ხელოვნების ისტორიაში არის ერთი უჩვეულო სახელი, რომელიც უამრავი აურზაურისა და მრავალჯერადი კამათის საგნად იქცა. ის 1881 წელს, მალაგაში, მხატვრის – ხუან რუისის ოჯახში დაიბადა. ვაჟმა კი დედის _ მარია პიკასოს გვარი აირჩია.
პაბლო პიკასო, მადრიდის სამხატვრო სასაწავლებლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთში დასახლდა. “პარიზში თავისუფლება ვიგრძენი” – წერდა ის. ეს ქალაქი ყოველთვის იზიდავდა მხატვრებსა და პოეტებს, თითქოს მისი ჰაერი და ყოფა უნებურად, ყველაზე მეტად უწყობდა ხელს თავისუფალ ხელოვანთა აზროვნებას, მათ გამობრწყინებას. ღამე მონმარტრი ზეცასა და მიწაზე ანთებულ ვარსკვლავთა ერთობლივი შუქით ბრწყინავდა, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა პარიზს.
ხელოვანი ხასიათით ნამდვილი ესპანელი იყო; ხოლო, როგორც მხატვარი, გოიასა და ველასკესისგან განსხვავებით, მხოლოდ ფრანგულ კულტურას ეკუთვნოდა.
პიკასო თავისუფალმა შემოქმედებითმა ექსპერიმენტებმა კუბიზმამდე მიიყვანა. ის თავდავიწყებით ეძლეოდა ფორმათა ძიებას. თუმცა ამბობს: “მე არ ვეძებ, მე ვპოულობო”. მხატვარს საკუთარი თავის მიმართ რწმენა, ექსპანსიურობა და იმპულსურობა ახასიათებდა; გამოირჩეოდა უდიდესი ენერგიით. ყოველივე ეს მკვეთრად აისახა მის ქმნილებებში.
პიკასოს მხატვრობა რამდენიმე ეტაპად (ცისფერი, ვარდისფერი, მტრედების პერიოდი…) იყოფა. ის ნახატებიც კი, რომლებიც მის კლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება (“პოეტის პორტრეტი”, “პირველი ზიარება”, “ავტოპორტრეტი”, “არლეკინი” ) მუდამ საკამათო იყო. მისი ფორმათა შესრულების მანერა იმდენად მრავალფეროვანი და უჩვეულოა, რომ ამ მხრივ დიდ ყურადღებას იქცევდა. ეს იწვევდა მხატვრობაში მისთვის განკუთვნილი ადგილის შესახებ ურთიერთგამომრიცხველ აზრებს.
30 წელს გადაცილებული მხატვარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პიკასოს მხატვრობით ინტერესდებოდნენ: აპოლინერი, არაგონი, ნერუდა, კოკტო, ვერკორი, ელუარი… და უძღვნეს მის შემოქმედებას გამოკვლევები, ვრცელი პოემებიც კი; მიუხედავად ამისა, პიკასოსთვის დაუნდობელი კრიტიკაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
პაბლოს მხატვრობაში, ფორმათა ძიების ექსპერიმენტები აღიზიანებდა ჩერჩილს, ტრუმენმა მის შემოქმედებას გარყვნილება უწოდა, ხოლო ჰიტლერმა მუზეუმებიდან ჩამოახსნევინა მხატვრის ნამუშევრები.
ვარდისფერი პერიოდის შემდეგ (1905-6წწ) პიკასო სრულიად ცვლის თავის ხელწერას: ის ეძებს ფორმობრივ ვარიაციებს, მისი ფიგურები კარგავენ სიმრგვალეს. ნახატებში შემოდის ხალისიან ფერთა სიჭრელეც. კუბიზმის პერიოდიდან საგანგებოდ მინდა გამოვარჩიო მისი “გიტარა”(1912), “ხილის ლარნაკი”(1917), “ყვავილების ვაზა”(1943)…
ამ შემოქმედის სახელი აღელვებდა საზოგადოების სხვადასხვა ფენას. ხშირად, მასზე გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გამო, ადამიანებს შორის გაჩენილი დაპირისპირება დიდ აჟიოტაჟს იწვევდა; თითქოს პიკასოს მჩქეფარე და ენერგიული ხასიათი ასეთივე მოზღვავებული მუხტით ავსებდა მის შემფასებელთა განწყობილებებსაც, რაც მათ შორის გამართულ ზღვარსგადასულ კამათში აისახებოდა. დაახლოებით ოთხი ათეული წლის წინ, როცა პიკასოს მიერ გაფორმებული საბალეტო სპექტაკლის (“აღლუმი”) დეკორაციები იხილა მაყურებელმა, დარბაზში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა განსხვავებული შეხედულებების მიზეზით. მასზე საუბრობდნენ ყველგან: საგამოფენო დარბაზებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი.
მხატვრის ენერგია და სიყვარული ფერწერას და ქალებს თანაბრად ეთმობოდა. ხელოვნების გამო არასდროს უთქვამს უარი ამქვეყნიურ ტკბობაზე. მისი პირველი ცოლი საბალეტო დასის ულამაზესი მოცეკვავე ოლგა ხოხლოვა იყო (1918-1935); ხოლო, მეორედ, 1953 წელს 72 წლის პიკასომ აირჩია 26 წლის ჟაკლინ როკი. მათ თორმეტი წელი გაატარეს ერთად და პიკასოს გარდაცვალებიდან ცამეტი წლის შემდეგ, ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. პიკასოს ათეულობით საყვარელი და ამასთანავე უამრავი მოდელი ჰყავდა გვერდით, რომელთა “შეცნობაც”, როგორც მისი თანამედროვენი იგონებენ, მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. “მე ნატურას არ ვხატავ, მე მისი დახმარებით ვხატავო” _ წერს ის; თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში პიკასოს ნამუშევრები სქესობრივი ლტოლვისა და ეროტიკის აპოლოგიად იქცა. ასეთი თემების მიმართ დაუოკებელი სწრაფვა, ამ საოცრად საინტერესო, ორიგინალური და გამორჩეული მხატვრის ერთგვარ “უსიამოვნო უცნაურობად” შეიძლება მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ამ პერიოდის მხატვრობა განსაკუთრებულს ვერაფერს სძენს მის დიდ ხელოვნებას. აქვე უნდა გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ნახატი, რომელიც გარეგნულად, თითქოს, იგივე თემას ეძღვნება ოღონდ, ამ სურათით, პიკასო ზემოთქმულისაგან განსხვავებით, ნამდვილ და სრულყოფილ ფერწერას გვთავაზობს.
1936 წელს ის ქმნის ნახატების სერიას, რომელთა შორისაც გამოირჩევა “დორა და მინოტავრი”. დორა მარი პიკასოს საყვარელი ქალი, რამოდენიმე წლის განმავლობაში მისი მუზა და ცხოვრების მეგობარი იყო. დორა არაერთგზის ჰყავს მას გამოსახული. მხატვრის მჩქეფარე და მოუსვენარი, მარად ცვალებადი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები, რასაკვირველია, ხშირად ასულდგმულებდა საკუთარ შემოქმედებით სიუჟეტებს.
53 წლის მხატვარმა თითქოს ახალი ენერგია აღმოაჩინა საკუთარ თავში და სიყვარულსა და ხელოვნებას თავდაუზოგავად მიეცა. მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ძალზე იოლად უძლებდა ამგვარ ყოფას. ამ ორ “დემონთან” ერთდროულად გამკვლავება, სხვა მხატვართაგან განსხვავებით, პიკასოსთვის არ აღმოჩნდა საშიში და დამღუპველი.
ჩვენს მიერ დასახელებულ ნახატზე ორი ფიგურაა: დორა _ ქალი და მინოტავრი _ ხარისთავიანი სხეული. შიშველი ქალი მდელოზე დაუწვენია მინოტავრს. მდელო მწვანეა. ეს არის ყოფის, არსებობის, მარადიულობის გამომხატველი ფერი. მინოტავრის უკან ფონი მოალისფრო-მოწითალოა. ეს ფერი შერჩეულია გზნების, გულისცემისა და სისხლის აჩქარებული მოძრაობის მისანიშნებლად. შიშველი მინოტავრი ანუ მამაკაცი-ცხოველი თავდაჯერებული მოუთმენლობით დაჰყურებს ქალს. ის მუხლებზე დგას. ერთი ხელით დორას ფეხი უჭირავს, მეორე _ მის მკერდთან აქვს. მინოტავრის შიშველი ტანი სქესობრივი აქტისადმი ლტოლვას განასახიერებს. დორას თეთრი, სრული სხეული წინააღმდეგობას და კონტაქტისათვის მზაობას ერთდროულად გამოხატავს. ქალი გახელილი თვალებით შესცქერის მინოტავრს. ის მოშვებული მიგდებულა მდელოზე და ოდნავ კისრისკენ აზიდული მხრები, წინ წამოწეული მკერდი, გაშლილი ფეხები გვაგრძნობინებს, რომ ვნებას აჰყოლია. აქ პიკასო ჯადოქრის სიზუსტით გადმოგვცემს “ვითომ”, და, ნახევრად ნაძალადევი ინტიმური ურთიერთობის იმ მხარეს, როცა ძლიერი ენერგია აუცილებლად აღწევს შედეგს; ხოლო “მსხვერპლი”, თითქოს საკუთარი ლოგიკისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, თავის “გადარჩენის ნიშნად” ემორჩილება არსებულ ფაქტს. ნახატზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთსაწინააღმდეგო სახასიათო ნიშნის, ერთმანეთის მიმართ მიზიდულობის უცვლელი კანონის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა გამოსახული.
პიკასო აღწევს ფუნჯით მოგვითხროს ის სიუჟეტი, რომელიც მან მოამზადა და არ გვაძლევს ფანტაზიის საშუალებას. ის, ამგვარი თემის შემოთავაზების დროსაც ხშირად იმარჯვებს.
მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების ნაირსახოვანი ამპლიტუდები მეტყველებს იმაზე, რომ ამგვარი ექსპანსიური ნამუშევრების გვერდით, მის მხატვრობაში, მრავლად არის უნაზესი თემები; სადაც, სიმშვიდის მოპოვებისა და სიბრძნის წვდომის შედეგი, ამქვეყნიურ სიამეთა უკიდურესი უარყოფაც გვხვდება. მოვიგონოთ სურათი “ორი და” (შეხვედრა).
მხატვარი ამჯერად რელიგიურ სიუჟეტს დასტრიალებს. ორი ქალი შეხვედრია ერთმანეთს. მათი თალხი სამოსი და თავსაბურავები კისრიდან ფეხის კოჭებამდე ფარავს ფიგურებს. მონაზვნებს თავები ერთმანეთისკენ მიუპყრიათ. მოუჩანთ მხოლოდ სახეები, შიშველი ხელის მტევნები და ფეხის ტერფები. ფონიც ბინდისფერია. ირგვლივ საოცარი სიმშვიდე სუფევს. ერთ დას თვალები დაუხუჭავს და საკუთარ ფიქრებს ჩაღრმავებია. მეგობრები არც კი საუბრობენ. ისედაც ნათელია მათთვის ყოველი. ნახატზე საგრძნობია, რომ ეს ხანმოკლე სიამოვნება ერთად და ერთმანეთის გვერდით ყოფნა, მონაზვნებისათვის ამქვეყნიურ სურვილებთან დამაკავშირებელი უმნიშვნელო ბილიკია. როდესაც ნახატს აკვირდები სევდა გეუფლება; ხვდები, რომ ეს უსიხარულო შეყრა ის “მაქსიმუმია”, რაც დებს ჯერ კიდევ შერჩენიათ მიწიერი ყოფიდან. მხატვართან ერთად განიცდი მათ უჩინარ (ოღონდ, არა უფლისთვის) ყოფას. ეს არის მეგობრული და არა საქმიანი შეხვედრა; რაც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ ადამიანებთან გვაქვს საქმე და არა უხორცო წმინდანებთან. ამიტომაც არის დასაფასებელი ის ღვაწლი, რაც მათ სულის გადასარჩენად, წუთისოფლის სიამეთა უარყოფით უტვირთავთ. ფიგურების სახეთა გამომეტყველება გვაგრძნობინებს, რომ მათთვის ტრაგიკული განცდები ჯერ კიდევ არ არის უცხო და საბოლოო სიმშიდემდე მისასვლელი გზა ისევ გრძელდება.
ნახატში დების სახეებზე კოსმიური სამყაროს შეცნობის სურვილია ასახული. პიკასო ახერხებს ჩასწვდეს ცოდნაზე დამყარებულ სიმშვიდეს, ადამიანის სულის მოძრაობას; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მხატვრის ექსპანსიური და ცვალებადი ცხოვრების წესისა, მას აქვს უნარი აღიაროს დიად ფასეულობებზე დაფიქრებულ კაცთა უპირატესობა; პიკასო აფასებს ყველაფერს, რასაც ადამიანის გული შეუპყრია და სულით-ხორცამდე შეუძრავს. ის მაქსიმალისტია და არ ცნობს სანახევრო სურვილებს, სანახევრო ქმედებებს.
შემომქმედი ხშირად უტრიალებდა შემდეგ თემებს: დედა-შვილობა, ომი, უბრალოების ხიბლი, მხატვრის ტრაგედია… უყვარდა ზოგიერთი მითოლოგიური გმირის, აგრეთვე ხართა ბრძოლების, მტრედების ხატვა.
პიკასოსთვის მტრედი ფრინველი კი არა, საკუთარი შემოქმედების თანამგზავრი იყო.
მხატვარი სამუშაოდ იყენებდა ყველანაირ მასალას: ქაღალდს, ტილოს, ცარიელ კოლოფებს, ფანერას, კედელს… ის ვერ იტანდა მოუხატავ სივრცეს. სახელოსნოში საღებავები მთებივით აზიდულიყო. “ახალგაზრდობაში ფული არ მქონდა და საღებავებს ვერ ვყიდულობდი; ამიტომ ახლა, მრავლად მოვიმარაგე უამრავი რაოდენობით, რომ მთელი ცხოვრება მეყოსო” _ უთხრა ერთ გაოცებულ სტუმარს. სახელოსნოში უამრავი სხვადასხვა ყოფითი ნივთი ჰქონდა: ძველისძველი ქამარი, მავთული, თმის სარჭი, ქილა, გალია… არეულობა მას არ აღიზიანებდა, თუმცა ირგვლივ დასაჯდომი ადგილიც ძნელად მოიძებნებოდა. მაგიდებზე _ გრავიურები, მოლბერტებზე _ სხვადასხვა დროს დაწყებული ნახატები, ძირს დაყრილი, წიგნებისთვის შექმნილი ილუსტრაციების ნიმუშები… მისთვის ჩვეულებრივი გარემო იყო. პიკასო სამოცდაათ წელს გადაცილებულიც თავდაუზოგავად შრომობდა. ის 1973 წელს გარდაიცვალა და დატოვა უამრავი შესანიშნავი ნახატი.
“მე არ მაინტერესებს თვალით დანახული გარემო, ვხატავ სამყაროზე ჩემი აზროვნებისა და ფიქრების შედეგს” _ ამბობდა საკუთარ შემოქმედებაზე.
დაბეჭდილია: წიგნში “მზისფერი ქუდი” (2005 წ.) და ჟურნალში “ლიტერატურა და ხელოვნება” N3 2008 წ.