ხელთათმანი დუელისთვის

არც ცრემლებია, არც საყვედური,
აღარც უაზრო თავის მართლება,
სადღაც წავიდა ის შლეგი წლები,
როცა ვიყავი სხვებზე თავნება.
          ქარმა შეშალა მსხმოიარე ხე,
          ლამაზთვალა და ლამაზყურება,
          რა გულგამსკდარი ქალივით იცის,
          ბროწეულებმა შემობრუნება.
ირწევა ტოტი და ყვება ამბავს,
პირველად მივხვდი, რომ თავს ვღალატობ,
მე სუყველაფერს თავიდან ვიწყებ,
შენ – პასუხს მოგთხოვ გულო-ჯალათო.
          სინანულივით ნაზია ცრემლი,
          ოცნებასავით ურჩი და წმინდა,
          ჰოდა, ამ ცრემლით წუხელ მოვქსოვე,
          ხელთათმანი და ქათქათა წინდა . . .
დუელში გიწვევ დარდო ხარივით,
ვიცვამ მოქსოვილ ლამაზ ფაჩუჩებს,
ყველა სიცრუის თავშესაფართან,
ციხეს დავლეწავ, როგორც ნაჭუჭებს.
          მე ნახანძრალი და ნაჯაფარი,
          ისევ გავიშლი ვარდისფერ ზეწარს,
          და ვერ წამიღებს ქარი ვერსაით,
          ვით მიმორხეულ პატარა ლერწამს.

 

 

2005 წ.

დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”