ლომებზე

ლ.კ.-ს

ლომებზე ვდგავარ, მზისფერ ლომებზე,

მიმაგელვებენ ფაფარაშლილნი,

და დედამიწაც ამ სისწრაფეში,

ბრუნავს და ბრუნავს ცოდვის ვაშლივით.

ხომ არ გგონია ჩერდება წამი,

კაენს და აბელს თავისი უჭირთ,

ზოგჯერ შეკრული, ზოგჯერ დაშლილი,

ხან ცარიელი, ხან სავსე კუჭით

კაცობრიობა ტირის და მოთქვამს,

მავნებლობს, ცრუობს, აბეზღებს, იბრძვის...

ხან წმინდანია მისაბაძი და 

ხან მოხდენილი "დიაცი სიძვის"...

კაცობრიობა ტირის და მოთქვამს,

ხანდახან მაინც გმირებს ადიდებს,

ზოგჯერ დიდია ჩვენი სამყარო,

ზოგჯერ ციდა და მოჰგავს სათითეს...

თან, გააჩნია საიდან უმზერ,

ანდა, საერთოდ, ფიქრად რა გიდევს?!

ლომებზე ვდგავარ, მზისფერ ლომებზე,

მიმაგელვებენ თავის ჭკუაზე,

ვიღიმი, ვტირი, მძულს, მიყვარს, ვშრომობ,

ვაშენებ, ვამსხვრევ, არ ვარ უარზე,

ხან სადედოფლო სუფრა ბჟღვრიალებს, 

ხან ვყაბულდები პურის ყუაზე...

ასე იყო და ასე იქნება -

აქეთ, მხედრები, იქით, ჩარჩები,

ჰოდა, ცხოვრებაც განა რამეა,

არც მოკვდები და არც გადარჩები.


2012.



დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი" და ჟურნალში  "ლიტერატურული პალიტრა" #3. 2013.