რაღაც საოცრად მეზარება დღეს ყველაფერი,
არა იმიტომ, სიზარმაცე რომ მიზის სულში,
მე რაც ვაშენე, იმ საყრდენთა ნგრევას ცდილობენ
და ყვავილობა დამიშალეს, ვარდის და ნუშის.
რაღაც საოცრად მეზარება, მიყვარდე ძლიერ,
არა იმიტომ, რომ სიყვარულს ვერ ვგრძნობ სრულებით,
მე ეს ბჟღვრიალა ნატვრისთვალი შემოგთავაზე,
შენ მაგრძნობინე, რომ არსებობს უტყვი გულები.
რაღაც საოცრად მეზარება, მოვიდე თქვენთან
და მოგიტანოთ მოხატული სავსე ხურჯინი,
როცა გესტუმრეთ, ყველაფერი ამოგილაგეთ,
მე რომ დამჭირდით, გამოუშვით ჩემკენ ცრუ ჯინი.
რაღაც საოცრად მეზარება, არ ვიყო მარტო,
არ მეშინია სიმარტოვის უკვე სრულებით,
მე ჩემი მწვანე ფოთლის ქოხის ფანჯარას ვაღებ
და თვალს მიკრავენ გაბერილი ღრუბლის ქულები...
2011.
დაბეჭდილია წიგნში "ქარიშხლის ტაში" 2009წ. და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #15. 2011წ.