* * * (ღმერთო . . . არც ისე შორია ზეცა)
ღმერთო . . . არც ისე შორია ზეცა,
როცა ლოცვის გზით დაბლა ეშვები,
მე წყარო მინდა, მადლივით, შევსვა,
შენი კურთხევით, შენი პეშვებით.
უკვე ვეწამე, უკვე გაცრუვდა
ამქვეყნიური ხიბლი-იმედი,
ახლა კი მხოლოდ ადგილი მინდა,
ტაძრის ეზოსთან ახლოს, მცირედი.
მე დავძრავ ზეცის პატარა კუთხეს,
ჩემ სამყოფ ღრუბელს ზევით ავიტან
და ყოველ დილით, მზის პირველ სხივთან ერთად
დავიწყებ სუნთქვას თავიდან.
მე გზას გავიგნებ წყვდიადში, ქარში,
იქნებ არ შემხვდეს ცივი ზამთარი?!
ვეცდები მაინც თუკი ვერ შევძლებ,
ღმერთთან და კაცთან ვიყო მართალი.

2007 წ.

დაბ. წიგნში “მზე დაღრუბელი” 2009 წ.