* * * (არც მებრალები, არც თავს ვიბრალებ)
არც მებრალები, არც თავს ვიბრალებ,
როცა დარდიანს, მტირალს გიყურებ,
ცხოვრების სუსხი ყინულზე გვისვრის,
მერე გვირიგებს ხოლმე ციგურებს.
ზოგჯერ ხომ ამსხვრევს ალაგ და ალაგ,
მარტი ამ მიწას ჭრელი ყვავილით,
წითელ ფერს უფრო ადვილად ამჩნევ
მოლზე, ვიდრე სხვას, კახპა ქალივით.
ჩამომენაცრა ყველა სიმაღლე,
ხახმატის ჯვართან, ხატთნ ხახულის,
დროშის მაგივრად ფრიალებს ჭინჭი,
იღვრება ღვინო გადანახული.
`ღმერთო მილხინე ცოდვილსა~ ახლაც,
თუ ვნებით კიდევ გამაჟრიალა,
დამიმეგობრე სიცივის ნაცვლად,
ჭრელი ფოთლები შრიალ – შრიალა,
ნუ მიწყენ, ისევ ცალად დავდივარ,
მგელივით ხორცი მაინც მშიოდეს,
შენი მიწის ვარ, იცოდე, მუდამ,
სადმე სულიც რომ ამომდიოდეს.
უფალო, იქნებ მართლა მიშველო?!
შენდობა მაინც შენი ვალია…
მაკმარე, ვუძლებ `ძაღლების~ მწარე
ნაკბენებს უკვე კარგა ხანია.
ჩურჩულით გეტყვი მაინც რაღაცას,
გულს ნახანძრალი ისევ ატყვია,
შენ რომ მიმინოს მართვე მაჩუქე,
უკვე ნადირობს, განა ბარტყია?!
. . .
ფუტკარს ვაჭამე ნუგბარი,
ვაზი ავუშვი ჭიგოზე,
მიბოძე, ჩემო ბატონო!
რაც მე დავთესე, მიბოძე.
2007 წ.
დაბ. წიგნში “მზე დაღრუბელი” გამომცემლობა “ბაკმი” 2009 წ.