ცეცხლის ენები

ცეცხლი გადმოსკდა მეხის საშოდან,
ელვამ თვალები მოსჭრა შევარდენს,
მერე წითელი, მწველი ენები,
უღრან ტყეშიაც სწრაფად შევარდნენ.
ო, ასე იცის გულის შეგლეჯაც,
რას მოერევი ტრფობას ცად ამძვრალს?!
და როგორც ცეცხლი, მინავლებული,
კვალსაც არ ტოვებს, ტოვებს ნახანძრალს.
გრგვინვის შემდეგაც ფიქრობ დაღლილი,
რომ ეს მიდამო მტერივით გიტევს,
მერე მდელოზე უფლის მადლივით,
თავიდან ამჩნევ ჭრელგულა ჩიტებს.
თუ გინდა კიდევ რომ გაიოცო,
დაიმეგობრო მთვარეც და მზეცა,
ერთხელ უსაყდროდ უნდა ილოცო
და უპატრონოდ ახვიდე ზეცად.
თუ გინდა, გულში იმედი გედგას,
ნუ გაიმარჯვებ “ტროას ცხენივით”,
ვინ რას უწოდებს ძლიერს და მედგარს,
ვისთვის ვინ არის პირშერცხვენილი?!
თენდება. ღამეც მიიძურწება,
ქოთნის ყვავილი ნებივრად ხარობს,
ვერ გაიხარეს გულით ძუნწებმა,
ვერავინ უთხრა _ პირიმზე-ხარო.
ცეცხლი გადმოსკდა მეხის საშოდან,
ელვამ თვალები მოსჭრა შევარდენს
და მერე, ცეცხლის მწველი ენები,
უღრან ტყეშიაც სწრაფად შევარდნენ.

 

2010 წ.

დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)