხისაგან დაცლილი მანეჟი. ამ დროს აბდულა თავლაში უკვე ცხენებს აბინავებს. გია აქეთ-იქით საქმიანად დადის: სპორტულ და "სამხედრო" უნაგირებს ცალ-ცალკე ინახავს…
იშვიათად ცხენსაც მოახტება ახალგაზრდობის გასახსენებლად და დროდადრო რაღაცას გამომძახებს; ხან "სომბრეროს" იხსნის, ზევით წევს და შემდეგ შეხვედრამდე ასე მემშვიდობება. იპოდრომზე მოსიარულე ხალხი ხშირად იცვლება. მოყვარულები მოდიან და მიდიან. ჩვენ სამნი კი, ჯერჯერობით ისევ იქ ვართ.
- ხელფასები არ გვივარგა, თორემ შტატში მიგიღებდითო, - მეხუმრება ხოლმე გია.
ჩემს შეზღუდულ თავისუფალ დროს მართლაც ხშირად ვატარებ იპოდრომზე; იშვიათად კი, მეგობრებთან ერთად მივემგზავრები ქალაქგარეთ. ამ დროს ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს მოწყენილი სამყარო სადღაც შორს რჩება და სიმწვანეში იკარგება.
ეს ყველაფერი მანგლისში დაიწყო და აღარ მახსოვს როდის დამთავრდა. ჩვეულებისამებრ ერთი და იგივე შემადგენლობით მივემგზავრებით. იმ დღეს “ისიც” შემოგვიერთდა…
- გაიცანით - თქვა ნიკამ - ბატონი გოჩა, შესანიშნავი მოქანდაკე, პოპულარული არა მარტო აქ, არამედ დღევანდელ საფრანგეთშიც.
ყველას გაგვეცინა.
- აბა ვნახოთ, ჩვენს წრეშიც თუ გახდებით პოპულარული, - მიუბრუნდა ელისო "სტუმარს'.
- გოჩა! ზურა რეჟისორია, - ახლა თავის ახლობელს მიუბრუნდა ნიკა.
- და ფული არ აქვს, რომ ფილმები გადაიღოს, - გააგრძელა ელისომ.
- ეს პატივცმულები პოეტები არიან - თითი გაიშვირა გობელენ- გადაფარებული ტახტისაკენ ელისომ, რომელზეც თემო და ბოხვერა ისხდნენ.
- მე თავი დამანებეთ, მე მოქეიფე კაცი ვარ, მეტი არაფერი, - დაირცხვინა ბოხვერამ, - თანაც სინდისი მაქვს, - "აგვიხსნა" ბოლოს.
- ეს ქალი მსახიობია, მაგრამ დაგვიჩაგრეს, - თქვა ნიკამ და ნათიას ქერა თმაზე გადაუსვა ხელი, - რეჟისორს ნათია მოსწონს, ნათიას რეჟისორი ააარა! - გააგრძელა რატომღაც.
- ამიტომაც ვერ იღებს როლებს. - დაასკვნა ინამ.
- როლებს, თორემ მაგათაც მილიონები არ გადაგიხადონ! – “დაამშვიდა” თემომ და ჭრელი შარფი უკან გადაიგდო.
- ეს ქალი “მცოდნეა” - თითი გამოიშვირა ნიკამ ჩემსკენ.
- რისი? თქვი ბარემ - სიტყვა შეაშველა თემომ.
- ყველაფრის, - გააგრძელა ჩემი “მასხრად აგდება” ნიკამ, - ყველაფრის, რასაც ესენი აკეთებენ. ისე, ამ მცოდნეობების ვერაფერი გავიგე: ხელოვნებათმცოდნე, კინოთმცოდნე, ზღაპართმცოდნე, რა პროფესიებია? მხატვრების არ იყოს: ცალკეა ფერწერა, ცალკეა გრაფიკა, მულტიპლიკაცია, მოდელიერება, მოკლედ: ცალკე კომპოზიცია, ცალკე კიდევ კოლორიტი… რა ქნან, ბიჭო, საწყალმა ფილოლოგებმა, ერთი ფაკულტეტია და ყველა იქიდან უნდა გამოვიდეს.
- ვინ ყველა?! - გაიკვირვა ელისომ.
- რა ვიცი, ვისაც რა უნდა: პოეტი, ვითომ პოეტი, ნახევრად პოეტი (პოეტი ბევრნაირია, ხომ იცით), მწერალი, მეცნიერი, კრიტიკოსი, მასწავლებელი, ამერიკაში გაქცეული დამლაგებელი - მოკლედ, ერთი ფილოლოგიის ფაკულტეტიდან რამდენი რამ გამოდის, ხომ ხედავთ!
აივნიდან ერეკლე შემობრუნდა დაპობილი შეშით ხელში და ღუმელთან ჩაიმუხლა.
- ერეკლე, ჩვენს სტუმარს ყველა გავაცანით, - არ ჩერდებოდა ელისო (ის საერთოდ სულ ლაპარაკობს, მარტო მაშინ ჩერდება, როცა სძინავს).
- მე ვარ “მალიარი”! - გამოაცხადა ხმამაღლა ერეკლემ და ტაში მხიარულად შემოჰკრა.
სუფრა გაიშალა და ბიჭებმა სასმელი გახსნეს.
- რა ბედნიერებაა, რომ თბილისში არ ვართ, - დაიწყო ელისომ.
- კაიფობ? რას ვეძახით ბედნიერებას?! - გაიოცა ნიკამ.
- თემო ერთი ლექსი, რაა? - ითხოვა ინამ.
- მაგას ჩემო ინა, სულ ცოტა ხუთი ჭიქის დალევა მაინც უნდა, გაიპრანჭა პოეტი; რადგან რანაირიც არ უნდა იყოს პოეტი, ყველაზე პრანჭია ქალზე მეტად უხდება გაპრანჭვა.
ნიკა ჩემს პირდაპირ დაჯდა, ჩახსნილი საკინძიდან გიშრის ჯვარი უჩანდა. გვერდზე თავისი მეგობარი მოისვა. ჭიქა მიაწოდა და, როგორც ყოველთვის, ბოხვერას მიმართა:
- მიდი, ბიჭო, გვითხარი რამე!
- იმას გაუმარჯოს, რასაც სხვები არ ადღეგრძელებენ - დაიწყო ბოხვერამ - საშლელს გაუმარჯოს. საშლელი ზოგიერთ ადამიანს ჰგავს, არ შეგხვედრიათ საშლელივით კაცი, დალაქულ გულზე იარას რომ წაგიშლის?
- ქალზე რას იტყვი მასეთზე? - არ ისვენებდა ელისო.
- ოო! ქალზე მე მკითხეთ მასეთზე - ხმა ამოიღო ერეკლემ და დიდი თაფლისფერი თვალები მოჭუტა.
- გოჩა, ჰო მართლა, ეს კაცი ქალების სპეციალისტია, არ არსებობს ქალი, რომელიც ერეკლესთან მოწყენილია, - “აუხსნა” ნათიამ გოჩას.
- გასაგებია! - ხმა ამოიღო ჩვენმა “საპატიო” სტუმარმა.
- შენ თუ ხარ, ნათი, ჩემს გვერდზე კარგ გუნებაზე? - იკითხა ერეკლემ.
- შენს გვერდზე მე სულ ცუდ გუნებაზე ვარ. იმიტომ, რომ შენთან ყოფნა დრო და დრო კი არ მინდა, სულ მინდა, - თქვა ნათიამ და ჭიქა ისე ლამაზად ასწია, ყველას ერთნაირად შეშურდა.
- ვა? აი, მესმის გულახდილობა! – “გაიოცა” გოჩამ.
- ჩვენ საერთოდ გულახდილები ვართ ყველანი, არა ხათუნა? - მკითხა ნიკამ და თვალი ჩამიკრა.
- ჰო, ტყუილს მიკლე ფეხები აქვს! - ვუპასუხე უხალისოდ.
- მოკლეფეხება ქალი კი, აბა რად ვარგა? - გაიკვირვა ერეკლემ.
აგრილდა. ჩამობნელდა. თემო ლექსებს კითხულობდა. ერეკლემ ღუმელს შეშა შეუკეთა.
- ბიჭო, გავაღოთ კარი და გვერდით ოთახებშიც გავა სითბო. – “მოიფიქრა” თამადამ.
- მოდი ბიჭების ოთახი არ გავათბოთ, სირცხვილი არ არის ოქტომბერში კაცი გამთბარ ოთახში იძინებდეს? - თქვა ელისომ.
- ხომ არ გაგიჟდით, მღუპავთ, რა დროს უაზრო ვაჟკაცობაა?! - გადაირია ბოხვერა.
- ვაჟკაცობის დრო ყოველთვის არის. - მოგვახალა პათეტიკური ლოზუნგი თემომ და შეთხელებულ თმაზე ხელი გადაისვა…
- ეგრე იცით პოეტებმა მაღალფარდოვანი ლაპარაკი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, შენ რა გიჭირს… შეძვრები მერე ინას ოთახში - უკბინა ვიღაცამ.
- ჰა, ბიჭო!!! - ჩაიკარგა მხიარული ხმა ხმაურში.
- ე…ე…ე!!! - ატყდა სიცილი.
- ოოო! - დაიგუგუნა გაბმულად და მხიარულად სუფრამ და ისევ ატყდა სიცილი.
- ხორცი მეტი უნდა გვეყიდა - დაწყო ნიკამ.
- საიდან, ფული აღარ გვეყო. –“აუხსნა” ელისომ.
- უფულობის დედაც… ეს ცხოვრებაა? – “შეწუხდა” ვიღაც.
- ჩემს კლასში ყველაზე დიდი იდიოტი ვინც იყო, ყველაზე მეტი იმას აქვს დღეს, რაღაც ბანკს ხელმძღვანელობს და არის მაგრად - თქვა სინანულით ერეკლემ.
- მერე, დაუმეგობრდი და იმასთან ერთად იარე ქალაქგარეთ - “დაარიგა” ნიკამ.
- კარგი ერთი, რა მეხუმრება, დედაჩემისთვის წამალი ვერ მიყიდია, - ერეკლემ თავზე შემოიწყო ხელები და თვალბი აუწყლიანდა.
- რაღაცას ვიზამთ ერე… ხომ შევთანხმდით მაგაზე და დღეს არ გვინდა რა, განცდები. ხომ ვთქვით, რომ დღეს არც ერთი არაფერს არ გავიხსენებდით, - თქვა ბოხვერამ - აბა მე რა ვთქვა, ბიჭო, ფეხი ტამიშთან რომ დავტოვე და ამ პროტეზით დავდივარ - თქვა ჩუმად.
ნიკას სახე აელეწა:
- როგორ გაასწორეს მიწასთან ჩემი თაობა, მაგათი…
- არ შეიგინო!!! - იკივლა ელისომ.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გულში ხანჯალი გამიყარეს და შიგ მიტრიალებდნენ…
უცებ თემომ ხახვის მწვანე ულვაშები მიიკრა და სიმღერა წამოიწყო, სხვებიც აყვნენ, მერე ელისო სკამიდან წამოაგდო და მთიულური დაუარეს…
- ეგრე, რა, შე კაი კაცო! - მოუწონა თამადამ.
ცეკვას სიმღერა მოჰყვა.
- ცოტა ჩუმად, ზევით მომღერლის აგარაკია, - დაიცვა საკუთარი აგარაკის “პრესტიჟი” ელისომ და ცეკვის დროს ჩამოშლილი, მოწითალო გრძელი თმა კეფაზე აიკეცა.
- მომღერლის თორემ იქნება ეგეც კარუზო. ახლა ვინც პირს დააღებს და ფულს გადაიხდის, ყველა სცენაზე მღერის. - გაგვანათლა ნიკამ და უფრო ხმამარლა აბღავლდნენ.
ინა ადგა და სუფრიდან ზედმეტი თეფშებისა და ნამწვავების ალაგება დაიწყო, მას ყელთან ღრმად ამოღებული, გრძელი, შავი კაბა ეცვა. მისი ჩაცმულობა ოპერის სცენაზე უფრო გამოდგებოდა, ვიდრე მანგლისში. ეს კაბა მის ქათქათა კანს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა. მოკლედ შეჭრილი და შავად შეღებილი თმა ცუდ შუქზეც ბზინავდა. მისი თვალები სულ თემოს გამოხედვას ეძებდა. ელისო საქმეს ყოველთვის თავს არიდებს. ახლაც იჯდა და ლაქლაქებდა. ნათია სიტუაციას ვერ ფლობს, ბატია, მე კი მივხვდი, რომ არ უნდა ავმდგარიყავი მოსახმარებლად, რადგან ინას დიასახლისის როლი მოსწონდა. ის საკმაოდ ძლიერი ქალია: ყოველთვის ყველაფერი ისე აქვს აწყობილი, როგორც თვითონ უნდა; სამაგიეროდ, ნათიას აქვს ისე, როგორც სხვას უნდა… ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამგვარი განსხვავებისა, მათი ცხოვრების წესი თითქმის არაფრით განსხვავდება. ელისო საინტერესო პიროვნებაა, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, იღონდ იმაზე არასოდეს, რაც მართლა აწუხებს. მისი ქმარი ინგლისში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, მიატოვა აქ ყველა და ყველაფერი, მაშასადამე, ელისოც…
ფიქრებმა შემიყოლია და ჟრიამულს წამით გამოვეთიშე.
- ხათუ, “აჩნის”! გახსოვს სკოლის მერე ბლის კურკებით რომ ვომიბდით? - გაიხსენა დენიკინის დროინდელი ამბავი ნიკამ.
მე მოვტრიალდი და გოჩას მოშტერებულ მზერას წავაწყდი. ჩვენი “სტუმარი” ხმას არ იღებდა. დაბალ სკამზე უხმოდდ იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ხელზე მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა მედალიონით, რომელზეც რაღაც სიმბოლო იყო გამოსახული… არ სვამდა, მხოლოდ ერთი ჭიქა ასწია.
- ძალიან კარგები ხართ ყველანი. - თქვა და თვალებში შემომხედა.
ჩემს ცხოვრებაში პირველდ მომეწონა მუქი ფერის თვალები… საკამოდ შეთვრნენ. ბოხვერას იმავე ოთახში, ტახტზე ჩაეძინა. ელისომ თბილი შალი დააფარა და მოეშვნენ. ნათიამ მაგნიტოფონი ჩართო და ერეკლეს დაუსკუპდა მუხლებზე. თემომ ინას რაღაც ანიშნა. გვერდითა ოთახები უკვე გამთბარიყო, არც საღამო იყო მაინცდამაინც ცივი. მე ხელმარცხნივ, ჩემთვის და ელისოსთვის განკუთვნოლ ოთახში შევედი, ჩანთიდან გრძელყელიანი, თეთრი, განიერი ჯემპრი ამოვიღე, კომბინიზონზე ზევიდან გადავიცვი, ოთახიდან აივანზე გავედი და გარეთ სინათლე ავანთე. აივნის სახურავთან ობობას ქსელი გაება… ეტყობოდა ივლისის შემდეგ აქ აღარავინ ამოსულიყო. სახლი ტყეს გადაჰყურებდა. ფიჭვები შავად ჩანდნენ სიბნელეში. ირგვლივ წიწვის სურნელი იდგა. ოთახის კარი გაიღო. ჩემს უკან გოჩა აიტუზა.
- შენი საძინებელი იქით არის. - ავუხსენი.
- ვიცი, მახსოვს, არ ვსვამდი! - მიპასუხა მან.
მე ოთახისკენ გავიხედე. ჩემს მეგობრებს თვალებით ვეძებდი.
- მე ისე, ჰაერზე გამოვედი - მითხრა გოჩამ.
ის სიმაღლის გამო ცოტათი მოიხარა და ორივე ხელით ხის მოაჯირს დაეყრდნო. გრძელი სვიტერის სახელოები იდაყვებამდე აეწია. მისი დაკუნთული მკლავები ნაქანდაკარს ჰგავდა. ალგეთს გაღმა ტყიან მთას გასცქეროდა.
- ხათუნა, რატომ გამოხვედი? - მკითხა ისე, რომ არ შემოუხედავს.
- მე ასეთ დროს ყოველთვის გამოვერიდები ხოლმე, - ვუპასუხე ჩუმად.
- მეც! - მითხრა მოკლედ - ყოველთვის რატომ? - შემომიბრუნა კითხვა.
- იმიტომ, რომ არ მინდა ერთ ადამიანს ვაწყენინო - ვიცრუე მე.
- ბედნიერი კაცი ყოფილა. ასეთი ქალი და თანაც ერთგული.
“ასეთი” ამ შემთხვევაში კომპლიმენტივით ჟღერდა.
- ესენი?.. _ დაიწყო გოჩამ.
- ესენი ჩემი მეგობრები არიან, თუ არ გინდა, ვინ რას გეტყვის, - ვუპასუხე მე, რასაც ვფიქრობდი.
- რაღაც არ მჯერა, რომ შენ ვინმე გიყვარდეს, - მითხრა ხმადაბლა.
- რატომ? - ვკითხე ზრდილობის გულისათვის.
- იმიტომ, რომ შენ რომ ვინმე გიყვარდეს, ახლა იმასთან იჯდებოდი, მეგობრებთან ერთად კი არ იქნებოდი მანგლისში.
ოთახიდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა და ჩვენს საუბარს დროდადრო ახშობდა. მას სახეზე გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა. გულსგარეთ საუბრობდა თითქოს. გავღიზიანდი და მოაჯირზე შემოვჯექი.
- არ გადავარდე მორყეულია, - მითხრა და ახლოს მოიწია, - ნახე, შავ ფერს რა ძალა აქვს? ღამე ყველაფერი შავად ჩანს: ხეები, ბალახი, სახლები… ეს სიჩუმის და სიკვდილის ფერია. ყველაფრის შთანთქმა შეუძლია, კარგია ბევრი ქართველი ქალივით შავები რომ არ გაცვია…
გაოცებულმა შევხედე.
- საკამრისია მზემ გამოანათოს და დაიწყებს მეტყველებას ფერები, - გააგრძელა საუბარი, - შავიდან ლურჯი ამოვა, ლურჯიდან იისფერი, იისფერიდან ცისფერი… აქ დილაა საინტერესო. ჩვენ კიდევ დიდლით მივდივართ…
- ჰო, ხვალ ყველას თავისი საქმე აქვს. ზოგს შვილი ზოგს, ზოგს სამსახური … - ვთქვი მე.
- რაზე ფიქრობდი რომ გამოვედი? - მკითხა გოჩამ
- იმაზე, რომ ჩვენ ყველანი სირაქლემებივით ვიქცევით ახლა… სირაქლემაც ასეა, მოსალოდნელი საშიშროების დროს თავს ქვიშაში ყოფს, ვითომ ამით გადარჩება; ჩვენც მოვრბივართ თბილისიდან და თითქოს ვიმალებით.
აცივდა, ოთახისაკენ გავიხედე.
- შევიდეთ? - მკითხა და თავი ასწია, - მორალისტი არ მეგონე.
- მორალისტი კი არა, მე მოწყენილი ვარ - ვუპასუხე მშვიდად.
გვერდითა ოთახიდან ცეკვის და მხიარული სიცილის ხმა გამოდიოდა.
- არც ერთი სკამი არ დაუტოვებიათ, მაგრამ აი, ამ ნოხს ჩამოვაცურებ და… - შემომხედა, - ხომ შეგიძლია დაბლა დაჯდომა?
- კი, როგორ არა, - ვუპასუხე, - მე და ელისო აქ დავიძინებთ… იქიდან მერე ტახტს გამოგვიტანენ…
- სანამ ის შემოვა, შენი ნებართვით აქ დავრჩები. - გააგრძელა მშვიდად.
ოთახში სინათლე ავანთე და აივნის კარი მივხურე. ცოტა დათბა.
- შენ უბედურ ქალს არ ჰგავხარ, რატომ ხარ მოწყენილი? - დაინტერესდა რატომღაც.
- “სული მიწუხს და ვიტანჯები”. - ვუპასუხე ვან გოგის სიტყვებით და ორივეს გაგვეცინა.
- თუ იცი, სიცილი რომ გიხდება? ისე რა ბღვერია ყოფილხარ, სუფრაზე ხმას არ იღებდი - მითხრა ბაბუაჩემის ხნის კაცივით.
მაღალყელიანი ჯემპრის საყელო უკვე მახრჩობდა. ჩამოვქაჩე და ხელით მეჭირა. ნიკამ ოთახში შემოიხედა და ისევ მიიმალა.
- თეთრის ჩაცმის უფლებას მე პირადად ყველას არ მივცემდი, - დაიწყო საუბარი გოჩამ.
“რას გადამეკიდა ეს კაცი?” - გავღიზიანდი უცებ.
- იცი, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, თეთრი რომ ატაროს. ის ზნეობის ფერია, არ ჰგავს ჭრელ და ეგოისტ ფრებს: წითელს ყვითელს, მე მაგალითად თეთრს ვერ ჩავიცმევ. გოეთე წლობით აკვირდებოდა ამას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფერებს ადამიანთა ნიშან-თვისებები აქვთ.
- მეც ასე მგონია.
- მერე კანდინსკიმაც მოკოდა ხელი ფერთა თეორიას. - გააგრძელა მან.
- მე მის თეორიებს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც მხატვარი… - დავიწყე მე - მისი გაერთიანების წევრები…
- ილაშქრებენ დაკანონებული ჩარჩოების წინააღმდეგ. მათშია თავისუფლება, კოსმოპოლოტიზმი, არიან უჩვეულონი, განა ეს ცუდია?
- მკითხა და დამაკვირდა.
- მე მომწონს ის, რაც მე მომწონს. როგორ შეიძლება მომწონდეს ვერონეზეს, პიკასოს ან ვან გოგის ნახატები მიმდინარეობების გამო. “იზმები” მე არ მაინტერესებს ფერწერაში. როგორც მხატვარი, არ მომწონს კანდინსკი. მორჩა და გათავდა, ვთქვი ხმამაღლა.
- შესანიშნავია! - მითხრა ღიმილით.
- იყო და არა იყო რა, იყო ვან გოგის ყური, - დავიწყე ზღაპრის მოყოლა…
ის მისმენდა.
- მერე თვითონ დიდხანს და საინტერესოდ ყვებოდა ფერებზე. გოჩას საუბარი “თავისუფალი” იყო ყოველგვარი კეკლუცობისგან, ამიტომ, რომ ამბობდა იმას, რაც ნამდვილად იცოდა. გაჩუმებული ვუსმენდი. მერე მის სწორ ნაკვთებს დავაკვირდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად მომინდა, რომ მივსულიყავი და უცხო კაცისთვის თავზე გადამესვა ხელი, გულში ჩამეკრა და მოვფერებოდი.
- ახლა რაზე მუშაობ? - ვკითხე და საუბარი შევაწყვეტინე.
- ერთ ქალს ვაქანდაკებ, შენსავით ლამაზი ტანი აქვს, - მითხრა უცებ.
სიგიჟემდე მომინდა, რომ რაღაც მეტი ეთქვა, რამე ნამდვილად კარგი და მნიშვნელოვანი. დიდ ნოხზე ფეხმორთხმულები ვისხედით: ის ერთ თავში, მე მეორეში. ჩემი გული თევზივით შეფართხალდა, თითქოს გაცოცხლდა და არ მინდოდა ოთახს მიღმა არსებული სინამდვილე მხსომებოდა; უძრავად, არხეინად იჯდა და არც მე ვდარდობდი მაინცდამაინც პრობლემებზე.
- ზეგ გამოფენა იხსნება, ჩემი ნამუშევრებიც იქნება და შენი ხათრით სუყველას გეპატიჟებით - მითხრა მან.
მე იქ ინასთან ერთად წავედი. ვგრძნობდი რომ ჩემს უშფოთველ ცხოვრებას ბოლო მოეღებოდა… ნამდვილად მოეღებოდა ბოლო. გამოფენაზე გოჩას სამი ქანდაკება იყო წარმოდგენილი: ქალის ფიგურა, აბსტრაქტული კომპოზიცია და ყალყზე შემდგარი ცხენები.
საგამოფენო დარბაზში არ იყო ბევრი ხალხი. ის ერთ ქალთან იდგა, საუბრობდა და ხელით კედლისკენ მიუთითებდა. მწვანეთვალება ქალს მწვანე კაბაზე მწვანე შარფი მოეხვია. “ბაყაყი” გავიფიქრე ჩემთვის და ქალი რატომრაც ავითვალწუნე.
ნიკა ლითონისფეხიან სავარძელზე იჯდა და აქეთ-იქით ტრიალებდა; მე და ინა რომ დაგვინახა, წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა.
- სად დამეკარგე? როგორ ხარ? მოგწონს? - მომაყარა კითხვები.
- საგრძნობლად სჯობს სხვების ნამუშევრებს. - ვუპასუხე
- ჰო, გლიჯავს, - თქვა ნიკამ და ხელში რაღაც შემომაჩეჩა.
- ეს რა არის? - ვკითხე მე.
- პატარა კარედია, გაჩუქებ - მითხრა და მომცილდა.
მე გოჩას ქანდაკებებს მივუახლოვდი. ის ჩემთან მოვიდა და გაჩერდა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.
- მომწონს, თანაც ძალიან! - ვუთხარი სიმართლე - შენს ქანდაკებებში პოეზიაა იცი?! სივრცე და თავისუფლება.
- ოჰო! რა შეფასებაა?! საინტერესო და თანაც სასიამოვნო. - ზევით ასწია წარბები.
- მოდი ერთმანეთის ქებამ რომ არ გადაგვრიოს, სხვის ნამუშევრებზეც მითხარი რამე - ვთხოვე მე.
- მართალი ხარ! - მითხრა და ჩვენ ორნი გავუყვეთ დარბაზს. დანარჩენებს არც უცდიათ ჩვენთან მოსვლა. ინა ნაცნობებს შეხვდა და გულიანად იცინოდა.
- სხვა ნამუშევრებს როდის გამოფენ? აი, იმას, რაც საფრანგეთში გქონდა? _ ვკითხე მე.
- რად გინდა?
- დავათვალიერებდი! - გავიოცე.
- ხვალ ჩემს სახელოსნოში გეპატიჟები და ყველაფერს ერთად გაჩვენებ - მითხრა და პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა, - დღეს არ გამოვა, ამათ (ხელი გაიშვირა ორი კაცისკენ) ჩემთან დალევა უნდათ და, - რაღაცნაირად მოიბოდიშა, - მე შეგხვდები შენ ხვალ, როცა გინდა და სადაც გინდა - მითხრა სწრაფად.
- ექვსზე. ფილარმონიასთან! - ვუთხარი და ჩვენ ერთმანერთს მოვცილდით.
დარბაზის ბოლოს ნიკას სევდიანი მზერა შემომეგება.
ჩენი ურთიერთობა შეთქმულებას დაემსგავსა. მეორე დღეს მის სახელოსნოში გაოცებული დავრჩი, ქანდაკებებს შორის ცხენები სჭარბობდა. “ამასაც ცხენები ჰყვარებია” - გავიფიქრე ჩემთვის.
- გოჩა, იცი ცხენზე ჯდომა? - ვკითხე მე.
- არა! - გაეცინა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- გინდა გასწავლო?
- შენ? შენ როგორ უნდა მასწავლო?
- იპოდრომზე საკუთარი ცხენები მყავს, თუ გინდა…
- ძალიან მინდა - თქვა და მომაშტერდა.
- რა გაცინებს? - ვკითხე მე.
- უბრალოდ აზრად არ მომივიდოდა… შენ, რა ვიცი… ვერ ვიფიქრებდი… იცი ცხენზე ჯდომა? რომ ვერ ვისწავლო? - მომაყარა კითხვები.
- მე მგონი ცხენზე ჯდომა უფრო ადვილია ვიდრე მათი გამოქანდაკება -ვუთხარი და გამეცინა.
- როდის წავიდეთ? - მკითხა ბავშვივით.
- შაბათს ან კვირას - ვუპასუხე დაუფიქრებლად.
შაბათს იპოდრომზე წავედით. ზუსტად ორი თვის შემდეგ მშვენივრად დაჰყავდა ცხენი ჩორთითაც და ჯირითითაც. ჩვენ იპოდრომზე ვხვდებოდით ერთმანეთს. მთელი კვირა შაბათი დღის ლოდინი იყო ჩემთვის; სხვა დანარჩენი უაზრო ყოფად იქცა.
როცა მეგობრები ვიკრიბებოდით, ნიკას გოჩა აღარ მოჰყავდა, რაღაც გავიგე და დავშორდიო, ამოილუღლუღა. მეც აღარ ჩავძიებივარ. დანარჩენებს კი საერთოდ აღარ ახსოვდათ მისი არსებობა.
თანდათან საშინელ დღეში ჩავვარდი, საკუთარ თავს ვეღარ ვიმორჩილებდი. სამსახურში ხალხის ხმაურს მივყავდი გონზე. ვერც ვწერდი და ვერც ვერაფერს ვკითხულობდი, მერე ეს დარდი უცნაურმა სიხარულმა დათრგუნა.
“ჩემთან რატომ არ მოდიხარ სახელოსნოში?” - მკითხა ერთ დღეს, სანამ ცხენებთან მივიდოდით.
- რა ვიცი, აზრად არ მომსვლია - ვუპასუხე გულწრფელად.
- გინდა რამეს გამოგაქანდაკებინებ? - მკითხა ისევ.
- მე? - გამიკვირდა.
- ჰო! შენ. უბრალო რამეს, თუნდაც ბურთს!
- გამომივა?
- წამოდი და ვნახოთ! - მითხრა და ხელი მომკიდა - მოდი დღეიდან ჩემი მეცადინეობა დავამთავროთ და შენი დავიწყოთ, კარგი? - მესაუბრებოდა და თან მისი მანქანისკენ მივდიოდით…
ნახევარი საათის შემდეგ ხელში თიხის ცუდად დამრგვალებული ბურთი მეჭირა.
- ესეც პირველი გაკვეთილი, ძვირფასო! - მითხრა და სიცილი აუტყდა. თვალებში საოცარი სითბო ჰქონდა.
- რა არის, გოგო, ეგ ბურთია?! ნახე, - მომიბრუნდა, ხელებით ბურთი დაშალა, მერე თიხის მასა ხელში დამაჭერინა და ზევიდან თავისი თითები შემოახვია ჩემი ხელის მტევნებს.
- ნახე როგორ უნდა - თქვა ისევ.
ჩვენ ერთად გამოვაქანდაკეთ კაცის თავი… ის იმ ხნის განმავლობაში ჩემს პირდაპირ იდგა და მხილოდ ხელებზე მიყურებდა. უფრო სწორედ, აკვირდებოდა თიხის მასას, რომელიც თანდათან ჩვემთვის სასურველ ფორმას იღებდა.
- ხათუ, რა სუნამო გასხია? - მკითხა მოულოდნელად.
- ელიფსი - უპასუხე მე.
- მომწონს - თქვა მშვიდად.
ის ძალიან დისტანციური და ამავე დროს ძალიან ახლობალი იყო. მისი სუნთქვა და ზღვარდადებული სიახლოვე აუტანელი გახდა ჩემთვის. ჰაერი აღარ მყოფნიდა.
- დავიღალე, უნდა წავიდე - ვთქვი და ხელების დასაბანად გავემართე. ერთი სული მქონდა როდის გავიქცეოდი ამ ოთახიდან.
აბაზანა სახელოსნოს ბოლოს ჰქონდა მიშენებული. სარკეში ჩავიხედე. ჩემს თავს თვალი თვალში გავუყარე:
- ახლავე წადი სახლში! - ვთქვი ხმამაღლა. მერე ონკანი ბოლომდე გადავატრიალე, თითქოს წყლის ხმაურით მინდოდა დამეფარა ის, რისი დაფარვაც შეუძლებელია და არც არის საჭირო. აბაზანაში რამდენ ხანს დავრჩი, არ მახსოვს. სახელოსნოში რომ შემოვბრუნდი, უცნაური ფორმის სამფეხა მაგიდაზე ორი კოქტეილი, შოკოლადები და ბანანები ეწყო.
- მითხრეს, რომ ბანანი გიყვარს! - გამიღიმა
- მე სიმშვიდე მიყვარს, - ვუთხარი და კარისკენ წავედი.
- რა ვიცი, არც მაგნიტოფონი ჩამირთავს და არც… - დაიწყო დაბნეული ხმით.
კარი სწრაფი მოძრაობით გამოვაღე და ცხვირწინ მივუჯახუნე. კიბეზე სირბილით დავეშვი. რას გავდა ჩემი საქციელი დღესაც არ ვიცი… რამდენიმე დღის შემდეგ გოჩამ ისევ დარეკა ჩეულებრივი და მშვიდი ტონით.
- იმ დღეს… - დავიწყე მე.
- ყველაფერი ნორმალურად არის, ხათუნა! მე მიყვარს, როცა ადამიანი იმას აკეთებს, რაც უნდა. თუ არ გინდოდა იქ დარჩენა, უნდა წასულიყავი, მადლობელიც კი ვარ, რომ როგორც ოჯახის წევრს, ისე მომექეცი, ჩვენ ხომ ახლობელი ადამიანები ვართ.
- “ყოჩაღ”- გავიფიქრე ჩემთვის.
- დღეს ჩემი მეგობრის გამოფენაა და მერე სუფრა… წავიდეთ არა? - ისე მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი.
ქარვასლაში შევედით და ხალხში გავერიეთ. ვიღაცა მოურიდებლად მაშტერდბოდა…
- ნახე, ის კაცი როგორ გიყურებს, - მითხრა მშვიდი ღიმილით.
მე გაოცებულმა შევხედე და მხრებზე მოგდებული გრძელი მოსასხამი დაბლა დამივარდა. მან მოსასხამი აიღო, მომახურა და პორტრეტების დათვალიერებას შეუდგა.
- მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურები - მითხრა ისე, რომ ნახატისთვის თვალი არ მოუშორებია და ზედ არ შემოუხედავს…
ერთ-ერთ დილას საოცრად დამეზარა სამსახურში წასვლა. ვგრძნობდი ჩემი საქმე მაინცდამაინც ვერ იყო კარგად. აბაზანაში შევბორიალდი და სარკეს მივაშტერდი.
- ოო, ჩემო ძვირფასო, თქვენ აღარაფერი აღარ გეშველებათ, სანამ ამ “სახადს” არ გაუვა დრო - ვუთხარი საკუთარ თავს. მე ამ ამბავს გულში ვეღარ ვიტევდი და ინას დავურეკე. ის მაშინვე მოვარდა ჩემთან.
- რა იყო, რა ფერი გაქვს? - მკითხა მან.
- ინა, იცი ერთ კაცზე იმაზე მეტს ვფიქრობ, ვიდრე საჭიროა. რა მეშველება არ ვიცი! - ვუთხარი მეგობარს.
- გყვარებია და ეგ არის! - მითხრა მხიარულად, როგორც იქნა ვიღაც შეგიყვარდა, შე წუნია…
- ინა, გახსოვს ნიკამ რომ ბიჭი გაგვაცნო, მანგლისში? ერთხელ შენც წამომყევი გამოფენაზე, იცნობ! გაიხსენე რა… ჩავაცივდი მეგობარს.
- შენ რა გოჩაზე ამბობ? - ფერი ეცვალა ინას.
- ჰო!
- შენ არ იცი, ნიკა მაგას რატომ დაშორდა?
- არა? - გავიკვირვე მე.
- თვითონ რას გეუბნება ის გოჩა?
- სამწუხაროდ არაფერს, - ვუთხარი მე - თვითონ ამბობს რომ ჩემი მეგობარია…
- ხათუნა! ეგ კაცი ჰომოსექსუალისტია და კაცი ჰყავს საყვარლად - მითხრა ინამ.
ამის მეტს ყველაფერს ველოდი. ადგილზე გავქვავდი, მერე თითქოს შიგნიდან დავიშალე ნაწილ-ნაწილად; ყავის ჭიქა, ხელში რომ მეჭირა, კედელს ვესროლე.
- ამისთვის ძალიან ცოდო ვარ… ჯობდა სხვა ქალი ჰყვარებოდა! ამას ყველაფერი სჯობდა… რატომ მაინცდამაინც ის და არა სხვა… ვლაპარაკობდი უაზროდ და შეუსვენებლად. საღამოს სიცხემ ამიწია და ლოგინიდან ვეღარ ავდექი.
სამი დღის შემდეგ წესისამებრ გოჩამ დარეკა…
- ვინ ვარ მე შენი? - მივახალე კითხვა.
- ჩემი საყვარელი მეგობარი, ლამაზი ქალი, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს, - მიპასუხა დაუფიქრებლად.
- ჩვენს მეგობრობას გაფიცებ, გოჩა რაღაცას შეგეკითხები და სწორი პასუხი გამეცი…
- რა თქმა უნდა, როდის მომიტყუებიხარ? - მიპასუხა საოცრად თბილი ხმით.
მე ვკითხე, მართალი იყო თუ არა რაც მის შესახებ გავიგე.
- ქალი ძალიან ნაზია ჩემთვის, გთხოვ გამიგო, ეს ხომ შენ არაფრით არ გეხება! - მიპასუხა აუღელვებლად, - შენი დაკარგვა ძალიან გამიჭირდება ხათუ… გთხოვ გამიგო….
- როცა გაგიგებ, მე თვითონ დაგირეკავ, ცოტა მადროვე, შენ არ დარეკო! - ვუთხარი მშვიდად და გამოვემშვიდობე.
გოჩასთან აღარ დამირეკავს, აღარც თვითონ გამოჩენილა. მე ის არ მძულდა. დარწმუნებული ვარ, არც თვითონ მიხსენებს ცუდად…
ერთ დღეს ტელეფონის ზარმა გამომარკვია. ნიკა რეკავდა.
- სად ხარ დაკარგული? ხვალ მანგლისში მივდივართ - შემატყობინა ხალისიანი ხმით _ გოგოებმა თქვეს, არ წამოვაო, მაინც დაგირეკე…
- ცუდად ვარ, ვერ წამოვალ.
- რატომ? _ მკითხა და ხმას დაუწია.
- აღარავინ აღარ მიყვარს, რაღაც მთავარი დავკარგე - ვუთხარი მე.
- ხათუნა, მენდობი? - მკითხა თხოვნაგარეული ხმით.
- შენ როგორ არ გენდობი, ბოჭო, ბავშობის მეგობარი ხარ - ვუთხარი მოწყენილმა.
- გცალია ერთი საათით? - მკითხა მან.
- რა გინდა? - შევუბრუნე კითხვა. თუ მენდობი, ისეთ ადგილას წაგიყვან, სადაც მოგარჩენენ…
- ვა?! - შევიცხადე მე და გამეცინა.
ერთი საათის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ვიდექით.
-აი ვინ უნდა გიყვარდეს, მითხრა და მაცხოვრის ხატისაკენ გაიშვირა ხელი, როგორც კი შეიყვარებ, სევდა იმ წუთში მოგეშვება. - მითხრა და გამიღიმა.
მამა ბესარიონი ამბიონზე იდგა და ქადაგებდა. რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა… ასეთი გრძნობა ნაზამთრალ მიწას შეიძლება ჰქონდეს.
მეორე დღეს, ბოხვერამ გამოაცხადა, ღვიძლი მაწუხებსო და მის ნაცვლად ნიკა თამადობდა სუფრას. ერთ სადღეგრძელოზე თვალი თვალში გამიყარა, ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს მზე ჩატეულიყო მის ფიქრებში.
- იცი ხათ, ერთმა ყარაჩოხელმა შებოლილი შამაია დაკარგა და დარდობდა. კინტომ უთხრა: მაგაზე დარდობ, შე კაი კაცო, რა დაგემართაო? შამაიაზე კი არ ვდარდობ, გული იმაზე მწყდება, ვინმე ჰარიფი იპოვნის და ტარანის ეშხზე შეჭამსო! - თქვა და ჭიქა მოიყუდა…
- ეშხს გაუმარჯოს, შამაიასაც, რამდენი ხანია თევზები არ გვიდღეგრძელებია, - ასწია ჭიქა ერეკლემ.
- ბიჭო, ჭკუა არასდროს არ გქონდა, მაგრამ თმა რა უყავი, ტაროთი გასუფთავებულს რომ გიგავს თავი? - მიუბრუნდა ნიკა ერეკლეს და გაიკრიჭა.
- კარგი რა, აღარ უნდა დაჭკვიანდეთ? - აწიწინდა ელისო.
ერეკლემ ველურივით დაიბღავლა.
ატყდა სიცილი და მივხვდი, ვეღარც გავჩერდებოდით…
მეორე დღეს იპოდრომოსკენ გავიქეცი.
- რა თავი მოანატრე ამ ცხენებს, სად ხარ დაკარგული? - მკითხა გიამ და გულში ჩამიკრა.
- აბდულ, ცხენი! - დავიძახე მე.
დაბ. ჟურნალ “ომეგაში” N12. 2000 წ.