ფიროსმანი

მსოფლიო ხელოვნების საკუთრება და ყველაზე დიდი სახელი ქართული მხატვრობის ისტორიაში – ფიროსმანი.
კაცთაგან უარყოფილი და ღმერთის რჩეული, ადვილად დასაჩაგრი და ძნელად დასამორჩილებელი, ბიოგრაფიადაკარგული, მაგრამ დაუვიწყარი, “მდიდარი” უპოვარი, ამაყი; თავისუფალი წუთისოფელს მორგებულ “ჩინოვნიკთა” ფულისა და ბრძანებებისაგან.
მედროგეთა, დალაქთა, ყასაბთა, მედუქნეთა, მიკიტანთა… წრეს არ თაკილობდა, რადგან, ჩვენი ცხოვრების ერთი დაუწერელი კანონის მიხედვით, ხშირად თავს ის ადამიანები იწონებენ, ვისი სიცოცხლეც არაფრად არ ღირს… სამაგიეროდ, ნიკოს გარშემო იყვნენ მოკეთეები, ვინც იცოდა ნამდვილი მეგობრობის ფასი. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მედუქნე ოზმანაშვილისაგან ფიროსმანის ნახატების ყიდვა უნდოდათ. მას კი უთქვამს: სურათი “მე ნიკალას სახსოვრადა მაქვს, ფულში ვერ გავცვლიო”.
სიყვარული მაშინაც შეიძლება ადამიანისა, როცა მისი ფიქრები უცხოა გვერდზე მყოფთათვის, როცა მისი არ ესმით. ასე უყვარდათ ნიკო ფიროსმანაშვილიც. ამიტომ დადიოდა დარდიანი, ხშირად მთვრალი. არაყს სვამდა, მაგრამ დიდ, ჩაით სავსე “სამოვარზე” ოცნებობდა, რომლის გარშემოც მხატვრებს ხელოვნებაზე უნდა ესაუბრათ. ლოთი კი არა, მარტოსული იყო.
როცა ადამიანს უჭირს, ხშირად სწორედ ასეთი კაცი ახსენდება… თითქოს მის მიერ გავლილი სიცოცხლე, მისი ცხოვრებისეული ვაჟკაცობა მეგობარივით უნდა დაუდგეს გვერდით. ფიროსმანზე ფიქრის სურვილი ყოველთვის ჩნდება, რადგან მუდამ ბატონობს ჩვეულებრივი ყოფაცხოვრებითი ურთიერთობები, ადამიანის მიერ ჩვენი თავისავე საზიანოდ დაწესებული “კანონები” და ამ “კანონებით” გამოწვეული სევდა.


ფიროსმანი დიდებულია, თუნდაც იმიტომ, რომ მის სულში დაგუბებული ტრაგიზმით არ ჩრდილავს გარშემო არსებულ სიმართლეს. ყურადღებას არ აქცევს კაცთა სიმკაცრისა და დაუდევრობის გამო დარღვეულ ამქვეყნიურ ჰარმონიას და ახერხებს დაგვანახოს ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მაცოცხლებელი ძალა, ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული მთლიანობა. ის აღწევს მხატვრისთვის მთავარი ნიუანსის ზედმიწევნით მოწესრიგებას: თვალით დანახულის ფუნჯით გადმოცემას ისე, რომ ჩვენ დავიჯეროთ. ეს არის თითქოს ყველაზე უბრალო და ამავდროულად ყველაზე ძნელად შესასრულებული “მისია”, რადგან ფერმწერის პირველი იარაღი სიტყვა და ჰანგი კი არა, ფერი და ხაზია, რომლის მეშვეობითაც ავტორმა ყველაფერი უნდა გვაგრძნობინოს: კიდეც უნდა გაგვაგებინოს, კიდეც უნდა დაგვანახოს, კიდეც უნდა აგვაღელვოს, კიდეც უნდა გვაფიქროს და კიდეც უნდა აღგვაფრთოვანოს. ამას ახერხებს ნიკო ფიროსმანი.
მისი ნახატები მეტყველებს ყველაფერზე, რაც მხატვრის მეხსიერებას ასაზრდოებდა. ჩვენ გვექმნება წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი იყო ალაზნის ველი, ქორწილი კახეთში, გლეხების ყოფა, მათი სამუშაო და ლხინი, თავადების ქეიფი, შოთის პურებითა და თევზებით გაწყობილი სუფრები…
მხატვრობაში გაბატონებული “მკაცრი” რეალიზმის საპირისპიროდ, რომელიც გულისხმობს ტიპოგრაფიულსა და ხაზობრივი სტილის სიზუსტეს, ფიროსმანმა შექმნა თავისი “თვალხატულა” რეალიზმი. მის ფუნჯს აქვს გარემოს გადმოცემის საკუთარი, განუმეორებელი მანერა; ბარაქიანი, დაწმენდილი და ამავე დროს ბინდიანი ფერები; გამორჩეულია მარჯნისფერი. სწორედ ასეთი მარჯნისფერ-ცეცხლისფერი აცვია მის “მეთევზე”-ს. ეს კი, მანიშნებელია, რომ ირგვლივ სიცხის ალმური ტრიალებს. მას თავზე მზისფერი ქუდი ახურავს, დინჯი სახით შემოგვცქერის, წყალში დგას, მაგრამ პერანგის ფერი და მშვიდი სახე გვაგრძნობინებს, რომ არ სცივა. თითქოს სიამოვნებს კიდეც წყლის სიგრილე. ირგვლივ, მყუდრო-ბინდისფერს დაუსადგურებია. წამომართული მცენარეები, უმოძრაო ფოთლები გვაფიქრებინებს, რომ ნიავიც არ იძვრის; არც მდინარე ბორგავს. წყლის დასახატად გამოყენებული თეთრი მონასმები სიგრილისა და სისუფთავის განცდას ტოვებს. დგას მეთევზე დიდი თევზით, ო, რა თევზი უჭირავს?!
ფიროსმანისათვის თანაბრად ხელმისაწვდომია ცალკეულ ადამიანთა გამოსახვა და ჯგუფური სცენები, ცხოველთა ხასიათი და ნახატზე არსებულ სინამდვილესთან მათი მორგება. გარემო არასდროს არ არის ფიროსმანის შემოქმედებაში ფონი, ბუნების თითოეული კომპონენტი ისეთივე მთავარია და ნახატის შესრულების მანერაც იმგვარი, რომ მისთვის მეორეხარისხოვანი ატრიბუტიკა თითქმის მიუღებელია. გავიხსენოთ, მხატვრის მშვენიერი “ირემი”. აქ ეს “ნაზი ცხოველი” ისეთივე მთავარი და მნიშვნელოვანია როგორც მის “უკან” დახატული გადაჭრილი და გადაუჭრელი ხე, ვარდები, ცა…
თითოეული ფერი, რომელიც ამ ნახატის შესრულებისათვის აქვს ავტორს გამოყენებული, განურჩეველი სიმძლავრით არის წინ წამოწეული. საგრძნობია თანაბარი სიძლიერის ფერთა გამა. ისინი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და საოცარი ჰარმონია სუფევს. მიდამოსა და ირმის გამოსახვის დროს, თავს იჩენს ფორმათა ნათესაობაც (ირმის თვალები, ვარდები, ფოთოლთა დაგრძელებულ-მგრვლოვანი კონტურები, თეთრი ფერი კუდთან…)
ამ ნახატში დამკვიდრებული იდეალური ჰარმონიის კიდევ ერთი, მთავარი მიმანიშნებელი მომენტია ზეცის ფერი და ირმის თვალები. აქ ფიროსმანის ცა ისეთივე სანდო და მშვიდია, როგორი მზერითაც გამოირჩევა ირემი. მასში საცნობია ხასიათი ალალი, ფიქრიანი, მიამიტი, მიმნდობი ადამიანისა. ამ თვალებიდან ნიკო ფიროსმანის სული იყურება.
ერთი მიკიტანი იგონებს: “ნიკალა არაყზე თუ გინდ გაფრენილ ფრინველს დაგიხატავდაო”. თავისი ფუნჯით შოულობდა ყოველდღიურ პურს და ღვინოს. ცვლიდა ერთ ჭიქა სასმელზე თავის მშვენიერ ნახატებს… ეკიდა დუქნებში მისი: “ქალი კვერცხებით ხელში”, “ბავშვი ჯორზე”, “შოთა რუსთაველი”, “დედოფალი”, “ქართველი დედაკაცი ბავშვით”, “ვერძი”, “ლომი ირანისა”, “ჟირაფი”, “კინტოს შვილი”, “ქალი ბუშტით”… ბევრი ნახატი სასტუმროდან ან სხვა პატარა სავაჭრო ჯიხურიდან დაიკარგა.
ფიროსმანი არ ტრიალებდა მხატვართა, მუსიკოსთა, მწიგნობართა… საზოგადოებაში და მარტოდ-მარტო, საკუთარი სულიდან ამოზრდილ სამყაროში ცხოვრობდა. მას მთვარემ აჩუქა ფუნჯები.

 

2005 წ. (“წიგნიდან მზისფერი ქუდი”)