საჩრდილობელი

საშური იყო იმ მზიან დილით,

საჩრდილობელში შენთან სტუმრობა,

ვერ ვიმყოფინე ჯერ ჩემი წილი,

ვერც ტირილი და ვეღარც ხუმრობა.

 

ისმოდა ტყიდან ჭიკჭიკი ჩიტის,

სულ არ დაღლილხარ ჩემი ყურებით,

დამთამაშებდა კაბაზე, ჩითის,

სხივები _ ზეცის ნანდაურები.

 

რა მძიმე იყო რამეზე ფიქრი,

სამყარო ჩანდა, ღიმილით სავსე,

უიღბლო კაცის, გქონია, ხიბლი,

ყოველთვის მაინც იმედით მავსებ.

 

შენთვის მიმინო ხშირად გნოლია,

აღარ გაოცებს სიმუხთლე ძლიერ,

გულის სითბო კი გამოგყოლია,

ესაუბრები შლეგსა და მშიერს.

 

აღარ გამომდის ამ მზიან დილით,

საჩრდილობელქვეშ შენთან სტუმრობა,

ვერ მამყოფინე მე ჩემი წილი,

ვერც ალერსი და ვეღარც ხუმრობა.                  

 

2011.


გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"