ვეღარ მოგიშვებ ჩემს ოცნებებთან,
ვერ მოგიყვები რატომ ავტირდი,
ვით წყაროს პირთან, მოგონებებთან,
გადარეული ვდგავარ მარტივით.
ჭინკებმა სული აიკლეს თითქოს
და საქართველო კორტნეს და კორტნეს,
ვინც ფიქრობს, თუმცა ნეტა ვინ ფიქრობს,
რას ეტყვის დავითს, რას ეტყვის ცოტნეს?
იღვრება ცრემლი, ფითრდება დილა,
ბოღმამ აავსო გული `ხმაურით~,
ჩემო ქვეყანავ, სარკე ვარ შენი,
მაგ ტკივილის და აურზაურის!
მნათობმა დაჰკრა სხივი ალიონს,
მოაჭახჭახებს კენჭებს ყვირილა,
მთამ გააყოლა ნისლი ყალიონს,
იჭყიტებოდა წყალში გვირილა.
როგორ არ გესმის, შენ კი მიყვარდი,
მერე ყოველი დილა ბინდდება,
მაგრამ ამ ზეცას თუ წამართმევენ,
სიცოცხლე სულაც არ მომინდება.
ვეღარ მოგიშვებ ჩემს ოცნებებთან,
ვერ მოგიყვები, რატომ ავტირდი,
ვით წყაროს პირთან, მოგონებებთან,
გადარეული ვდგავარ მარტივით.
2000
გამოქვეყნდა ჟურნალში `მნათობი~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~