ნადირობის ქალღმერთი დალი

ეს ფერმკრთალი გარიჟრაჟი,
ეს გიჟმაჟი ქარი,
ქარიშხლების უხვი ტაში
და წითრონი რაში…
ბრალი აბა რაში დამდე,
რაში დამდე ბრალი?!
გაშლილია იორს ბადე,
მთას ნადირობს დალი…
სადღაც დამრჩა აბრეშუმი,
დათმობილი კვერთხიც,
გამიმრუდე ვერცხლის შუბი
და სათქმელიც ვერ თქვი.
მთვარემ სხივი დამაბჯინა,
მხარზე მქონდა ხალი,
მეც მასწავლე ნადირობა,
გეხვეწები დალი!
თორემ ფარჩაც სხვამ ამართვა,
სხვამ ამართვა მძივიც,
გელოდები იმ შამბნართან,
წყარო როა ცივი…
ნადირობდნენ ერთმანეთზე,
ჩემი ბეჭდის თვლებზეც,
გულღია და თვალდახშული,
როგორ უნდა ვთვლემდე?
ისე ქუხს და ისე ელავს,
ვერ დადგება დარი,
ამ ამინდში ნადირობა,
მეც მასწავლე დალი.

.
ჟ. “ჩვენი მწერლობა” 2011წ. N15.