დამწიფდა უნაბი,
ვაშლი და გულაბი,
ქარვისფრად ღვივიან
ზედაზნის მახლობლად,
მადლობა შემოქმედს
ამ თბილი მიწისთვის,
მტკვრისთვის და რიწისთვის,
ბზიფისთვის მადლობა.
მადლობა უშბისთვის,
დიკლოსთვის, მუცოსთვის,
ჯვრისთვის და როკისთვის,
ცრემლისთვის მადლობა;
უსმინე ნოემბერს,
ნიავმა
ხრაშუნა ფოთლები გაფანტა
კოლხეთის დაბლობთან.
დამწიფდა უნაბი,
ვაშლი და გულაბი –
ღვივიან ტოტებზე,
მზე ჩადის. ბინდია . . .
მთებიდან, ფიქრებით
დაღლილი ჩამოდის,
უბელო თეთრონით,
უხანჯლო მინდია.
2005 წ.
დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”