გრიგალს ვებრძვი, ვებრძვი გრიგალს,
ოღონდ ჩუმად, გულით ვებრძვი,
ჩემს ნერვებზე იწერება მაჟორული სიმფონია…
და ნოტები ჟღრიალებენ:
არ გაგექცეს ოქროს ვერძი…
არ დანებდე, არ დაიბნე, მოერიდე რია-რიას.
რა ვქნა? ტაძარს ხშირად ვსტუმრობ,
ვსტუმრობ გელათს და სამთავროს,
მაგრამ, რომ ვერ დაგიჩოქე,
სიბრძნის ღმერთო, არ დამჩაგრო!
ალუბლები სკდება გულში,
გრიგალს ვებრძვი, მომეხმარე!
თან საჭრეთლის ღრჭიალივით,
ჭრიჭინებმა მომახალეს:
შენ ბულბული არ გიგალობს,
არ გიმარგლავს გნოლი ყანას!
ქარიშხალმა დაჰკრა ტაში:
ნანა, ჩემო შვილო, ნანა.
ტყვიამ მომინათლოს სიტყვა,
ჩემი გული სარანგია,
ჩამეხუტე ქარიშხალო!
მარტო ტაში რას მარგია?!
არ გავხდები არავისი,
არც მონა და აღარც კერძი.
გრიგალს ვებრძვი, ვებრძვი გრიგალს,
ოღონდ, ჩუმად, გულით ვებრძვი.
2010 წ.
დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)