* * * (დაღამებულა და ქარი ბღავის}

დაღამებულა და ქარი ბღავის,

ზეცა ქცეულა ღრუბლის ნარჩენად,

მოგონებები წყვდიადში ღამის,

გაცოცხლებულან ფეხმარდ არჩვებად.

 

ყოფილხარ მძიმე სენით სნეული,

გულს ცეცხლიანი ღობე არტყია,

ნოემბერია გადარეული,

აღარც  კვირტია, აღარც ბარტყია.

 

ხანდახან მაინც რა ძნელად ხარობს,

ძირტკბილი ნერგი, მწარე ყვავილით,

ვაი, რომ მაინც არაფერს ვნანობ,

თავქარიანი, ანცი ქალივით.

 

ჩამოაწვიმა ზვინებს, ობიანს,

მძიმე ფიქრებში დავძრწი ღამემდე,

ასეთ წვალებას რით არ სჯობია,

ერთხელ ადგე და... მართლა დაბერდე.


2010.