მგლოვიარეა თბილისი და აცვია რუხი,
ნახე, რამდენი თეთრი ცრემლი ისევ გაბრწყინდა,
შენ, იმ ქალაქში ცივ პეიზაჟს როცა დახატავ,
ალერსიანად მოგიგონებს მაინც მთაწმინდა...
დაცარიელდა დაღლილი და ნაგვემი ქუჩა,
იმედმა ყულფი ჩამოჰკიდა თავისთვის ბაწრის...
ძოწისფერ ცილინდრს შეისწორებ თავზე მაესტრო,
უცხო ქალაქში, სევდით მთვრალი, კარდაკარ დაძრწი.
წადი, თუ გინდა, შენს გაქცევას შევწირავ მხედარს,
ეგ რა ბავშვივით მგრძნობიარე სული გქონია,
ოღონდ იცოდე, გული ყველგან ყველაფერს ბედავს,
მანძილი ვერ კლავს უსაშველო მელანქოლიას...
იღვიძებს ბავშვი და მზიანი თვალებით მიმზერს,
ფუნთუშა თითებს ჩაუბღუჯავს საბნის ნაპირი,
შემინდე ერთხელ უარყოფა, როგორ გამოგდის
იყო ნაზი და ამავე დროს ასე „ვამპირი“...
მოციქულები გამოგზავნა სიკვდილმა ისევ,
მხრებზე მანტია მოახურეს შავმა ნისლებმა
და საქართველო დაკორტნილი, მკერდგაღეღილი,
დამარცხებული არწივივით ბოღმით ივსება.
1993.
წიგნიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~