*** (ნუ გეშინია)

ნუ გეშინია, არა ხარ ქმარი,

არც საყვარელი და არც ვიღაცა,

მიძინებული გრძნობა უეცრად

შენსკენ ფიქრებმა გამოიტაცა.

ბჟღვრიალებს ზეცა უფლის ცრემლებით,

ულოცავს მიწას ცისკრის გაჩენას,

ხორცი რად მინდა, იაფად ფასობს,

განელებული ვნების ნარჩენად.

არც სული მინდა, როდის ვითხოვე?! -

დაანაწილე, რაც გაბადია,

ოღონდ გახსოვდეს _ მეც ვიცი ფრენა,

სულაც არა ვარ ვინმეს გადია.

როგორ მოჰკვეთეს დიდოსტატს მკლავი,

მაინცდამაინც თანაც _ მარჯვენა,

ეს იმას ნიშნავს, რომ ძნელი არის,

სამყაროს ცენტრის გულზე დაბჯენა.

ბჟღვრიალებს ზეცა უფლის ცრემლებით,

ულოცავს მიწას სულის გაჩენას,

ხორცი რად მინდა, იაფად ფასობს,

განელებული ვნების ნარჩენად.


1998.

Gგამოქვეყნებულია ჟურნალში `ცისკარი~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~