ქეთევან შენგელია - პოეტი  

 

დაიბადა 1965 წელს ქ. თბილისში, ქიმიკოსების ოჯახში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იქვე დაიცვა დისერტაცია ლიტერატურის ისტორიაში(ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან) დაამთავრა კინოდრამატურგიის და ფერწერის ფაკულტეტებიც. არის მწერალთა გაერთიანების "მნათობის" გამგეობის და რამდენიმე სამწერლო გაერთიანების და ასოციაციის წევრი; აგრეთვე, ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ქართულ-ესპანური კულტურის ცენტრის წევრი; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეგობართა კლუბის წევრი. 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ქეთევან შენგელიას ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებში და კრებულებში საქართველოში, უცხოეთში. მისი მოთხრობის მიხედვით ზ. კანდელაკმა დადგა რადიოპიესა "პანდა".

 

მუშაობდა სხვადასხვა ადგილას: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ტელევიზიაში "მზე"; 1993-2007 წლებში - წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტში მეცნიერთანამშრომლად. არის ფილოლოგიის დოქტორი და თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურსს - უახლესი ქართული ლიტერატურა, აქვე, 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ლიტერატურულ სახელოსნოს'. არის ასამდე ლიტერატურული საღამის ორგანიზატორი; იყო თსუ-ს "ქალთა საკრებულოს' წევრი. 2011 წლიდან ასწავლის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს "ლიტერატურულ-შემეცნებით სახელოსნოს". 2006 წლიდან 2014 წლამდ მუშაობდა აგრეთვე შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერთანამშრომლად. 2010 წელს მიჰყავდა ინტერნეტ ტელევიზიაში საავტორო გადაცემა "საუბრები ხელოვანთა შესახებ" (რაფაელის, ვაჟა-ფშაველას, ანტონიო გაუდის, ჩარლი ჩაპლინის, პაბლო პიკასოს, მეტერლინკის, სემუელ ბეკეტის, ემილი დიკინსონის, გაბრიელა მისტრალის, ვან-გოგის, ერნესტ ჰემინგუეის, მიხეილ ჯავახიშვილის,  და სხვათა შესახებ); 2010-11 წელებში მიჰყავდა საავტორო ყოველკვირეული რადიორუბრიკა 'მშვენიერების სამყაროში'. გამართულია მისი 14 პერსონალური საღამო.

2017 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ პროექტს „სამი სავარძელი ხელოვანთათვის"; სადაც თვეში ერთხელ ხდება სამი განსხვავებული სფეროს  (მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა) შემოქმედის ერთობლივი წარდგენა. 2017 წელს დააარსა Art კლუბი „შავი ლომი"

მიღებული აქვს: აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (2016), ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია (2017), ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია (2017) ანა კალანდაძის სახელობის პრემია (2015) და ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე - "წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი"

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჰობი: ფერწერა, არქირექტურა, ცხენოსნობა.

 

მკითხველი ქეთევან შენგელიას შემოქმედებას იცნობს შემდეგი წიგნებით: 

"თოვლივით თეთრი მწუხარება" 1997. (ლირიკა);

"აკაციის ხეივანი" 2002. (ლირიკა);

"ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველასთან" 2005. (ნარკვევი);

"მზისფერი ქუდი" 2005. (ლიტერატურული ნარკვევები და ესეები);

"ცეცხლი და მდინარე" 2009; (ლიტერატურული ნარკვევები და ესეები);

"მზე და ღრუბელი" 2009; (ლირიკა);

"ქარიშხლის ტაში" 2012. (ლირიკა);

"გამარჯვებული ყოველთვის, ტრაგიკულიც რომ იყოს"(ფიქრები ვახტანგ კოტეტიშვილის სამყაროს შესახებ) 2012 (ნარკვევი);

"ასი ლექსი" 2014.