სიზმარი ქართლში

ხან შხამი ვარ და ხან სათრობელა,

ხან - მაყვლის ბუჩქი, ხანაც - ფუტკარი,

უთხარი, გულო, ვისიც არ გჯერა,

სიზმარში მაინც ნათლად უთხარი!

ყირაზე დგება მთელი სამყარო,

დღე იყო მთვარე, ღამე მზე იყო,

ხომ აღარ გინდა, რაც ადრე გსურდა?

ისევ ისე ხომ ვეღარ ზეიმობ?

მოდის მაისი, მხვიარა ვარდი,

წითელ გვირგვინებს გზებზე დახატავს,

ნელი ნიავი ეჩურჩულება,

იქით ბიწმენდს1 და აქეთ ახატანს2.



2011.

                                               

1-2 - სოფლები ქართლში

დაბეჭდილია წიგნში "ქარიშხლის ტაში" 2012წ. და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #15. 2011წ.