სარფთან

მე გაყიდული შენი შვილი ვარ,

გადარჩენილი საზღვრების იქით,

დროს ველი _ ჩემთვის როდის დაიწყებს

საწუთრო ბრუნვას ზრუნვით და ფიქრით. 

დაქვრივებული პატარძალი ვარ, 

ჭური ვარ, ღვინით რომ არ ივსება, 

სუყველაფერი წამართვეს, მაგრამ 

არ დამიკარგავს მაინც ღირსება.

მე ვარ მლოცველი უეკლესიოდ,

დაბადებიდან შვილი ობოლი,

ხე ვარ, რომელსაც იქით მოუყვა,

ერთი ტოტი და ასი ფოთოლი. 

მე მიმინო ვარ, შენგან გაწვრთნილი, 

ნანადირევით რომ ვერ ბრუნდება, 

რქაწითელი ვარ, სხვისკენ გაწვდილი, 

რქაწითელი ხომ არ გახუნდება.

მე ტკივილი ვარ ციდან მოსული,

მოურჩენელი, სიმწრის ცრემლებით

და რასაც ფიქრობს ქალი ორსული,

გულში ოცნებით და იმედებით _ 

ველი და ველი მზის გამოჩენას, 

აყვავილებას, გაზაფხულს ნამდვილს, 

კვირტები ზღაპრებს რომ მოჰყვებიან 

და ძირს დამიგდებს ღიმილი მანდილს.


2001.

წიგნიდან `აკაციის ხეივანი~