პანდა

იმ დღეს დედას დეიდაშვილთან-ლალისთან მივედი; გადასარევი ქალია. საკუთარი დეიდისგან არ ვანსხვავებ. საღამოს სუფრა უნდა გაეშალათ და თითქმის მთელი ნათესაობა მასთან ვიკრიბებოდით. ბინა თავისებურად არის დაპროექტებული: ერთი ოთახი ძალიან მოწყვეტილია სხვა დანარჩენებისაგან; სწორედ ამ ოთახის კარია მუდამ მიხურული და ლალის მეუღლეა, საკუთარი ნებით, შიგ გამოკეტილი. ასე იყო მაშინაც… ლალი მაღალი, შავგვრემანი ქალია. ასაკი ძალიან დაეტყო, მაგრამ თავისი ხიბლი არ დაუკარგავს; ის, მაღალქუსლიანი ქოშებით, ტანზე მომდგარი, გრძელი, ნაქსოვი კაბით ტრიალებდა ოთახში. ძალიან უხდებოდა ამგვარი ჩაცმულობა. მისი ორივე ვაჟი საქმიანად დარბოდა და ნაწილ-ნაწილ ამოჰქონდათ მაღაზიიდან ბორჯომი და ლიმონათები. 

 

სამზარეულოში ლალის და _ ეკა ტრიალებდა. გამოიხედა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ. ყურადღებას იქცევდა მისი გრძელი, საგანგებოდ მოვლილი, წითლად შეღებილი ფრჩხილები. ეკას აქვს ხშირი, ხვეული, მოწითალო-მოყავისფრო თმა, ძალიან სიმპათიური სახე, კარგი თანამდებობა და ცუდი ფეხები.

მოგვიანებით დედა და დეიდაც მოვიდნენ. “დამხმარე რაზმი სამზარეულოსთვის” _ გავიფიქრე მე. დედაჩემი, როგორც ყოველთვის, საგანგებოდ იყო გამოწყობილი. დიდი, მწვანე თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა. მის ლამაზ, თეთრ სახეს, რომელსაც, როგორც ამბობენ, ასაკი არაფრით არ დაეტყო, შვენოდა ზურმუხტისთვლიანი საყურეები. დედას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. უყვარს წვეულებები. მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ისე იყო მოვლილი, მაღაზიის დახლიდან ორი წუთის წინ გადმოღებული გეგონებოდათ; თმაზე ეტყობოდა, რომ დღევანდელი დღისთვის საგანგებოდ წასულიყო სალონში, თუმცა დედაჩემის ქერა თმას ყოველთვის ეტყობა ეგ. დეიდა მედიკოს უფრო სადად აცვია ხოლმე, ოღონდ, დიდი და ძვირფასი სამკაულები მოსწონს. ასაკით დედაზე უფროსია და ცოტა მსუქანიც. უზარმაზარი ბეჭდების და საყურეების  გარეშე  არასოდეს მინახავს; ასე მგონია ამ სამკაულებით დაიბადა. ამათ რომ ვაკვირდებოდი ჩემი  თავის შემრცხვა. რა ბეჭედი, რის ბეჭედი?! მოვედი ჯინსით და შავი პულოვერით. რადგან შარვალი მიხდებოდა, ყველგან ჯინსით დავდიოდი. ხელზე თვლებიანი სამაჯურის ნაცვლად, დაჭრილი ტყავებისგან გაკეთებული, როგორც დეიდაჩემი მედიკო იტყოდა, “მაიმუნობა” მეკეთა. ჩემი ცისფერი თვალების “საპატივცემულოდ”, ტყავები ცისფერი, პრიალა თოკებით იყო ერთმანეთზე გადაბმული. დედაჩემის მცდელობის მიუხედავად, თმა ერთი სარჭით ზევით მქონდა აწეული. მთელ ჩემს მორთულობას ლამაზი ჩანთა შეადგენდა, რომელიც, რასაკვირველია, ხელში არ მეჭირა და შემოსასვლელში, კართან, საკიდზე იყო ჩამოკიდებული.

_ ხედავ, მედო?! როგორ არის ჩემი შვილი მობრძანებული? _ მიუბრუნდა დედა თავის დას.  

_ გენაცვალოს დეიდა, ჩემო დახატულო, რატომ უხეთქავ ჩემს დას გულს. რა გენაღვლება, როცა ნათესავებთან მოდიხარ მაშინ მაინც ჩაიცვი დედაშენის ნაყიდი ლამაზი კაბები?! _ მითხრა დეიდამ და გულში ჩამიკრა.

_ თეა, ნამცხვარს დაჭრი? _ გამოსძახა დედას ლალიმ.

ქალები სამზარეულოში შევიდნენ და “პოლიტიკური მიმოხილვა” გააჩაღეს. აივანზე გავედი. ბაძაშვილებს ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ ჩანდნენ. მომწყინდა, ოთახში შევბრუნდი და კორიდორს გავყევი. კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს ვათვალიერებდი. ზოგ ნახატს ჩარჩო ჯობდა, არ მიყვარს როცა ასეა. გარშემო ყველაფერს სიმდიდრის კვალი ეტყობოდა, მიუხედავად ამისა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, ავეჯი და გადასაფარებლები, ფარდები, ლალის გემოვნებით ჰქონდა შერჩეული. ბოლო ოთახის კარი გაიღო და იქიდან ლალის ქმარი გამოვიდა. ის ძალიან მაღალი, საშინლად შეუხედავი, მაგრამ გონიერი კაცია. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო შედევრებს, უყვარს მხატვრობა, მუსიკა, არქიტექტურა; მაგრამ, რატომღაც, ჩაკეტილი და მარტოსული ადამიანია, ზოგჯერ უსიამოვნო აურაც ახლავს, ოღონდ, არ ვიცი რატომ.

_ ოჰ, გამარჯობა ხატია, დიდი ხანია მოხვედი?! _ მკითხა კიომ.

   _ იქნება ასე ორი საათი! _ ვუპასუხე მე.

   _ როგორ ხარ, შემოდი! _ მითხრა და თავისი ოთახის კარი უფრო ფართოდ გააღო.

პატარები რომ იყვნენ ჩემი უფროსი ბიძაშვილები, ის ფოკუსებს უჩვენებდა ბავშვებს, ამიტომაც შეარქვეს მეტსახელი. ნათესაობაში აღარავის უკვირს მისი ამგვარად მოხსენიება. ზოგჯერ მეგობრებიც ასე მიმართავენ. მხოლოდ უცხო ხალხი ეძახის ნამდვილ სახელს.

ოთახში შევედი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა სამყაროში გადავსახლდი და ეს ოთახი ამ სახლს არ ეკუთვნოდა. არაფერს არ ეტყობოდა არც სიმდიდრის კვალი და არც ლალის ხელი. ფანჯარასთან იდგა ერთი უზარმაზარი ტახტი, ტახტის წინ _ პატარა მაგიდა. კედლები წიგნების თაროებით იყო დაფარული. მაგიდაზე ბროლის მოზრდილი საფერფლე იდო, ზედ ჩაფერფლილი სიგარეტით, რაფაზე _ პატარა აკვარიუმი. ფანჯარა ისე იყო გაკრიალებული, ვერც მიხვდებოდი ჰქონდა თუ არა მინა.

მე ტახტზე ჩამოვჯექი. ფეხი ფეხზე გადავიდე და სპორტულ ჟურნალს წავავლე ხელი.

   _ იცი, ეს ვინ არის? _ მკითხა კიომ და ჟურნალის ფერად ყდას დაადო თითი.

    სურათს დავხედე.

   _ არ ვიცი _ ვთქვი მე.

   _ ეს ნიკი ლაუდაა, ოღონდ აქ ბოლოდროინდელი ფოტოა, ეს კი მისი ფერარია. ხომ გაგიგია ეს სპორტსმენი? _ მკითხა ღიმილით.

   _ კი, როგორ არა, მე მომწონს ავტორალი…

   _ ესე იგი, შენ ფორმულა-1 მოგწონს _ ტაქტიანად გამისწორა _ აბა, მოდი რას გაჩვენებ?! _ მითხრა და სხვა ჟურნალი გადმოიღო _ შეხედე, აი, თანამედროვე მოდელები…

   _ შენ რომელი პილოტი მოგწონს? _ შევაწყვეტინე საუბარი.

   _ ყველაზე მაგარი შუმახერია. თუმცა, წელს თავიც დაანება სპორტს და ერთმა ესპანელმაც მოუგო _ მითხრა მშვიდად.

_ ალონსომ არა? _ დავუდასტურე მე.

   _ კი ბატონო, აი, მისი “რენო” _ თითი დაადო ფოტოს და შემომხედა.

   _ შუმახერმა სულ რამდენჯერ გაიმარჯვა? _ ვკითხე მე.

_ შვიდჯერ _ მიპასუხა მან.

    _ აქ რომ შვიდჯერ გაიმარჯვებ, მაგარი ხარ აბა რა? _ დავაფასე სპორტსმენი.

   _ ყოველთვის F”ფერარის” მართავდა ხო? _ დავინტერესდი ისევ.

   _ არა. თავიდან “ბენეტონის” აწყობილ მოდელში იჯდა. სად არ აქვს მოგებული გრან პრი: უნგრეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, მონაკოში, სან-მარინოში… ხომ იცი, შეჯიბრისთვის უკვე ჩვიდმეტი ეტაპია დაწესებული _ საუბრობდა და თან ჟურნალს ფურცლავდა.

   _ ვიცი, როგორ არა, გაუზრდიათ რაოდენობა. რა კარგია სისწრაფე _ ვთქვი და ოცნებაში წავედი.

_ ხატია, შენი მანქანა სად არის? _ მკითხა რატომღაც.

   _ დავამტვრიე, გასაკეთებელია! _ ვთქვი და გამეღიმა.

   _ რა გაცინებს? _ გაეღიმა თვითონაც და სიგარეტი გააბოლა.

   _ არაფერი. ველოდები როდის გამიკეთებენ _ ვუპასუხე  მაშინვე.

   _ აი, კონსტრუქტორების ინტერვიუებიც მოგიძებნე. საინტერესოა, მოგეწონება _ მითხრა და ფანჯარა გამოაღო _ ბოლი ხომ არ გაწუხებს? _ მომიბრუნდა ისევ.

   _ მე “მაკლარენი” მომწონს. შენ? _ შევაწყვეტინე საუბარი.

   _ “მაკლარენით” ჰაკინენი გამოდიოდა _ ოღონდ, არ ვიცი მაგ მასალას ვიპოვნით თუ ვერა _ თქვა და ახლა თაროზე შემოწყობილ ჟურნალებს დასწვდა. 

    კიოსთან საუბარი ძალიან მართობდა. მშვიდი და აუღელვებელი კაცი იყო. ასეთი სიმშვიდე ცხოვრებაში დიდი ხნის წინ ხელჩაქნეულ ადამიანებს ახასიათებთ. სწორედ ისინი უთმობენ ამდენ დროს დაუნანებლად სხვებს.

    კიოს შეეძლო თავის საქმეში წარმატებული კაცი ყოფილიყო, თუნდაც მეცნიერი(ყოველ შემთხვევაში, ლალი ასე ამბობდა და ამის გამო ხშირად ბრაზობდა), მაგრამ თვითონ დიდად არ წუხდა ან ეტყობა, ერთხელ ისე შეწუხდა, რომ იმის შემდეგ “შესაშური” ინდიფერენტულობით ეკიდებოდა ამგვარ წარმატებებს; არც სხვებს დასცინოდა, როგორც ასეთ დროს ხელმოცარულმა ადამიანებმა იციან ხოლმე; იყო თავისთვის და კაცმა არ იცის გულში რა ედო. ამბობენ, მისი გამოგონება სხვამ მიითვისა, იმ სხვას, სხვა დანარჩენებმა მხარი დაუჭირეს და ძალიან გაამწარესო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ახლა ის გამწარებულის გარდა ყველაფერს ჰგავდა… ესე იგი, შეიძლება ვერც გაამწარეს.

   _ აი, გიპოვნე! _ ფიქრი გამაწყვეტინა კიომ და გადაშლილი ჟურნალი წინ დამიდო.

მერე ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით სხვა ამბებზეც.

   _ თევზები გიყვარს? _ ვკითხე მისთვის მოულოდნელად.

   _ არა, მაგრამ ვუვლი. ჩემმა შვილებმა იყიდეს ცოტა უფრო პატარები რომ იყვნენ, მერე მოსწყინდათ და მე შემოვიტანე აკვარიუმი ჩემს ოთახში. წყალს ვუცვლი, მაგრამ მაინც დაიხოცნენ, ეს სამი ძლივს გადავარჩინე _ გაიხედა თევზებისკენ _ თუ გინდა სახელები დავარქვათ _ გააგრძელა ისევ.

მე გამიკვირდა და არ შევიმჩნიე.

   _ რა ვიცი… რა სახელები? _ ცოტა დავიბენი.

   _ აი, თუნდაც ფორმულა-1-ის პილოტების _ დაადო ჟურნალს ხელი.

   _ კარგი. ერთი ნიკი იყოს, მეორე – ხუან პაბლო მონტოია _ გავიშვირე თითი თევზებისკენ.

   _ მესამე – ტაკუმა სატო _ დაასრულა ღიმილით.

  კიო ყოველთვის გამორჩეულად მითმობდა დროს. როცა მათთან ვიყავით, ხან რაზე მელაპარაკებოდა და ხან რაზე… აინტერესებდა ჩემი წარმატებები.

შარშანაც, დიდი, თეთრი ყვავილების თაიგულით მოვიდა ჩემთან, არქიტექტორთა კონკურსში ჩემი და ჩემი მეგობრების პროექტმა პრიზი რომ დაიმსახურა. ჩვენი დაპროექტებული შენობა, რასაკვირველია, ვერ დადგეს და ალბათ ვერც დადგამენ, მაგრამ რაც მთავარია ხომ დავხაზეთ? თავი მოვიკალით იმ წელს შრომით ოთხივემ და გვიდევს ახლა ეს პრიზი საპროექტოში უჯარო გენერალივით.

    ასეთმა ნაზმა ქალმა ეს მძიმე პროფესია როგორ აირჩიეო _ მეხუმრება ხშირად და მოფერების ნიშნად საჩვენებელ თითს ცხვირზე მითათუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მოფერების ასაკი კარგა ხანია გამივიდა, ბოლოს და ბოლოს ხუთი წლის ვაჟკაცი მყავს, თანაც თავის კუთვნილ წონას მგონი ორჯერ აჭარბებს; უყვარს ჭამა, ძილი და თამაში, განსაკუთრებით მანქანებით. ესე იგი, მე დამემსგავსა.

ლალის მეუღლეს ბიძიას არ ვეძახი; თვითონ მთხოვა სახელი დამიძახეო. მან ძალიან თბილი და ალერსიანი საუბარი იცის, მაგრამ ლალის ისე უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული, თითქოს არც აინტერესებს რას აკეთებს თავის ოთახში გამოკეტილი. კიოს მუდამ ბევრი ფული ჰქონდა, ოღონდ, რატომღაც, ეს ყოველთვის მის ცოლ-შვილს ეტყობოდა, თვითონ კი არა; თუმცა, ერთ-ერთი საუკეთესო და ახალი მანქანა, “კადილაკის” ჯიპი _ ესკალეიდი, ჰყავს. ძველმოდური და უგემოვნოდ შერჩეული ტანსაცმელი რომ აცვია, მაინცდამაინც არ ენაღვლება…

   მოსაღამოვდა. ლალიმ ოთახის კარი შემოაღო:

   _ აბა წამოდით, შემოგვიერთდით, სეპარატიზმს ნუ ექნება ადგილი, სუფრა მზადაა _ გაგვეხუმრა და სწრაფად გაბრუნდა.

   _ შენ წადი, მეც მალე მოვალ _ მითხრა კიომ.

ოთახიდან გამოვედი.

   _ ვაა, ვის ვხედავთ! _ შესძახეს ჩემმა ბიძაშვილებმა(დედაჩემს ძმებიც ჰყავს) და შუაში ჩამისვეს.

 ჭამა-სმას და გიტარის თანხლებით სიმღერებს, როგორც ხდება ხოლმე, პოლიტიკაზე კამათი ერთვოდა თან. ვმხიარულობდით…

    დედა, მედიკო, ლალი და ეკა ლოჯიაში გავიდნენ, სავარძლებში მოკალათდნენ და წინ ყავის ჭიქები დაიდგეს, ეკამ სიგარეტიც გააბოლა და გაცხარებული ჭორაობა გააჩაღეს. ეკა ყველაზე უმცროსია მათ შორის. ნათესაობა ამ ოთხი ქალის გარეშე ალბათ დაიღუპებოდა. რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან, ესენი უერთმანეთოდ ჰაერის ჩასუნთქვასაც ვერ ახერხებენ. თუ რომელიმემ ოთახში ავეჯი გადააადგილა, ან თუნდაც ჩანთა შეიძინა, დანარჩენმა სამმა ზუსტად ერთი საათის შემდეგ იცის ამის შესახებ; არაფერს ვამბობ, რომელიმე ჩვენთაგანის ავადმყოფობასა და გასაჭირზე. დაირაზმებიან და ვინ ექიმთან გარბის, ვინ აფთიაქში, ვინ სადილს ამზადებს…


*  *  *


     გავიდა ორი თვე. ლალის უზარმაზარ სამზარეულოში ვისხედით. მე ჩაის ვსვამდი და ნამცხვარს მივირთმევდი. დედა, მედიკო, ლალი და ეკა უნამცხვროდ შეექცეოდნენ ყავას: ზოგი დიეტას იცავდა, ზოგი სადიეტოდ რომ არ გახდომოდა საქმე იმაზე ზრუნავდა.

   _ ეს რა დღეში ჩამაგდო, რა დღეში ჩამაგდო! არც ბავშვების არ რცხვენია… ორი ამხელა ბიჭი ჰყავს _ თქვა ლალიმ, კოპებშეკრულმა ფანჯარას გახედა და თავის მუშტს ლოყა ჩამოაყრდნო.

   _ შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, ამის ღირსი იყავი? მაგისთანა მაიმუნს რომ გაგაყოლეთ, ახია ჩვენზე! _ აქოთქოთდა მედიკო და მსხვილფოჩიანი მოსასხამის ერთი ბოლო მხარზე შემოიგდო.

   _ სად გდია ნეტა ახლა ეს სილამაზის ეტალონი? _ იკითხა დედაჩემმა; უნდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად მისი მშვენიერი გარეგნობისა ყველაზე მწარე ენა, საჭიროების შემთხვევაში, სწორედ მას აქვს.

   _ ხომ იცი, ამ ასაკში როგორ იციან გადარევა, შარშანწინ ჩემი ძმაც ასე არ გაგიჟდა?! _ საცოდავი ჩემი რძალი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა ნერვიულობისგან _ გაიხსენა ეკამ.

   _ მერე? _ იკითხა მედიკომ.

   _ რა მერე _ აღარ გახსოვს რა აღმოჩნდა? ვიღაც გათახსირებულთან იყო წაბრძანებული და რომ მიხვდა სად ამოყო თავი ოჯახის ერთწლიანი ტანჯვა-წვალების შემდეგ დაბრუნდა შინ, მაგრამ ჩვენ ხომ კინაღამ შეგვიწირა?!     

   _ ჰოო, ეგ სულ აღარ მახსოვდა _ უპასუხა მედიკომ.

   _ როგორ წავიდა, რა წაიღო ლალი მაინც სახლიდან თუ გახსოვს? _ იკითხა ეკამ, სკამიდან წამოიწია და თავის დას მიაშტერდა.

   _ რა ვიცი, ერთი მოგრძო სპორტული ჩანთა ეჭირა, მეტი არაფერი _ უპასუხა ლალიმ და მხრები აიჩეჩა.

   _ გასვლისას არაფერი უთქვამს? _ იკითხა მედიკომ.

   _ შენ, შენ არ კითხე ქალო სად მიდიხარ ამ გუდა _ ნაბადითო?! _ დასვა რიტორიკული კითხვა დედაჩემმა.

   _ რა უნდა მეკითხა? ხომ იცი რა უცნაურია… ხან მთაში დაძვრება 4-5 დღე და სახლში არაფერს იბარებს, ხან სიკოსთან იკრიბებიან ბიჭები და გამთენიისას მოდის _ იმართლა ლალიმ თავი.

   _ ჰოდა, მიშვებული გყავდა გენაცვალე თავის ნებაზე; ზოგიერთი კაცი ცუდად იგებს ამ პატივისცემას! ისე, შენი ბრალიც არის, გყავდა უყურადღებოდ, ხანდახან ტკბილი სიტყვაც უნდა გეთქვა, რომც, არ გდომებოდა მაინც; რომ დაოჯახდები 10 წლის მერეც საჭიროა ეგ და 30 წლის მერეც! _ დაასკვნა ეკამ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გასათხოვარ-გაუთხოვარია _ მითუმეტეს, თვითონ ხომ იცით როგორ ეხერხება ეს ტკბილ-ტკბილი სიტყვები! _ გააგრძელა ისევ.

    _ ოჰ, ოჰ! _ ნუ გამახსენებ, გული მეგლიჯება _ თქვა ლალიმ ცრემლნარევი ხმით _ რომ მახსენდება… მერე ასეთ დროს რა გრძელი ენა აქვს…

    _ რა ვიცი, სხვა დროს კია მუნჯივით _ გაიოცა დედამ.

    ეკა სკამიდან წამოდგა, მაგიდა აალაგა, ჭიქები გარეცხა, კარადაში შეაწყო, ფორთოხლები დაჭრა და მერე ლამის შეჰკივლა:

    _ გადარევდა ახლა მაგას ვინმე ახალგაზრდა გოგო, თან ხომ იცით, დღევანდელი ახალგაზრდების ამბავი, თუ რამე უნდათ, უკან არაფერზე დაიხევენ.

    _ რა უნდა უნდოდეთ მაგ მახინჯისგან?! _ ისევ აღელდა დედაჩემი.

    _ ფული თეა, ფული _ ამოხსნა ამოცანა ეკამ _ ხომ იცი, ეგ ვინ არის? _ ქვაზე რომ დასვა, ცივ ქვაზე, იქაც ფულს იშოვნის.

    ცივსა და თბილ ქვას შორის ამ შემთხვევაში ნეტა რა განსხვავებას ხადავენ? _ გავიფიქრე მე და ხასიათი უფრო გამიფუჭდა.

    _ მეც ასე მგონია _ ფიქრი გამაწყვეტინა მედიკომ _ იქნება ახლა ვინმე უწესო, ახალგაზრდა ქალი გამოაშტერა ეს პატივცემული და დაათრევს თავის ჭკუაზე.

    _ შენი ჭკუა რომ არ გექნება, სხვა გათრევს თავის ჭკუაზე, აბა რა? _ თქვა გაცხარებულმა დადაჩემმა.

    _ ნამდვილად ასეა, მერე მაგნაირმა ქალებმა რა კარგად იციან კაცების გამოჭერა? _ ჩვენსავით კი არ არიან? რას არ ვაკეთებთ, აბა სადილი, აბა სარეცხი, აბა ბავშვების მოვლა… ეგეთი ქალები კი არაფერს არ აკეთებენ, იქით თხოულობენ ყველაფერს და იღებენ კიდეც რაც უნდათ! _ გამოაცხადა ლალიმ.

    _ არა, მაინც რა დაოსტატებულები არიან ეს პატარა გოგოები ასეთ საქმეებში, არაფრის არ რცხვენიათ, არაფრის; ეუბნება ახლა თბილ-თბილ სიტყვებს და ეს სულელიც ალბათ მეცხრე ცაზეა. ვაიი… ცოტა ხანში გამოსჭამს იმ ფულებს, მიაგდებს ამ ვაჟბატონს და მერე მოაგონდება ეს კარგი ცოლ-შვილი _ არ ცხრებოდა მედიკო.

_ არც რომ არავინ არ იცის მაგის ამბავი?! მის მეგობრებთან დავრეკე… მე შენ გეტყვი ვინმეს რამეს გააგებინებს _ გააგრძელა ლალიმ _ ამისთანა ამბავშია ახლა და ვინ გაახსენდება?! გადადიან ალბათ ყირაზე. თაფლობის თვე აქვთ, ქუჩაში რა უნდა? არა, ამაზე რომ ვფიქრობ, ჭკუიდან ვიშლები _ ხელებში ჩარგო თავი ლალიმ.

    _  ნეტა ლამაზი გოგოა? _ იკითხა ეკამ.

    _ გემოვნებას არ უჩივის, უფრო ახალგაზრდა, გამოუცდელი და ჯიბეგაფხეკილი რომ იყო, ამისთანა ცოლი მოიყვანა და სავსე ჯიბეებით ერთ კახპას ვეღარ შეაცდენს? _ გაიკვირვა დედამ.

    _ ლალი დეიდა, ძალიან გიყვარს? _ ჩემდა საუბედუროდ ვკითხე მე.

    _ უიმე! მიყვარს კი არა, სახლში რომ იყო არც მაშინ დამენახვებოდა და ახლა მძულს, როგორც გველი, ეგ ქვეშ-ქვეშა _ შემომხედა ლალიმ.

    ვერაფერი ვერ გავიგე… თუ ასე სძულს რაღად უნდა? _ გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ხმას რა ამომაღებინებდა.

    _ წარმოგიდგენია თეა? რამდენი ხნის რომანი აქვს, რომ სახლიდან გაიქცა, ხომ იცი, ამისთანა ცოლ _ შვილის და სახლ _ კარის დატოვება ასე ტყუილად არ ხდება? კი, მაგრამ შენ ეჭვი არაფერში შეგპარვია? იქნებ, ან იპრანჭებოდა ან სახლიდან ხშირად გადიოდა ან ვინმე ქალი  ურეკავდა?! _ ჩაეძია დედა.

    _ არა! სად მეცალა მაგის კონტროლისთვის? _ შეიცხადა ლალიმ.

    _ სხვების კონტროლისთვის ხომ გეცალა?! _ გაგიჟდა ეკა _ გოგო, ყველა მეზობლის სახლში იცი ვინ შედის და გადის და შენი საკუთარი ქმარი, როგორ წავიდა ისე სახლიდან, რომ ვისთან იძინებდა და იღვიძებდა ვერ გაიგე? გადავირევი პირდაპირ.   

    _ უნდა ვიპოვნოთ ის გოგო როგორმე, არ შეიძლება ასე ახალგაზრდას პატრონი არ ჰყავდეს. მივიდეთ, ჯერ ნორმალურად ველაპარაკოთ მშობლებს… _ დაიწყო დედამ.

    _ სად ჰყავთ მაგნაირებს პატრონი თეა! შენ ხომ არ გგონია, ჩვენ რომ დაგვყავს ეს შვილები უკან კუდივით გამობმული, ამისთანა დედები ჰყავთ? ან ვინ უჯერებს ახლა პატრონს? _ ჩაერია საუბარში მედიკო.

   _ არ ვიცი რა უნდა ვქნათ, მაგრამ რაღაცა რომ უნდა ვქნათ ეს ფაქტია! _ გამოაცხადა დედამჩემმა.

   ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ამ სისულელეების მოსმენაც აღარ შემეძლო და გადავწყვიტე როგორმე გავცლოდი აქაურობას.

   _ დედა, მე წავალ რა? _ ვთქვი და სკამის ზურგზე ჩამოკიდებულ ჩანთას წავავლე ხელი.

   _ სად წახვალ ხატია, მარტო? _ შეყარა წარბები დედამ _ მოგვაკითხავენ შვილო, ცოტაც მოიცადე.

   _ არა, მირჩევნია ტაქსით წავიდე _ ვთქვი კატეგორიული ხმით, მაგრამ ამათთან რა გამივიდოდა?!

   _ რატომ დეიდა, რატომ? ბავშვი ბებიამისთან არის, შენზე უკეთესად უვლის, ხვალ დედაშენი მოგაკითხავს და რა გადარდებს? _ მომიბრუნდა გაოცებული მედიკო.

   _ რა ვიცი… ცუდად ვარ _ ვიცრუე მე, მაგრამ უარესი დღე დამადგა.

   _ რას მეუბნები დეიდა?! _ შეჰკივლა მედიკომ. ისე, შენი ფერი არ მომწონს, ცუდად თუ ხარ, ახლა სახლში გაგიშვებთ კი არა, დედაშენთან უნდა წახვიდე.

   _ სიცხე უნდა გავუზომოთ _ წამოხტა სკამიდან ლალი; ეკა, მოუმზადე ბავშვს ცხელი ჩაი და ბუტერბროდები! მე “კოლდრექსს” დავალევინებ _ გასცა ბრძანება ლალიმ და სამზარეულოდან გავიდა…

    სიცხე არ აღმომაჩნდა, როგორც იქნა ეს კოშმარი დამთავრდა და მეორე დღეს დედას  ყველაფერი ვუამბე.

              

*  *  *


შინ ვიყავი და სახლს ვალაგებდი. ზარი დაირეკა. დიდი, რკინის კარი გამოვაღე და კარს უკან, სათამაშო ვეფხვით ხელში, დედა გამოჩნდა. მის სწორ ფეხებს ძალიან უხდებოდა მოკლე მწვანე ლაბადა.

     _ ჩემი მორიგეობის დრო დადგა _ გამიღიმა მაშინვე _ ნახე, რა მოვუტანე _ ზევით ასწია პარკში ჩასმული ფუმფულა სათამაშო, რომელიც ვეფხვის გარდა ყველაფერს ჰგავდა _ ენაცვალოს ბებო, სად არის? სანამ აქ მოვიდოდი მაღაზიაში შევირბინე, სადილიც გავაკეთე და სალონშიც ვიყავი. 

    დედა თან საუბრობდა, თან სწრაფად დაკეტა კარი, ლაბადა გაიხადა, სათამაშო მე მომაჩეჩა, ოთახში შემოვიდა, წამში სამზარეულოში აღმოჩნდა და მოგრძო პრიალა ჩანთიდან პარკში გახვეული ქვაბი ამოიღო, რასაკვირველია, გამზადებული სადილით სავსე.

დედა ყოველთვის ყველაფერს ასწრებს და ყველაფერი აინტერესებს საკუთარი პროფესიის გარდა. სამაგიეროდ, მე ვერ ვასწრებ ვერაფერს და არც არაფერი მაინტერესებს საკუთარი პროფესიის და სპორტის გარდა.

     _ კი, მაგრამ ბავშვი სად არის? _ გამიმეორა ოთახში შემობრუნებულმა და თან თვალებით ეძებდა პატარას.

     _ სძინავს, ნახევარ საათში გაიღვიძებს _ ვუთხარი და სავარძელზე ისე დავეშვი, თითქოს დილიდან ყანას ვთოხნიდი.

     _ სად არის ჩემი ჩუსტები აქ რომ დავტოვე? _ იკითხა დედამ _ არ მინდა ხალიჩებზე ფეხსაცმელებით სიარული, ისევ ჩემი გასაწმენდი გახდება _ მოისაწყლა თავი; მერე ჩუსტებით ისევ ოთახში შემობრუნდა და ისიც სავარძელზე ჩამოჯდა.

     _ რომ შევიხედო საძინებელში ბავშვს ხომ არ გავაღვიძებ? _ მკითხა და შემომხედა.

     _ დედა, რაღაცა მიჭირს და უნდა გითხრა, ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი როგორ დავიწყო _ ამიკანკალდა ხმა.

     _ რა მოხდა შვილო? არ გამაგიჟო, დროზე მითხარი _ მუდარაშერეული ხმით  მკითხა და სავარძლიდან წამოიწია.

     _ ლალის ქმარზე მინდოდა მეთქვა _ დავიწყე მე.

     _ ვისზე? _ დაიბნა დედა.

     _ შენი დეიდაშვილის ქმარზე _ გავიმეორე ჩუმად.

     _ ჰო, რა იყო, რამე გაიგე? _ მკითხა ისევ.

     _ კი არ გავიგე, ვიცი _ ვთქვი და ხმადაბლა გავაგრძელე _ თქვენ გუშინ რომ შეიკრიბეთ ლალისთან და ლაპარაკობდით მე თან ვნერვიულობდი, თან მეცინებოდა თქვენს სულელურ ნაფიქრალზე, თან არ ვიცოდი რა მექნა.. ყველაფერი დაწვრილებით ვიცი.

     _ მომიყევი რა იცი, ნუ  გადამრიე! _ თითქმის შეჰკივლა დედამ.

     _ ეგ კაცი, სახლიდან კი წავიდა, მაგრამ არავისთან  ერთად არ ცხოვრობს, თავისთვის არის ნაქირავებ ბინაში; მე მითხრა ჩემთვის ვცხოვრობ, იმდენად დიდია ჩემი სიყვარული, საკუთარი ცოლის დანახვა არ შემიძლია, მარტო ყოფნა მსიამოვნებსო. მგონი სახლის ყიდვასაც აპირებს. ის კი ზუსტად ვიცი, რომ არავისთან არ არის _ ვუთხარი დედას.

     _ შენ საიდან იცი, ხატია?! _ გაუკვირდა დედას.

     _ ჩვენ ხომ ვმეგობრობდით? _ ვთქვი მე.

     _ კი, მეგობრობდით შვილო, მაგრამ ახლა იმას საკუთარი ცოლ-შვილი აღარ ახსოვს და შენ ემახსოვრები?!   

     _ დედა, თავის სახლში რომ იყო კიო და ლალი მირეკავდა, ყოველთვის გამოართმევდა ხოლმე ყურმილს და დიდხანს მესაუბრებოდა, მეც მეგონა საუკეთესო მეგობარი მყავდა… ერთხელ, შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა, სამსახურიდან გამოვდიოდი. დამიძახა და მანქანაში ჩამისვა. იმ დღეს, საპროექტოში ნერვები ამიშალეს, თითქმის ვტიროდი. ჩემი პროექტი ყველაზე უკეთესი იყო, მაგრამ არ იმჩნევდნენ… ყველაფერი მოვუყევი. გაეცინა.

    _ კი, მაგრამ არ იცი, რომ ეს ბუნებრივი ამბავია? _ მითხრა თბილი ღიმილით _ თუ სხვების პროექტს შენი სჯობს, რა თქმა უნდა არავის არ გაუხარდება; ასეთია, ხატია, ხალხი, თუ ამას ვერ შეეგუები, მაშინ როგორ გააგრძელებ შენს საქმეს?! მე ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გამოვცადე. მერე ჩემს წამოწყებას ზურგი შევაქციე და ფულის შოვნას მივყავი ხელი; მომერიენ, მტრობას და ბოროტებას გავექეცი, მაგრამ შენ ვერ მოგერევიან, იცოდე!

   _ რატომ? _ ვიკითხე მე.

   _ იმიტომ, რომ შენ შენი საქმე ძალიან გიყვარს, არ თმობ, მე კი დავთმე. ჰოდა, ვისაც და რასაც დათმობ, ისიც დაგთმობს, აბა? _ გაიღიმა და გააგრძელა _ სამაგიეროდ, სიყვარული არ დამითმია არასდროს, სიყვარულისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ძალიან ადრე მივხვდი, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რისი დათმობაც არაფრით არ შეიძლებოდა.

    _ ორივე რომ გქონდეს არ შეიძლება? _ ბრიყვივით ვიკითხე მე.

    _ კი, როგორ არა, აი, შენ ჩემზე კარგი ხარ და ორივე გექნება.

    _ რომ მიჭირს? _ ვკითხე ისევ.

    _ როგორ თუ გიჭირს, მე მაგათ ვუჩვენებ სეირს _ გაეცინა და როგორც იცოდა ცხვირზე ჩამომკრა ხელი. Gჯერ ერთი, შენ კი არა, მაგათ უჭირთ და თანაც ძალიან. ბოროტ კაცს თავისი ბოროტება ამოხუთავს, ამგვარი მაგალითები მინახავს _ თქვა შედარებით უფრო სერიოზული სახით.

    _ საინტერესოა, დავაკვირდები ცხოვრებას, იქნებ მეც ვნახო დამარცხებული ბოროტება _ ვინატრე რატომღაც.

    _ ხატია, ამაზე ფიქრებს სჯობს ჩვენი პატარა საიდუმლო გავიხსენოთ და ჩოგბურთის კორტებზე შევიაროთ, არ გინდა? _ შემომთავაზა კიომ _ ეჰ, ჩემს შვილებსაც ვატარებდი ერთ დროს იქ, მაგრამ რად გინდა?! ვერ შეიყვარეს სპორტი ჩემსავით, რაღაცნაირად, მოდუნებულები არიან; თორემ რა უნდა მამასთან ერთად კვირაში ერთხელ ჰაერზე ვარჯიშს, შენ კი არ გგვანან?

   _ როდის წავიდეთ? _ გავხალისდი მე.

   _ აი, დღეს პარასკევია, ზეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ. იცი, ხატია, ვარჯიში როგორ შველის ცუდ ხასიათს? _ მკითხა მან.

   მე თავი დავუქნიე და სარკეში ჩავიხედე.

   _ შენ სარკე რად გინდა? ისედაც ლამაზი ხარ _ მითხრა კიომ.


*  *  *


ჩოგბურთის კორტებიდან მართლაც გახალისებული ვბრუნდებოდი. ერთ დღეს ფეხით გამოვყევით ქუჩას. მე ჩემი საპროექტოს უფროსზე ვბრაზობდი: არავის არაფრად გვაგდებსთქო.

   _ მერე?! შენ ხომ იცი, თვითონ იქნება არარაობა და იმიტომ _ დაუსვა დიაგნოზი მშვიდად.

   _ რა ვიცი? _ ვთქვი დაღონებულმა.

   _ ანტონიო გაუდი ხომ იცი?

   _ კი _ გამეღიმა მე.

   _ შენს უფროსზე ფიქრს არ ჯობია იმაზე იფიქრო? _ მკითხა კიომ.

   _ ჰო, დიდი მოვლენა იყო არქიტექტურაში _ ვუპასუხე მე.

   _ თან რა დროს, ხატია. ამ დროს ცხოვრობდნენ დომენიკ ი მინტენერი, პიუჯი კადაფალკი… მაგრამ ესენი ევროპულ მოდერნს მიჰყვებიან, გაუდი კი სულ სხვაა _ თქვა რაღაცნაირი მეოცნებე სახით _ ის მხოლოდ საკუთარ ტექნიკურ მიღწევებს ეყრდნობა, არ იცის ამ დროს რა ხდება ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ბელგიაში… ამიტომ, და კიდევ ერთი დიდი რამის გამოც, მისი არაჩვეულებრივი ხელოვნება ორიგინალურია, არავისას არ ჰგავს _ თქვა სადღეგრძელოსავით.

   _ მხოლოდ საკუთარი შთაგონებით იკვებება, რამხელა ენერგია აქვს არა? _ დავეთანხმე მე.

   _ ჰო. მოკლედ, ბარსელონაში უნდა წახვიდე. აი, რა იქნება ძალიან სასიამოვნო. იქ ნახავ რას ნიშნავს არქიტექტორისთვის ბუნების სიყვარული.

   _ ბუნების?

   _ ჰო, აბა? მისი შთაგონების სათავე ბუნება იყო. მის შენობებს ეტყობა მცენარეთა და ცხოველთა ანარეკლები. შენ, შენ არ გინდა ახლა შუა ტყეში ამოჰყო თავი? _ მკითხა უცებ.

   _ რომც მინდოდეს… _ დავიწყე მე.

   _ შენ მითხარი გინდა თუ არა? აი, წარმოიდგინე გარშემო ხასხასა ფოთლები,  ცეცხლზე  შემწვარი მწვადები, გარშემო ჩიტების ჭიკჭიკი და მუსიკა.

   _ მუსიკა საიდან? _ ვკითხე კიოს.   

_ მუსიკა ჩემი მანქანის მაგნიტოფონიდან, ღორის ხორცი ბაზრიდან… ჰა, გადაწყვიტე და ერთ საათში იქ ვიქნებით _ მხარი წამკრა მეგობრულად.

   _ შეიძლება ლიაც წავიყვანოთ? _ ვკითხე მე.

   _ ლია ვინ არის? _ გაუკვირდა რატომღაც.

   _ ჩემი მეგობარია და ამ ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზეა _ ვუპასუხე მაშინვე.

   _ კი ბატონო, წავიყვანოთ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ შეგვინახავს საიდუმლოს; თორემ ხომ იცი, ჩვენების ხასიათი?! ყველაფრის ეშინიათ _ დაიზღვია თავი.

   _ ჰო, გვეტყვიან რამე რომ დამართოდა ამ უცხო ბავშვსო, არა? _ გამეცინა მე.

   ცოტა ხნის შემდეგ მე და ლია კოცონის გარშემო ვნებივრობდით. მანქანიდან მუსიკის ხმა ისმოდა. კიო მწვადებს წვავდა. ჩვენ ყველი და თონის პურები დავჭერით.  “ერთჯერად”, ქაღალდის თეფშებზე დავაწყვეთ და სასიამოვნო საღამო გავატარეთ.

    მე და კიო თითქმის ყოველ საღამოს ტელეფონით ვსაუბრობდით. ის ძალიან მიფრთხილდებოდა. ასეთი მეგობარი არასოდეს მყოლია და არც არავისთან მიგრძვნია თავი ასე მშვიდად. ხანდახან, კვირაობით, ქალაქ გარეთ გავდიოდით სასეირნოდ და ეკლესიებს ვათვალიერებდით. მერე შემოდგომამ სუსხი გვაგრძნობინა…

   _ დედა, ერთ დღეს დამირეკა და მთხოვა სამსახურთან დაგხვდებიო; მეც გამიხარდა. მოვიდა. სევდიანი ჩანდა. მანქანაში ჩავუჯექი და მივაშტერდი. ნერვიულობდა, ქურთუკის საყელოს აწვალებდა.

   _ მერე? _ ვეღარ ითმენდა დედა.

   მე ისევ გავჩუმდი და ყველაფერი თვალწინ დამიდგა: იმ დღეს კიო ჭარხალივით იყო გაწითლებული.

   _ ხატია, საუბედუროდ შემიყვარდი. ჩემი ცხოვრება საშინელ ტანჯვად იქცა. შენზე უკეთესი არავინ მეგულება ქვეყანაზე, სულ შენზე ვფიქრობ, ვერაფერს ვაკეთებ _ არ გამიბრაზდე რა? _ ისეთი მუდარით მთხოვა, ხმა ვერ ამოვიღე _ ვიცი რომ ძალიან მოულოდნელი და საძაგელიც კი შეიძლება გეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამის გამო მაინც შეიძლება ჩემი გამართლება _ გააგრძელა მან _ სიყვარულს ყველაფერი ეპატიება. გაიგე, თუ არ გეტყოდი ერთხელ მაინც სათქმელს, ჩემთვის ცხოვრება აუტანელი გახდებოდა. ხატია, შენ ჩემს გვერდზე კარგად გრძნობ თავს? _ მომიბრუნდა და დამაკვირდა.

   _ როგორ შეიძლება ამის გაფიქრება? _ ვთქვი ნერვიულობით ღონემიხდილმა.

   _ არ შეიძლება, მაგრამ თუ შენს გარდა არავინ მინდა, თუ ჭკუა დავკარგე, თუ გადავირიე და მაინც შენთან ერთად მინდა სადმე გადავიკარგო შორს, ამ ხალხისგან ძალიან შორს… არ გითხრა? მოგატყუო? უფრო ცუდი არ იქნება?! _ მითხრა უფრო გაბედული ხმით.

   ძალიან ღელავდა, მაგრამ მაინცდამაინც ვერ შევამჩნიე, რომ სინდისი ქენჯნიდა. გადაწყვეტილება მიეღო და სხვა რამისთვის სრულიად არ ეცალა. სიყვარულის გამო მართლა შეეძლო ყველაფერი დაევიწყებინა. მე მანქანიდან ჩამოვხტი და სირბილით წავედი ტაქსისკენ. ნერვიულობისაგან სულ გავიყინე, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. გული დიდხანს მტკიოდა, საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ხან მენატრებოდა მასთან საუბარი, ხან ძალიან მძულდა.

   _ ხატია, რა მოგივიდა? შემომხედე შვილო! _ მითხრა დედამ და თავზე დამადგა.

ფიქრებიდან გამოვერკვიე და ყველაფერი ვუამბე.

    დედა ერთ ადგილზე გაქვავდა და სახეზე ფერი შეეცვალა. მაზოხისტი არ ვარ და დაწვრილებით არ მოვიგონებ მის მდგომარეობას.

   _ იდიოტი, იდიოტი! შენ მოგიკვდეს დედა! _ შესძახა ბოლოს და სავარძელზე დაეშვა.

    _ კი მაგრამ, მერე აღარ გამოჩენილა? _ მკითხა ცოტა დაწყნარებულმა.

    _ კი, როგორ არა? _ შევხედე დედას _ დარეკა. მეხვეწებოდა, მემუდარებოდა, ბავშვიანად წაგიყვან და ცივ ნიავს არ მოგაკარებო. თან ამბობდა: რა მჭირს მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არც მინდა და არც შემიძლიაო.

    _ მერე, შენ რა უპასუხე? _ მკითხა დედამ.

    _ რას ვუპასუხებდი?! _ ხმას ავუწიე, შენც ხომ არ გაგიჟდი?! _ ვუყვირე დედაჩემს _ თავიდან მოვიშორე, მისი ხმის გაგონებაზე ტელეფონის ყურმილს უხმოდ ვკიდებდი. სამსახურშიც შვებულება გავაფორმე, აღარ დავდავარ და მიხვდა ალბათ. თუმცა, ეს ორი კვირაა აღარც გამოჩენილა. ეს არის და ეს _ ვუთხარი დედას და ამ გაუცნობიერებელი შიშისგან გავნთავისუფლდი.

 _ ღმერთო ნუ გადამრევ! მე ეგ ცოტა სერიოზული კაცი მეგონა. რა სისულელეებს ვფიქრობდით, მაგრამ ამ უმსგავსობას რა წარმომადგენინებდა?! _ ხმას აუწია დედამ.

   მე ვტიროდი, რაღაცნაირად მეცოდებოდა კიდეც კიო, ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა.

    _ შენ რა გატირებს? _ მკითხა დედამ.

    _ არ გაგიჟდება ლალი ამას რომ გაიგებს? _ ვთქვი, რაც იმ წუთას ნამდვილად მენაღვლებოდა.

    _ გაჩუმდი. ხმა არ ამოიღო. ამას ლალის როგორ ვეტყვი? იმ იდიოტმა თავისი საქმე როგორც უნდა ისე მოაგვაროს. ასეთი ბრიყვი როგორ ხარ შვილო? _ მომიბრუნდა დედა.

    _ შენ, შენ მიხვდებოდი? _ ვკითხე მე.

    _ ვერა, მაგრამ მე, შენგან განსხვავებით, დედა არ მიზრდიდა შვილს და არც აქეთ-იქით ბოდიალის დრო მქონდა! _ ხმას აუწია მან. იცოდე, ერთი სიტყვაც არ აღირსო. საერთოდ, გიკრძალავ კიოსთან საუბარს, გასაგებია? _ მითხრა დედაჩემმა ისეთი ტონით, რომ ნებისმიერი ჯარის გენერალს შეშურდებოდა. მას  ძალიან უყვარს დირექტივები.

   _ არც ველაპარაკები _ ვუთხარი გაბრაზებულმა, რას გადამეკიდეთ შენ და შენი ნათესავები, დამანებეთ რა თავი?! _ ამეშალა ნერვები.

                    

*  *  *


    ერთი წლის შემდეგ კიომ თავის სახლში დარეკა: ავად ვიყავი, ცუდი დიაგნოზი დამისვეს, რომ არ შემეწუხებინეთ, არ გამეწვალებინეთ, სამკურნალოდ წავედი(რომელი ქვეყანა თქვა აღარ მახსოვს), ხვალ  ჩამოვდივარ, თან რაზეც ვოცნებობდი ის მომყავსო. აეროპორტში დახვედრაც იუარა თურმე; ამიტომაც არ შეატყობინა ოჯახს რომელი ქალაქიდან მოფრინავდა.

    კიოს დანახვა საერთოდ არ მინდოდა. სხვადასხვა მიზეზის გამო მეწყინა მისი დაბრუნების ამბავი რომ შევიტყვე… ისიც კი არ ყოფილა, ვინც თვითონ უნდოდა რომ ყოფილიყო… დედაჩემის გარდა, მთელი ნათესაობა სიყვარულით ელოდებოდა. ჩვენი შინ დარჩენა არაბუნებრივი რომ არ ყოფილიყო, დედამ დიდი თხოვნა-მუდარით, თითქმის ძალით, მეც თან წამიყვანა.

   _ რა უცნაური კაცია, რა მორიდებული, ლალი, შენ მოსაკლავი ხარ… _ დაიწყო გრძელი მონოლოგი მედიკომ.

   _ ბავშვები როგორ ელოდებიან, მადლობა გვაქვს ყველას სათქმელი, რომ მამა გადაურჩათ _ გამოაცხადა ბიძაჩემმა.

   _ ლალი, მოსაღამოვდა, ახლა ალბათ მალე მოვა. შენ შეეგებე, პირველმა კარი შენ გაუღე _ დაარიგა და ეკამ.    

   შვიდ საათზე კიომ თავისი გასაღებით სახლის კარი გარედან გააღო.

   _ ახლოს არ მოხვიდეთ, ახლავე მივუჩენ ადგილს, _ დაიძახა შემოსვლისთანავე _ ნახეთ რა ჩამოვიყვანე? აქ ვერ იშოვი, ადრე თბილისის ზოოპარკთანაც მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ვერაფერი გამირკვიეს. ეს ამსტერდამის საშუალებით მოვიძიე, იშვიათობაა, ბევრი ფული კი დამიჯდა. იქ, საგურამოში, აგარაკზე მეყოლება _ თქვა და პანდას დახედა. საყვარელი, უზარმაზარი, ფუმფულა, შავ-თეთრი, სათამაშოსავით ლამაზი ცხოველი ტყავის სარტყელით ეჭირა.

    ლალიმ და ეკამ ერთმანეთს გადახედეს.

   _ რას დავეძებთ, რაკი დაბრუნდა _ გადაუჩურჩულა მედიკომ დედას.

   _ ვა, ხატია, შენც აქ ხარ? იცი, რომელია ამ ბამბუკის დათვის სამშობლო? _ მკითხა სასხვათაშორისოდ და არც გაჩერებულა თავისი ოთახისკენ ისე გასწია  ცხოველიანად.

   _ ჩინეთი! _ ვქვი თითქმის ჩურჩულით, მაინც არავის აინტერესებდა.

   _ მსოფლიოს კარგად მოედვნენ, არც აქ ვუჩუვით მაგათ ნაკლებობას და ახლა დათვიღა გვაკლდა ჩინური _ თქვა დედამ. თმა თავმომწონედ შეისწორა და მივხვდი, რომ ჩემს გამო, ცოცხლად შეჭამდა კიოს.

     _ აბა, გოგო? _ შარშანწინ, ჩვენს მეზობლად ბინა იქირავა ორმა წყვილმა და უკვე რვანი არიან _ კვერი დაუკრა მედიკომ.

    მე ავდექი და სახლში წამოვედი, ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს და არც არავისი “ნებართვა” არ მჭირდებოდა.

    ძლივს არ ვისწავლე, მარტივად, როგორ უნდა წახვიდე იმ ადგილიდან, სადაც არ გაინტერესებს ყოფნა?!


მოთხრობის მიხედვით შქმნილია რადიო პიესა “პანდა” – რეჟისორი ზ. კანდელაკი.


დაბ. ჟურნალებში “მნათობი” და “ჩვენი მწერლობა”