ცრის, ნელ-ნელა ცრის, წყნარად და ჩუმად,
უბედურიც და ბედნიერიც ერთად ვარ თითქოს,
რას ფიქრობს ხოლმე სულ არ ვიცი უიღბლო კაცი,
სამაგიეროდ, ქალი ვიცი რაზედაც ფიქრობს.
სულ უკუღმა მაქვს აწყობილი დღეც და საღამოც,
მე როცა ვტირი, დედის ნაცვლად, ხომ შვილი მკოცნის…
ვზივარ ტყის პირას. აგვისტოა; სურამში გრილა,
მესაუბრება შენს მაგივრად ნაძვი და ბორცვი.…
ცუდად მეძინა, კარგად როგორ დავიძინებდი?!
მითხრეს: შენ ალბათ სიზმარშიაც ქარი შეგყვაო…
სიზმარში ქარი, ცხადში – ლანდი, გვედზე – ღალატი,
ცაო! ხან წვიმის მაგივრადაც შენგან სეტყვაო…
ცრის, ნელ-ნელა ცრის, წყნარად და ჩუმად,
ბედნიერიც და უბედურიც ერთად ვარ ახლა,
ჩამოვარდნილი ვარსკვლავებიც უკვალოდ ქრება
და შენს მაგივრად გარინდული საღამო მახლავს.
2005 წ.
დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”