გაუდის თავისი შედევრი "საგრადა ფამილია"
დასამთავრებელი დარჩა...
ოქტომბრის ბოლო,
ბარსელონას ლამაზი პორტი,
კოლუმბის ძეგლი, გრძელი ხიდი,
ბევრი ნათურა...
მოსწყდა, გაუდის მოწყენილი,
ერთი ვარსკვლავი,
ყველაზე დიდი, კაშკაშა და
თვალებხატულა.
ო, რა ღამეა, ანტონიო,
ო, რა ბაღია,
რა სილამაზე დაუტოვე ამ მოზაიკებს,
როგორ გიჭირდა, როგორ წუხდი,
ალბათ, ღმერთკაცი,
ამ ტურისტების ღრიანცელში
ვინ რას გაგიგებს?!
ო, რა ღამეა!
აქ ფიქრობდი ალბათ, მაესტრო,
გადარეული, დარდიანი, ღამენათევი,
ისე წახვედი ამ ქვეყნიდან, რომ შენს ტაძარში,
ერთხელ ხალისით ვერ დაანთე
თაფლის სანთელი.
ო, რა ღამეა!
აქ ხატავდა მტრედებს პიკასო,
გემები დგანან და მორჩილად დილას უცდიან,
კაპეადორი აფრიალებს თითქოს მოსასხამს,
მიდი ტორერო, დღეს შემხვედრი ქარი სუსტია!
2007.
გამოქვეყნებულია წიგნში "მზე და ღრუბელ" 2009წ. და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა"