რა ეშხით ცეკვავ,
ესპანური ჰანგები ისმის,
მაგ ჭრელი კაბით დაიპყარი
მთელი დარბაზი...
შარფი ფრიალებს გაფრენილი თუთიყუშივით,
ქალო, მაგ თმაში გიელვარებს ვარდი ლამაზი.
ტაშის ხმა ისე ძლიერდება, ლამის წამიღოს,
თვალებით გჭამენ ტურისტები სმენადქცეულნი,
შენი გიტარა მეგობარი კაცივით გიყვარს
და არც იქნები არასოდეს მარტო-ეული;
გეამაყება ეგ სხეული, დარდი არ იცი,
გაგიჟებული დაბზრიალდი შუა სცენაზე
და წინაპრების სახსოვარი - რიტმული ჰანგი,
ადრეც ასევე აბრუებდა სოფლის ტერასებს...
2007.
დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი" 2009წ. და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #19. 2008წ.